შეფ ენცო ნერის საქველმოქმედო ინიციატივა ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერად
21 ივნისს, იტალიელი შეფის, ენცო ნერის ინიციატივით, ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ლანჩი გაიმართება.
მე ვარ ლუკა ადამია. ზოგი რეჟისორს მეძახის, ზოგს მოდელი ვგონივარ, ზოგს მწერალი. მიმიღია მონაწილეობა კინოში, დამიდგამს სპექტაკლი, თეატრშიც მითამაშია და ბიზნეს სესხების სპეციალისტიც ვყოფილვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში და მთაში სიარული.

TheDiary-ის რედაქციამ ლუკა ადამია თავდაპირველად როგორც მწერალი, ისე გაიცნო. თუმცა, როდესაც ის ინტერვიუსთვის TheDiary-ის კონცეპტუალურ სახლში გვესტუმრა, აღმოჩნდა, რომ მწერლობა მისი მხოლოდ ერთი განზომილებაა. იუნგისა და გურჯიევის იდეებით ინსპირირებული, ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორი და მრავალმხრივი ინტერესების მქონე ლუკა იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც მოწყენილობა არ უყვარს და ცხოვრების მუდმივ გააზრებასა და სრულყოფას ცდილობს.
„ჩემი ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, რომ არსებობა დავხვეწო. არა კონკრეტულად სიცოცხლე, ადამიანობა ან კაცობა, არამედ ყველაზე ზოგადი რამ – არსებობა. არსებობის დახვეწას კი სხვადასხვა სფეროს მეშვეობით ვცდილობ“, - ლუკა ადამია.
სწორედ ამ ონტოლოგიური კითხვებითა და მათზე პასუხებით იწყებს თავის წიგნს INNRBURIAL, რომელიც კლასიკურ პროზას არაფრით ჰგავს – ის უფრო პროექტია, რომელშიც ლიტერატურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, მუსიკა თუ მოდა ერთიანდება. წიგნის პერსონაჟები ადამი, ევა, ღორი და კატა არიან. ადამი ეგზისტენციალურ კრიზისში, მელანქოლიკი ევა კი იდენტობის დაკარგვის პირასაა, ღორი სიმდიდრესა და დომინაციისკენ მიისწრაფვის, კატა კი მთელს წიგნში აჩრდილივით დაიარება.
თავად ავტორის თქმით, ეს წიგნი ნიღბების, იდენტობებისა და მივიწყებული ნარატივების ვიზუალური არქივი გახლავთ.

THEDIARY: ლუკა, როგორ მიხვედით წიგნამდე? თან კლასიკური პროზა არ არის, ბევრ სხვა არტისტთან კოლაბორაციაა.
ლუკა: წიგნი ჩემი ცხოვრების დესტრუქციულ ფაზაში დავწერე, როცა განცდებზე ვიყავი ორიენტირებული. წერით კი, ბავშვობიდან ვწერ. წერა ყველაზე კომფორტული სივრცეა, სადაც თვითგამოხატვა შემიძლია. როცა შევამჩნიე რომ ჩემს ნაწერებს შინაარსობრივად, სტილისტურად და ემოციურად ერთი ტენდენცია ჰქონდათ, მივხვდი, რომ ეს ცალ-ცალკე ნოველები კი არა, წიგნი იყო. ასე გადავწყვიტე მისი გამოცემა და სხვებისთვის გაზიარება. თუმცა პროცესს არასტანდარტულად მივუდექი და მასში ხელოვნების სხვადასხვა ფორმა გავაერთიანე.

THEDIARY: ვინ აირჩიეთ დესტრუქციული და შემოქმედები პერიოდის მონაწილეებად?
ლუკა: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თინა დალაქიშვილის მონაწილეობა იყო. თინა წიგნის მთავარი პერსონაჟის, ადამის ქალურ ნაწილს, ანიმას განასახიერებს. თინა ძალიან ახლოსაა იმასთან, როგორიც წარმომიდგენია ჩემი პერსონაჟის ანიმა. მას ნაზი, ამავდროულად ცივი და დახვეწილი გარეგნობა აქვს.

წიგნის ნაწილია დიზაინერი გიორგი ქებურიაც, რომელთან კოლაბორაცია იმიტომ გადავწყვიტე, რომ მისი ხასიათი და სიმბოლიზმი დიდ თანხვედრაშია ჩემი წიგნის სტრუქტურასთან. კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია – შავი კატა, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება და არის ბედისწერის სიმბოლო, რომელიც წიგნში ხან კუთხეში ზის, ხან მუხლებში ჩაჯდება. შავი კატა მოდელი ვანესა გუტიერეზია. ვფიქრობ რომ გადაღების დროს ვანესამ ის კატური, ქალური თვისებები კარგად გამოხატა, რაც ჩემი პერსონაჟის ხასიათში ჯდება.

