დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის სიცილიური ქორწილი პალერმოში დაიწყო
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.
1901 წლიდან დღემდე ნობელის პრემია სულ 990 ინდივიდს გადაეცა, მათ შორის მხოლოდ 67 ქალია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა თუ მშვიდობის დარგში გაცემული ჯილდოების მიხედვით გენდერული სხვაობა ნელ-ნელა მცირდება, დისბალანსი მაინც თვალსაჩინოა. მანამ, სანამ ქალების წარმატება ნებისმიერ სფეროში კანონზომიერებად იქცევა და არა გამონაკლისად, ჩვენი ვალია, მუდმივად ვისაუბროთ იმ ქალების მიღწევებზე, რომელთა შრომამაც კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა.
მეი-ბრიტ მოსერი
მეი-ბრიტ მოსერი ნორვეგიის პატარა ფერმაში გაიზარდა. დედა, რომელმაც თავად ვერ შეძლო სამედიცინო განათლების მიღება, შვილს მუდმივად შთააგონებდა, რომ სწავლა დიასახლისის ცხოვრებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა იყო. სწორედ ამ შთაგონებამ ჩამოუყალიბა მეი-ბრიტს რწმენა, რომ მას ყველაფრის მიღწევა შეეძლო.
ნობელის ლაურეატმა ოსლოს უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო ედუარდ მოსერი, რომელთან ერთადაც ნეირომეცნიერების შესწავლა დაიწყო. ორივე მათგანს ტვინის საიდუმლოების ამოხსნის სურვილი ამოძრავებდა. მუშაობის პარალელურად მეი-ბრიტს ორი შვილი შეეძინა, თუმცა დედობა და მეცნიერება ერთმანეთისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არასოდეს ყოფილა. მას შვილები სამეცნიერო შეხვედრებზე დაჰყავდა, ლაბორატორიის თაგვები პატარა გოგონების შინაურ ცხოველებად იქცნენ, მშობლები კი რევოლუციურ კვლევებზე მუშაობას აგრძელებდნენ.

ათწლეულების მანძილზე დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. მეი-ბრიტ მოსერმა აღმოაჩინა ტვინის შიდა ნავიგაციის სისტემა, ე.წ. „ბადისებრი უჯრედები“. კოლეგებთან ერთად მეცნიერმა დაამტკიცა, რომ გარკვეული ნერვული უჯრედები კოორდინატთა სისტემას ქმნიან, რაც სივრცეში ორიენტაციასა და ნავიგაციაში გვეხმარება.
ტავაკოლ კარმანი
უნდა იყო ძლიერი და გჯეროდეს საკუთარი თავის. მხოლოდ ასე შეძლებ ახალი ქვეყნის აშენებას და ოცნებების რეალობად ქცევას.
ეს სიტყვები იემენელ ჟურნალისტს, ტავაკოლ კარმანს ეკუთვნის, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის მფლობელი პირველი არაბი ქალია. „არაბული გაზაფხულის“ დროს ის დიქტატურის წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „რკინის ქალსა“ და „რევოლუციის დედას“. 2005 წელს ტავაკოლმა დააარსა მოძრაობა „ქალი ჟურნალისტები მარწუხების გარეშე“ (WJWC), რომლის მიზანიც მედიის თავისუფლების დაცვა და ჟურნალისტებისთვის იმ უნარების სწავლება იყო, რომლებიც მათ სისტემური კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მხილებაში დაეხმარებოდა.

2007 წლიდან კარმანმა იემენის დედაქალაქ სანაში ყოველკვირეული საპროტესტო აქციების ორგანიზება დაიწყო. ის რეპრესიების დასრულებას და სოციალური სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. ეს პროტესტი 2011 წლამდე გაგრძელდა, სანამ „არაბული გაზაფხულის“ ტალღამ მთელი რეგიონი არ მოიცვა. ტავაკოლმა იემენის ხმა გაეროს შტაბ-ბინამდეც კი მიიტანა, სადაც პირადად შეხვდა გენერალურ მდივანს და მსოფლიოს ყურადღება თავისი ქვეყნის პრობლემებზე გადაიტანა. ის არაერთხელ დაუპატიმრებიათ, თუმცა ამას იგი არ შეუჩერებია. დღესაც, აღიარებისა და პრესტიჟული ჯილდოების მიუხედავად, ტავაკოლ კარმანი ხშირად ატარებს დროს ქალაქის მოედანზე გაშლილ კარავში – იქ, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.
ადა იონათი
ადა იონათმა ბავშვობაში საკუთარ თავს შეუძლებელი მიზნები დაუსახა და ამ მიზნებისკენ მიმავალ გზას გაუდგა. 85 წლის იონათი ებრაელი მეცნიერია, რომელმაც რიბოსომების სტრუქტურა გაშიფრა. ეს აღმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ახალი თაობის ანტიბიოტიკების შესაქმნელად.

