რა წიგნები აჩუქა WHITE LOTUS-ში ჩელსიმ საქსონს?
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.
ჰოლივუდის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო მოგვიახლოვდა. 3 მარტს, თბილისის დროით დილის 5 საათზე, Dolby Theatre-ში მსოფლიოს მსახიობები და კინორეჟისორები ოსკარის 97-ე დაჯილდოებაზე შეიკრიბებიან. წინ ბევრი საინტერესო მომენტი გველის: სიტყვით გამოსვლები, წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები და ყველაზე მთავარი - როგორც იქნა, გავიგებთ, ვის გადაეცემა კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო.
ლოს-ანჯელესის წითელ ხალიჩაზე A-lister-ები LA-ის დროით 15:30 საათზე გამოჩნდებიან. წლევანდელი ნომინანტები ლოს-ანჯელესში მომხდარი ტრაგიკული ხანძრების გამო დაგვიანებით გამოცხადდა. თუმცა უკვე ვიცით ყველა კატეგორიის ნომინანტთა სრული სია და ახლა ისღა დაგვრჩენია, ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ვიწინასწარმეტყველოთ, ვინ მოიგებს კინოს სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან პრიზს.
ვინ წარუძღვება საღამოს?
2025 წლის ოსკარებს იუმორისტი და Late-night შოუს წამყვანი კონან ობრაიენი გაუძღვება. ობრაიენი თავისი სარკასტული იუმორითაა ცნობილი, ასე რომ, წინ საინტერესო და სახალისო მონოლოგი გველის.
რაც შეეხება მუსიკალურ ნომრებს, სცენაზე ვიხილავთ სინთია ერივოს და არიანა გრანდეს, რომლებიც მიუზიკლ Wicked-დან სიმღერას შეასრულებენ. ასევე დაგეგმილია დოჯა ქეთის, ლისას (Blackpink-დან), ქუინ ლატიფას, ინგლისელი მომღერალ რაიას, ქუინსი ჯონსისა და ლოს-ანჯელესის გუნდის შესრულება.
ოსკარის ჯილდოს გადასაცემად სცენაზე ტრადიციულად ჰოლივუდის წამყვანი ვარსკვლავები გამოვლენ. მათ შორის იქნებიან ჰარისონ ფორდი, გალ გადოტი, ენდრიუ გარფილდი თუ ზოი სალდანა. ტრადიციისამებრ, შარშანდელი გამარჯვებულები - რობერტ დაუნი ჯუნიორი, კილიან მერფი, დევინ ჯოი რენდოლფი და ემა სტოუნი თავიანთი კატეგორიების ახალ გამარჯვებულებს დაასახელებენ.
მოლოდინები კი ასეთია:
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ანორასა და პაპის კონკლავს შორის დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი, თუმცა ბრუტალისტმაც შეიძლება მიიღოს მთავარი პრიზი.
საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს, სავარაუდოდ, შონ ბეიკერი (Anora) ან ბრეიდი კორბეტი (The Brutalist) დაიმსახურებს.
საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ფავორიტებად მიიჩნევიან ედრიენ ბროუდი და რალფ ფაინესი (The Pope’s Conclave). თუმცა, ტიმოთი შალამესაც აქვს ისტორიული გამარჯვების შანსი.
საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში დემი მური და მაიკი მედისონი ლიდერობენ, ხოლო მეორეხარისხოვანი როლებისთვის ზოი სალდანა და კიერინ კალკინი ითვლებიან ფავორიტებად.
თუმცა, სიურპრიზებიც მოსალოდნელია. ბოლო დღეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა ფილმმა I'm Still Here, სადაც მთავარ როლს ბრაზილიელი ფერნანდა ტორესი ასრულებს. შესაძლოა, ის გახდეს პირველი ბრაზილიელი ოსკაროსანი ქალი, რაც განსაკუთრებულად ემოციური იქნება, რადგან 1999 წელს დედამისი იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა ვერ გაიმარჯვა.
ასევე, საინტერესოა, როგორ წარიმართება მიუზიკლ Emilia Perez-ის ბედი, რომელიც 13 ნომინაციაშია წარდგენილი. მიიღებს ფილმი რამდენიმე ოსკარს, თუ სახლში ხელცარიელი დაბრუნდება?
მოკლედ, წინ დიდი ინტრიგები და ემოციები გველის. თქვენი აზრით, როგორ დასრულდება ოსკარების 97-ე ცერემონია?