#მოგზაურობა

დაუვიწყარი დასვენებისთვის გიამბობთ, თუ რატომ უნდა ეწვიო წალკის კანიონს

გაზიარება:

წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, ქალაქის ხმაურისგან გაქცევა და რუტინული ქაოსისგან მოშორებით, სულ მცირე ორი დღის გატარება ის სიამოვნებაა, რომლის გამოც უქმეების დადგომას ასე მოუთმენლად ველოდებით ხოლმე. შაბათ-კვირის გასვლითი ტურის ლოკაციის შერჩევისას, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა უპირველესი მაინც ტერიტორიული სიახლოვეა. გასულ უქმეებზე The Diary-ის რედაქციამ არჩევანი თბილისიდან სულ რაღაც 90 წუთის გზაზე მდებარე წალკის კანიონზე შეაჩერა. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ და ულამაზესი ხედებით გამორჩეულ ბუნების ძეგლს, უამრავ სხვა უპირატესობასთან ერთად, სწორედ დედაქალაქთან სიახლოვე გამოარჩევს. 

სანამ უშუალოდ უპირატესობებზე დავიწყებდეთ საუბარს, გეტყვით რომ  ქართული ეკოტურიზმის განვითარებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა/შენარჩუნების მიზნით, წალკის კანიონში, პროექტმა KASS LAND-მა სამშენებლო სამუშაოები სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2022 წლის ივლისში კი საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, სავიზიტო ბარათად ქცეული 240 მეტრიანი ბრილიანტის ხიდის თანხლებით, საზეიმოდ გაიხსნა.

გამაოგნებელი ბუნების, ლანდშაფტისა და ინფრასტრუქტურის ჰარმონიული სინთეზის წყალობით, გახსნიდან 1 წლის თავზე, წალკის კანიონი ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ლოკაციად იქცა და ჩვენც სიამოვნებით გიამბობთ იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ უნდა გაატაროთ შემოდგომის იდეალური უქმეები წალკის კანიონზე.

მოკლე, გრძელვადიანი სტუმრობისთვის წალკის კანიონიდან სულ რაღაც 50 მეტრში, დამსვენებელს წიწვოვანი ტყის პირას განლაგებული, სასტუმროს ტიპის ვილჰაუსები ხვდება, რომლებიც ულამაზესი ხედებითა და მაღალი სტანდარტის მომსახურებით, კომფორტული დასვენებისთვის ნამდვილი გარანტია. ვილჰაუსში განთავსებისთანავე, ჩვენთვის პირველი გაჩერება ბრილიანტის ხიდი აღმოჩნდა, რომელმაც მცირე ადრენალინის შეგრძნებითა და დამატყვევებელი, 360 გრადუსიანი ხედებით, ჩვენი მოჯადოება ნახვისთანავე მოახერხა. მეორე გაჩერება კი 240 მეტრიანი შუშის ხიდის შუაგულში, ბრილიანტის ფორმის რესტორანი „დაიმონდ 360“ გახლდათ, რომელიც მალე გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდება.

ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარში სასმლისა და ხემსის დაგემოვნება ის must have აქტივობაა, რომლის გარეშეც წალკის კანიონის ვიზიტორებმა შუშის ხიდი არ უნდა დატოვონ.

ჩვენთვის შემდეგი გაჩერება ჩანჩქერი აღმოჩნდა, რომელთან მისასვლელი გზაც, ბავშვის თანხლებითაც კი მარტივი გასავლელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასვენება უკვე უნიკალურ ელფერს იძენდა, კანიონის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების ვარდნამ მას ტროპიკული ფერებიც შემატა.

ექსტრემალური დასვენების მოყვარულთათვის კი წალკის კანიონი ნამდვილი სამოთხეა. 240 მეტრიანი შუშის ხიდის გასწვრივ ცაში ველოსიპედით“ გავლა, თუ გიგანტური საქანელას მეშვეობით ვარდნა ის აქტივობებია, რომელსაც ამჯერად შორიდან დავაკვირდით და ეს თავგადასავალი შემდეგი ვიზიტისთვის მოვიტოვეთ. დიახ, წალკის კანიონის ვიზიტორთა შორის, მომავალშიც აუცილებლად ვიქნებით...

P.S. გაითვალისწინეთ, რომ წალკის კანიონში შესასვლელი ბილეთების შეძენა ონლაინ biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.

ზევით