ადა იონათმა ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. 11 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის დასახმარებლად მასწავლებლად მუშაობდა და ბინებს ალაგებდა, ხოლო სწავლის საფასურის გადასახდელად ქიმიის ლაბორატორიაში დამლაგებლობასაც ითავსებდა. აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ადა 1970-იანი წლებიდან შეუდგა. სამეცნიერო წრეებში თავისი იდეების გამო მას მეოცნებედ აღიქვამდნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისგან დაცინვის მეტს არაფერს ვიღებდი. მახასიათებდნენ როგორც მეოცნებეს, სოფლის იდიოტსაც კი მიწოდებდნენ. თუმცა მე ეს არ მაინტერესებდა. ჩემთვის მთავარი იყო მუშაობის გაგრძელების უფლება მოეცათ, – ადა იონათი.
მანამ, სანამ ადა იონათი ნობელის პრემიის საკადრის აღმოჩენამდე მივიდოდა, 25,000 წარუმატებელი ექსპერიმენტი ჩაატარა. იონათი იყო ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი, რომელმაც 2000 წელს რიბოსომის სამგანზომილებიანი სტრუქტურის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. 2009 წელს კი ადა გახდა პირველი ისრაელელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. მისმა მიღწევამ არა მხოლოდ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ანტიბიოტიკების წარმოებას, არამედ დაამტკიცა, რომ მეცნიერებაში ყველაზე დიდი აღმოჩენები ხშირად სწორედ „შეუძლებელი“ ოცნებებით იწყება.
მარია გეპერტ-მაიერი
თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ მეექვსე თაობის აკადემიკოსების ერთადერთ მემკვიდრეს, მარია გეპერტ-მაიერს უნივერსიტეტში უნდა ესწავლა.
მამაჩემი მეუბნებოდა: არ გაიზარდო მხოლოდ ქალად, ამაში კი ის დიასახლისს გულისხმობდა, – მარია გეპერტ-მაიერი.
თუმცა, 1900-იანი წლების დასაწყისში, გერმანიის ქალაქ გიოტინგენში, გოგონასთვის განათლების მიღება მარტივი სულაც არ იყო. სკოლა, რომელშიც მარია სწავლობდა, ისე დაიხურა, რომ გოგონამ დამამთავრებელ კლასში ვერ ისწავლა. თუმცა მაინც მოახერხა მისაღები გამოცდების ჩაბარება და 1924 წელს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამ დროს გერმანიაში ყოველი ათი სტუდენტიდან მხოლოდ ერთი იყო ქალი. მარიამ ფიზიკა და მათემატიკა ისწავლა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ფიზიკაზე შეაჩერა, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში მარია მეუღლის, ქიმიკოს ჯოზეფ მაიერის კვალდაკვალ მოგზაურობდა. ის მუშაობდა ჯონ ჰოპკინსის, კოლუმბიისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში, თუმცა მხოლოდ მკვლევრის ან მოხალისე ასისტენტის სტატუსით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცნობილი იყო თავისი გულმოდგინებითა და პროფესიონალიზმით, ნეპოტიზმის საწინააღმდეგო მკაცრი წესების გამო (რომელიც ცოლ-ქმრის ერთად მუშაობას კრძალავდა), არცერთ უნივერსიტეტს მისთვის ხელფასი არ გადაუხდია და არც სრული განაკვეთით დაუსაქმებია.
მხოლოდ 1960 წელს, სამეცნიერო კარიერის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ, კალიფორნიის უნივერსიტეტმა მარია სრულუფლებიან პროფესორად დაასაქმა. სამი წლის შემდეგ, 1963 წელს, მარია გოპერტ-მაიერმა ნობელის პრემია მიიღო ატომის ბირთვის გარსული მოდელის აღმოჩენისთვის. ეს იყო აღიარება, რომელიც მან ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი დაუღალავი და არაანაზღაურებადი შრომით მოიპოვა.
დორის ლესინგი
დორის ლესინგის შემოქმედება 50-ზე მეტ წიგნს მოიცავს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „ოქროს რვეული“ ქალის ფსიქიკის, პოლიტიკისა და სექსუალობის ღრმა ანალიზია. ლესინგის მწერლობის მასშტაბი დღემდე შეუფასებელია. იგი არასოდეს უფრთხოდა ტაბუდადებულ თემებს და თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე არაერთხელ გამხდარა სტერეოტიპების სამიზნე, რაზეც თავადვე საუბრობდა.