THEDIARY: თქვენც წიგნის პერსონაჟი ხართ.
ლუკა: დიახ. გამომდინარე იქიდან, რომ წიგნში გადმოცემული ემოციების 99% ავტობიოგრაფიულია, ვიღაც სხვა რომ მენახა ჩემი წიგნის მთავარ პერსონაჟად, მთელი ცხოვრება უცნაური შეგრძნება მექნებოდა.
THEDIARY: კითხვაზე, თუ რაზეა წიგნი, როგორი პასუხის მიღება გსურთ?
ლუკა: ეს წიგნი ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი, ინგლისური ნაწილი მშრალი სამეცნიერო თეორიაა. მეორე, ქართული ნაწილი ლიტერატურაა, სადაც უფრო ემოციური ვარ. თეორიული ნაწილი რეალობის ინსტრუქციაა, სადაც არსებობა და იდეა ერთ დონეზე მაქვს დაყვანილი და საბოლოოდ ერთმანეთის სარკისებრ ელემენტებად მოვიაზრებ.

იდეები იუნგისა და გურჯიევისგან მაქვს აღებული. თუმცა, ევოლუციას, საიდანაც იუნგი სიმბოლოებსა და კოლექტიურ არაცნობიერს ავითარებს, მე ფიზიკური ნაწილიდან ვუდგები. კვანტურ ფიზიკასაც კი ევოლუციის ნაწილად მივიჩნევ, როგორც დროში ასევე სივრცეში. საბოლოო ჯამში, მშრალი ელემენტებით ვხსნი ისეთ აბსტრაქტულ და რომანტიზებულ საკითხებს, როგორიც არის თუნდაც რელიგია.

ხოლო ლიტერატურული ნაწილი არის შეგრძნებებზე ორიენტირებული, სადაც ემოციურად მთლიანად შიშველი ვარ და თავს სტრუქტურის გარეშე გამოვხატავ. ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოდის და მათი შინაარსი ერთიანდება იმ ფორმატში, რომელშიც მთლიანად წიგნია გამოხატული. წიგნს აქვს თავისი მუსიკაც, რომელიც DJ YADA-მ შექმნა. შეგიძლიათ, სანამ წიგნს წაიკითხავთ, ვიდეო ტრეილერს უყუროთ. ეს მუსიკა და ვიდეო განწყობას ქმნის, თუ რა შეგრძნებები შეიძლება დატოვოს თვითონ წიგნმა.
THEDIARY: ახლა რომელ ფაზაშია ლუკა ადამია?
ლუკა: ახლა განცდიდან სტრუქტურების შექმნაზე ვარ გადასული. ამჟამად ფინანსურად მოძლიერებისთვის ვმუშაობ, რომ შემდეგ განცხრომაში, ანუ ხელოვნებასა და მეცნიერებაში გადავიდე. წიგნის შექმნის დროს დავახლოვდი ხელოვნურ ინტელექტთან და INNRBURIAL-ისთვის შევქმენი ვებსაიტი. ახლახან კი ტექნოლოგიური მიმართულების კომპანია გავხსენით. ჩინეთში, ვუკონკში კვანტურ კომპიუტერზე ჩვენს AI-ს ვაკომპრესირებთ, ჯერ ეს არსად გაგვიჟღერებია. ბევრ საინტერესო პროდუქტს ვქმნით, ბელგიაშიც ვხსნით ოფისს. საინტერესოა ეს საქმეც, რაც მაძლევს საშუალებას რომ არ მომწყინდეს, მოწყენილობა არ მიყვარს, სულ უნდა ვერთობოდე.

THEDIARY: ეს ენერგია და მუდმივი მოძრაობის სურვილი, როგორც ჩანს, თქვენი ხასიათის ნაწილია. ზოდიაქოთი რა ხართ, თუ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მნიშვნელობას ანიჭებთ? თუმცა მგონია, პასუხი უკვე ვიცით.
ლუკა: ვერძი. ზოდიაქო იუნგისებურად მესმის – არსებობს სიმბოლოების კრებული, რომლებითაც შეგვიძლია, ჩვენს თავს ზოგადი მიმართულება მივცეთ და საკუთარი თავი უფრო მარტივად და სახალისოდ წავიკითხოთ. ვერძი არის მებრძოლი და ლიდერი, ეს თვისებები შემინიშნავს საკუთარ თავში. ამავდროულად ვარ ემპათიური, კარგი ინტუიცია და ალღო მაქვს, ღრმად ვგრძნობ ადამიანის ტკივილსა თუ ბედნიერებას.
ლუკა ადამიას წიგნი INNRBURIAL შეგიძლიათ TheDiary Concept House-ში, Chaos Concept Store-ში, leftbank-სა და მეტრო მარჯანიშვილთან, ერთი ბაბუს დახლზე აღმოაჩინოთ.