მოდის ინდუსტრიაში ანა ვინტურის შესახებ არაერთი ისტორია და დაუწერელი წესი არსებობს. წლების განმავლობაში პრესამ მას მკაცრი, დისტანციური და უკომპრომისო ქალის იმიჯი შეუქმნა. ანასთან თემუკა დიასამიძის პირველი შეხვედრაც სწორედ ასეთი კრახით დასრულდა - ფოტოს გადაღების სურვილზე მოკლე და ცივი უარით.
„ფეხები მომეკვეცა. იმდენი ადამიანი მიყურებდა, ყველამ გაიგო“ - იხსენებს თემუკა.

მოდის სამყაროში უარი იშვიათად აიხსნება. სივრცეში, სადაც დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, ხოლო ყურადღება - ფუფუნება, ადამიანები ხშირ შემთხვევაში უკან იხევენ, თუმცა თემუკა დიასამიძე, რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე ადამიანისკენ უცვლელი მოთხოვნით გაემართა.
„მე 19 წლის მოდის ბლოგერი ვარ საქართვკელოდან. წინა ჯერზე უარი მითხარით, მაგრამ თუ ახლა ფოტოს გადავიღებთ, ეს მე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ახლა კი თქვენ გადაწყვიტეთ“. ანა ვინტურმა თანხმობის ნიშნად თემუკას თავი დაუქნია.

ამ ისტორიას თემუკა ხშირად იხსენებს, რადგან მისთვის ამ ამბავს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მიხვდა, რომ მოდის ინდუსტრიაში გამბედაობა ზოგჯერ გამოცდილებაზე მეტად ფასობს, მეორე მცდელობა კი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი წარუმატებლობა.
რეალურად, თემუკას ისტორია ბევრად ადრე დაიწყო - მაშინ, როცა პირველად ნახა ტელევიზორში განმეორებით გასული Versace-ის 2007/2008 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება. როგორც თავად ამბობს, მისთვის ეს ერთი დანახვით სიყვარულს ჰგავდა.
„მოდა ჩემთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ ტანსაცმელი. ეს არის გრძნობა, რომელსაც ყოველდღე იცვამ“.
როცა თემუკას თანატოლები სკოლაში ფეხბურთსა და ვიდეოთამაშებზე საუბრობდნენ, მას პოპკულტურა, ჟურნალები და მოდის სახლები აინტერესებდა. სწორედ ამიტომ, ის ხშირად გამხდარა ბულინგის მსხვერპლიც, თუმცა საინტერესოა ის, რომ ამ თემააზე წყენით არ საუბრობს.

„ჩემთვის მოტივაციის ყველაზე დიდი წყარო სწორედ ეს იყო. მაშინ სულ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად წარმატებული გავხდებოდი. დღეს ადამიანები, ვინც მაშინ მაბულინგებდნენ, ან საერთოდ აღარ მხვდებიან, ან ჩემი გამომწერები არიან“ - ამბობს თემუკა.

ახალგაზრდა ბლოგერის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მოულოდნელად დადგა. Versace-მ სოციალურ ქსელში კამპანია, სახელწოდებით „V is Everywhere“ დაიწყო. იდეა მარტივი იყო: მონაწილეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ასო „V“ უნდა ეპოვნათ და ფოტოები გადაეღოთ. თემუკამამ გამოწვევაში გაიმარჯვა და შექმნა Versace-ს ფანგვერდი - VERSACEWORLD. ახალგაზრდა ბლოგერი არც საერთაშორისო აუდიტორიაზე ფიქრობდა და არც იმაზე, რომ რამდენიმე თვეში ეს გვერდი მის ცხოვრებას სრულიად სხვა მიმართულებით დაატრიალებდა.
ვერსაჩეს ჩვენებაზე თემუკა მარაგონის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შენიშნა.
სწორედ აქედან იწყება ახალგაზრდა ბლოგერის ცხოვრებაში შეუჩერებელი წინსვლის პროცესი. მარაგონის მილანის ფილიალში, ამბასადორი სტუდენტის რანგში, 50%-იანი დაფინანსებით ისწავლა და უნივერსიტეტის კამპანიების სახეც გახდა. მოდის დიზაინის ფაკულტეტი წელს ზაფხულში დაამთავრა და ამბობს, რომ ამ დაწესებულებას მის კარიერულ წინსვლაში გადამწყვეტი ადგილი უჭირავს.
ერთ დღესაც Jennifer Lopez-მა მისი პოსტი Instagram Story-ზე განათავსა. შემდეგ იყო Naomi Campbell და სხვა სხვა ცნობილი სახეები , ბოლოს კი მოსაწვევი მილანის მოდის კვირეულზე. 19 წლის თემუკა პირველად მარტო გაფრინდა იტალიაში. საკუთარი დიზაინით შეკერილი პიჯაკითა და ჯინსით. ჩვენების დაწყებამდე, Versace-ს წარმომადგენელმა 90-იანი წლების საკულტო ოქროს სამაჯური მისცა, რომ ლუქზე მოერგო. იმ მომენტში, ტელევიზორში ნანახი კადრები რეალობად იქცა. თავად ამბობს, რომ პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი არა პოდიუმმა, არამედ ერთმა დასმულმა კითხვამ ასწავლა.
„რატომ უნდა მოგიწვიოთ Armani-ის ჩვენებაზე, თუ მხოლოდ Versace-ს აშუქებთ?“ - ეს კითხვა თემუკას ბრენდის PR სამსახურის ხელმძღვანელმა დაუსვა.
ამ პასუხის გამო, თემუკამ ბლოგის კონცეფცია მთლიანად შეცვალა და პლატფორმა უფრო ზოგადი გახდა. ამის შემდეგ წერილები თითქმის ყველა მსხვილ მოდის სახლს გაუგზავნა. Armani-მ პირველ სეზონზე ისევ არ მიიწვია, თემუკას მცდელობა არ შეუწყვეტია, ბრენდის მეორე პასუხი კი უკვე სახლში გაგზავნილი პერსონალური მოსაწვევი იყო.

„არცერთი უარის შემდეგ არ უნდა დანებდე. ყოველთვის უნდა იცოდე, როდის გარისკო?! მაშინ, როცა გული ამას გკარნახობს“.
მოდის ინდუსტრიაში ხშირად საუბრობენ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩენაზე. თემუკას ისტორია კი იმაზეა, თუ რამდენჯერ მიდიხარ ერთსა და იმავე ადგილას, მანამ სანამ კარი საბოლოოდ გაიღება. მომავალზე საუბრისას დიზაინერობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ საკუთარი ბრენდის შექმნამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
ახლა მისთვის მთავარი განვითარება და დისციპლინაა. „დღეს ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი მომავალია. მაქვს ძალიან დიდი მიზანი, რომლისკენაც პატარა, მაგრამ ხარისხიანი ნაბიჯებით მივდივარ”. თემუკა დიასამიძის ისტორია ნაკლებად ეხება წარმატებას. ის ეხება რჩევანს - აირჩიო კიდევ ერთხელ მისვლა, კიდევ ერთხელ დაწერა, კიდევ ერთხელ ცდა. თემუკასთვის ხომ ყველა მნიშვნელოვანი კარი მეორედ დაკაკუნების შემდეგ გაიღო.