სხვადასხვა დროს სხვადასხვა იარლიყს მაკრავდნენ: ხან რასობრივ პრობლემებზე მწერალს მეძახდნენ, ხან კომუნიზმზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ფიგურას, ხან „ქალ მწერალს“ ან მისტიკოსს, – დორის ლესინგი
ალბათ, ახლა რომ ცოცხალი იყოს, ლესინგი იმასაც გააკრიტიკებდა, რომ ქალი ნობელიანტების შესახებ სტატიაში მოხვდა...
თუმცა, ნებისმიერი კატეგორიზაციის მცდელობა ლესინგის ფენომენთან მარცხდებოდა. ის ეძებდა წერის ისეთ გზას, რომელიც მის უსაზღვრო ფანტაზიას სრულ თავისუფლებას მისცემდა. მისი რომანები არის ჩანაწერები ადამიანის გონების შესახებ, რომელიც ყველაფერზე ფიქრობს და ყველაფერს იკვლევს.

დორის ლესინგისთვის ჯილდოებით აღიარება მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. როდესაც მან ნობელის პრემია მიიღო, მის სახლთა უამრავი ჟურნალისტი მივიდა ინტერვიუსთვის. კითხვაზე, ელოდა თუ არა ნობელის პრემიას, 89 წლის ლესინგმა დაუვიწყარი პასუხი გასცა.
„როგორ ფიქრობთ, მართლა შეიძლება ადამიანი წლიდან წლამდე იჯდეს და ფიქრობდეს: „ნეტა წელს მომცემენ ნობელს“? ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში სხვა რამეებიც ხდება. ხანდახან წარმოვიდგენ, როგორ იღებს კომისია ასეთ გადაწყვეტილებებს. მგონია, რომ სხდებიან, უყურებენ კანდიდატებს და ფიქრობენ: „აი, ეს ქალი უკვე ასაკშია, ასე რომ, ალბათ ჯობია წელს მას მივცეთ, რადგან შეიძლება მალე მოკვდეს და ვეღარ მოვასწროთ“. ეს ჯილდო ყველაზე გლამურულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის საუკეთესოა“.
უკეთესი ჯილდოებიც მომიგია. მაგალითად, ერთხელ ნორვეგიაში საუკეთესო რძისთვის ავიღე პრიზი, – დორის ლესინგი
სვეტლანა ალექსიევიჩი
სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი, მწერალი და აქტივისტია. ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსიევიჩის „დოკუმენტური რომანები“: „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“ საზარელი მოვლენების მოწმე ადამიანების მონათხრობია. ალექსიევიჩმა შეძლო, ადამიანებთან ინტერვიუებით აესახა ომის სისასტიკე, მოპარული ბავშვობა, რადიაციული დაბინძურება, სიღარიბე, ადამიანების გამძლეობისა და მოთმინების უნარი. მწერალმა შეაგროვა უნიკალური ამბები, რომლებიც დავიწყებისთვის იყო განწირული.

მალალა იუსაფზაი
მალალა იუსაფზაი ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტია. ის პაკისტანში, სვატის ხეობაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც თალიბანმა გოგონებს განათლების მიღება აუკრძალა, მალალამ BBC-ისთვის დღიურების წარმოება დაიწყო. 2012 წელს მას თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს, თუმცა გადარჩენილმა მალალამ ბრძოლა უფრო აქტიურად განაგრძო.

ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ კალამსა და ერთ წიგნს შეუძლია შეცვალოს სამყარო, – მალალა იუსაფზაი.