#დეკორი

5 ყველაზე მომხიბვლელი ფერი სახლის დეკორისთვის შემოდგომის სეზონზე

გაზიარება:

ამინდის ცვლილებასთან, შემოპარულ სუსხთან და სიცივესთან ერთად შემოდგომის დადგომა ჩვენ გარშემო უფრო და უფრო იგრძნობა, სეზონის მკვეთრი ცვლილება კი მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - ცვლილებებს ცხოვრებაში. რას ვაკეთებთ, როდესაც ცვლილება გარდაუვალია? - სახლის ინტერიერში ვაფათურებთ ხელებს და ვცდილობთ ჩვენი განწყობა და ემოციები დეკორის დამატებით, კედლების შეღებვითა თუ ახალი შტრიხების შეტანით გადმოვცეთ და ეს ბუნებრივიცაა. დღეს, გაგიზიარებთ 5 მთავარ ფერს, რომელიც შემოდგომას განსაკუთრებულად უხდება.

თბილი თიხისფერი

შემოდგომის კლასიკური ფერი, თბილი თიხისფერი სტაფილოსფერისა და ყავისფრის იდეალური გარდამავალი ტონია, რომელიც უბრალოდ ამ სეზონისთვისაა შექმნილი. მისი მიწიერი ელფერი სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას აღგვიძრავს, ნარინჯისფერი ტონები კი განსაკუთრებული სიმყუდროვის და კომფორტის შეგრძნებას გვიჩენს. თბილი თიხისფერი ნივთის შემოტანა სახლის დეკორში იდეალური გადაწყვეტილებაა, იქნება ეს საძიებელი, მისაღები თუ სამზარეულო, ამ ფერის დახმარებით სახლს პოზიტივს შემატებთ.

ქლიავისფერი

იასამნისფრის ეს ღრმა და მეწამული ტონი ნებისმიერ ოთახში მდიდრული დეკორის ფუნქციას შეითავსებს, ის არავითარ შემთხვევაში არ დარჩება შეუმჩნეველი. ერთი მხრივ ქლიავისფერი ინტროსპექციას წარმოადგენს ნათლად, მეორე მხრივ კი სულიერ მხარეს, ბევრისთვის ეს ფერი ადამიანის მესამე თვალთან ასოცირდება, რომელიც ჩვენში ინტუიციას აღვივებს. ეს ფერი იდეალურია სახლის ყველა კუთხეში, რომლის ემოციური დატვირთვა გსურთ.

ზურმუხტისფერი

სამკაულების რჩეული ფერი - ზურმუხტისფერი თქვენს სახლში ბუნების ფერებს შემოიტანს, მწვანის ეს ტონალობა დამამშვიდებელი ელფერითაც გამოირჩევა. როდესაც ირგვლივ ყველაფერი იცვლება და ფოთოლცვენა უბრალოდ გარდაუვალია, სახლში ამ ელეგანტური ფერის გამოჩენით, თან სიმშვიდეს და დაცულობის განცდას შეიტანთ.

კადმიუმის ყვითელი

ნათელი, მზიანი ტონალობა თან სიხარულსა და ბედნიერებას დაატარებს. ყველაფერი, რაც ასე ძალიან გვაკლია გარეთ შეგვიძლია საკუთარ სახლში შემოვიტანოთ, ჩვენს ინტერიერში ხელოვნურად გავაჩინოთ მზის სხივების ნათება და მისი კაშკაში. კადმიუმის ყვითელ ტონალობას განსაკუთრებულს მისი თავდაჯერებული ელფერი ხდის, ის ერთდროულად აღმაფრთოვანებელი და მსუბუქია.

მოიისფრო-ვარდისფერი

დღესდღეობით, იისფერისა და ვარდისფრის ეს ტანდემი ინტერიერის დიზაინში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და რასაკვირველია იმ ენერგიის გამო, რომელსაც ეს ტონი ასე ხმამაღლა ასხივებს. მოიისფრო-ვერდისფერი იდეალური ტონალობაა საძინებლისთვის და სამზარეულოსთვის.

ზევით