$25 მილიონიანი სარჩელი და დიდი სკანდალი BALENCIAGA-ს სარეკლამო კამპანიების გარშემო

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფრანგული მოდის სახლი Balenciaga კრიტიკის ქარ-ცეცხლშია მოყოლილი. თითქოს ერთი სახალხო ბოდიში დასრულებული არ ჰქონდა Balenciaga-ს წარმომადგენლობას, რომ ახალმა სკანდალმა იჩინა თავი. საქმე მოდის სახლის ახალ სარეკლამო კამპანიებს: სადღესასწაულო Toy Stories და Adidas-თან კოლაბორაციით გამოშვებულ კამპანიას უკავშირდება.

ყველაფერი სადღესასწაულო კამპანიით დაიწყო, Toy Stories-ის ფოტოები National Geographic-ის ფოტოგრაფს გაბრიელ გალიმბერტის ეკუთვნის. სურათებზე მცირეწლოვანი ბავშვები სათამაშოების გარემოცვაში არიან აღბეჭდილი. ერთი შეხედვით, ეს კამპანია ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ, ამავე თემატიკის სხვა ნამუშევრებს მოგვაგონებს, მაგრამ ამჯერად რაღაც რიგზე ვერ არის და ეს რაღაც - ბავშვებთან ერთად გამოყენებული ატრიბუტიკაა.

ალკოჰოლური სასმლის ჭიქები, S&M-ის სტილის აღკაზმულობაში გამოწყობილი დათვის ჩანთები და სხვა აქსესუარები რომლებიც მონობის ფეტიშთან არის დაკავშირებული, ბავშვების გარემოცვაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მოდის სახლის მიმართ კრიტიკამაც არ დააყოვნა. ადამიანები Balenciagas-ს არარელევანტური კონტენტისთვის და ბავშვების „ზედმეტად სექსუალურად“ წარმოჩენაში სდებდნენ ბრალს. მალევე, Twitter-ზე ცნობილი იუთუბერის ჯუნ ნიკოლ ლაპინის სარკასტული თვითიც გამოჩნდა, Balenciaga-მ კი ყველა ფოტო სოციალური არხებიდან სასწრაფოდ წაშალა და საბოდიშო წერილი გამოაქვეყნა:

„ჩვენ გულწრფელად ვიხდით ბოდიშს იმ ზიანის გამო, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი დათუნია სათამაშოები არასდროს არ უნდა გამოჩენილიყო ბავშვებთან ერთად. ჩვენს დაუყოვნებლივ წავშალეთ კამპანიის ფოტოები ჩვენი პლატფორმებიდან“ - ეწერა Balenciaga-ს წერილში.

საჯარო განცხადება გამოაქვეყნა კამპანიის ფოტოგრაფმა გაბრიელ გალიმბერტიმაც: „მე არ ვარ უფლებამოსილი Balenciaga-ს არჩევანზე გავაკეთო კომენტარი, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე არ მქონდა არანაირი უფლება ამერჩია ატრიბუტები, მოდელები თუ კომბინაციები.როგორც ფოტოგრაფს, მხოლოდ და მხოლოდ მთხოვეს მოცემული სცენის განათება და კადრების გადაღება ჩემი ხელწერის სტილის მიხედვით“.

ფრანგული მოდის სახლის მიმართ კრიტიკა ჯერ კიდევ მძვინვარებდა, როდესაც სკანდალში Balenciaga-ს კიდევ ერთი კამპანია გაეხვა. Balenciaga x adidas-ის კოლაბორაციის ერთ-ერთ ფოტოზე მიახლოებით, რომლის ფოკუსშიც ხელჩანთა იყო, ფონზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღმოჩნდა, სასამართლომ ბავშვთა პორნოგრაფიის ამკრძალავ წესდებას დაუჭირა მხარი. Balenciaga-ს საბოდიშო წერილმა არც ამჯერად დააყოვნა, თუმცა მოდის სახლს უკვე ბავშვთა უფლებების სერიოზულ დარღვევასა და პორნოგრაფიის ირიბ პოპულარიზებაში სდებდნენ ბრალს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა მოდის სახლის ამბასადორების, განსაკუთრებით კი კიმ კარდაშიანის მიმართ, რომელმაც სკანდალზე განცხადება მხოლოდ გუშინ გააკეთა. კიმმა აღნიშნა, რომ მისი დუმილი ზიზღის ან აღშფოთების ნაცვლად Balenciaga-ს გუნდთან იმ დეტალების გარკვევით აიხსნებოდა, რომელმაც ბრენდი ამ შედეგამდე მიიყვანეს.

კიმ კარდაშიანმა Balenciaga ბოდიშის მოხდისთვის და სხვა საჭირო ზომების მიღებისთვისაც შეაქო, მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს, მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება, მანამდე კი თავად მოდის სახლთან ურთიერთობის „გადაფასების“ პროცესში იმყოფება.

მიმდინარე ამბების ფონზე, მოდის სახლმა, 25 ნოემბერს, ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში $25 მილიონიანი სარჩელი საპროდიუსერო კომპანია North Six, Inc-ისა და მისი აგენტის - დეკორაციის დიზაინერის წინააღმდეგ შეიტანა. Balenciaga-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ North Six, Inc-მა და მისმა წარმომადგენელმა უნებართვოდ შეიტანეს ცვლილებები გადაღების პროცესში და პასუხი უნდა აგონ ნებსით თუ უნებლიეთ მიყენებულ ზიანზე.

ზევით