ყველაფერი, რაც EMILY IN PARIS-ის V სეზონზე ვიცით
ემილი კუპერი თავისი თავგადასავლებით 18 დეკემბერს დაგვიბრუნდება. გადაღებები უკვე დაწყებულია და დეკემბერში, Netflix-ზე 10 ეპიზოდიან სეზონს ერთბაშად ვიხილავთ.
ბენდი Mechanical Rainbow 2021 წლიდან გვთავაზობს ზაფხულის საუნდტრეკებს, რომლებიც ცხელი დღეების განუყოფელ ნაწილად იქცევა. maT წელსაც არ დაარღვიეს ტრადიცია და ამ ზაფხულს უკვე კოლაბორაციით შექმნილი არაერთი ჰიტი შემოგვთავაზეს: ჯერ იყო MAXSOVS სტეფანე მრებრიშვილთან და Kordz-თან ერთად, ახლა კი MOMENDE-ს ჯერია.
ბენდი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან ერთად მხიარულ და ფერად კომპოზიციას გვთავაზობს. „მომენდეს“ პრემიერა 12 აგვისტოს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. სიმღერის ტექსტი და მელოდია თავად შემსრულებლებს, გიორგი გიგაშვილსა და Mechanical Rainbow-ს ეკუთვნის, მიქსინგსა და მასტერინგზე კი ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავა.
პრემიერის საღამოზე გიორგი გიგაშვილმა, Nikala-მ და Mechanical Rainbow-მ რამდენიმე მუსიკალური ნამუშევარი შეასრულეს, მათ შორის საქართველოს ჰიმნიც. შემდეგ კი, კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მუსიკოსებმა სულ რაღაც სამ საათში, ვინტაჟური Handycam-ით გადაიღეს.
The Diary-ს Mechanical Rainbow-ს სოლისტი, დადუ დონაძე, კოლაბორაციის შესახებ ესაუბრა.
დადუ, როგორ შედგა თქვენი კოლაბორაცია გიორგი გიგაშვილთან?
დადუ: „მომენდეს“ შექმნის საფუძველი მაშინ ჩაიყარა, როცა ჩვენ და გიგაშა ერთ-ერთი სერიალის გადაღებებზე გადავიკვეთეთ. მანამდე შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ უბრალოდ ხელით ჩამორთმევით. მოგვიანებით, როცა გიგაშა ცოტა ხნით ჩამოვიდა საქართველოში, დავუკავშირდით და გადავწყვიტეთ, რომ მოკლე დროში შეგვექმნა მარტივი, საზაფხულო და ხალისიანი სიმღერა. მე და ჩემი ბენდის წევრები გიგაშას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდით და გვიყვარდა მისი შემოქმედება. როცა პირადად გავიცანით, აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკალურად ერთ ტალღაზე ვიყავით, ამიტომ სიმღერის იდეაც თითქოს ჰაერიდან დაიბადა.
როგორი იყო მუშაობის პროცესი?
დადუ: მალევე შევიკრიბეთ ჩვენს სარეპეტიციოში. გიორგის უკვე ჰქონდა გარკვეული იდეა, ჩვენ კი მისამღერის ვარიანტი გვქონდა მზად. ამ ორი იდეით დავიწყეთ მუშაობა, სიმღერას არ ჰქონდა არც არანჟირება, არც სტრუქტურა. დავსხედით და ზუსტად 5 წუთში დრამ-ბითი მოვიფიქრეთ.
გიგაშამ ამ ბითზე თავისი ულამაზესი აკორდების დაკვრა დაიწყო. ოთახში ყველას გაგვეღიმა, რადგან ძალიან მოგვეწონა.
სანამ გიგაშა მელოდიას ასრულებდა, მე და ნინი მაშინვე ტექსტის წერას შევუდექით. მუშაობა ძალიან სახალისო იყო, რადგან სამი დღის განმავლობაში, სიმღერის შექმნის პარალელურად, პირდაპირი მნიშვნელობით სულ ვუკრავდით და ვცეკვავდით.
რა გზავნილს ატარებს სიმღერა?
დადუ: რადგან გვინდოდა, რომ სიმღერა ხასიათობრივად საზაფხულო ყოფილიყო, მისთვის ჩვენთვის ძალიან ნაცნობი თემა - ბავშვური სიყვარული ავირჩიეთ. ბავშვური სიყვარული გულწრფელობასთან ასოცირდება, ის არ არის რთული, უბრალოდ თბილი და საყვარელია. ეს ის გრძნობაა, რომელთანაც, ჩემი აზრით, ყველა გრძნობს კავშირს. სწორედ ამიტომ, ტექსტიც ბუნებრივად ამ მიმართულებით წავიდა, რაშიც აბსოლუტურად ყველა ვიყავით ჩართული. ეს სიმღერა ჭეშმარიტი კოლაბორაციაა. ჩვენი დაწერილი სიმღერებიდან, ალბათ ჩემი ბენდის წევრებიც და გიგაშაც დამეთანხმებიან, რომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია, რადგან თავს სახლში გვაგრძნობინებს.
უახლოეს მომავალში გეგმავთ ლაივ კონცერტებს?
დადუ: უახლოეს პერიოდში, 30 აგვისტოს, Stockton ფესტივალზე ვიქნებით, სადაც Bedford Falls, Mokumoku, Circus Mircus და Kordz & Security დაუკრავს.
Mechanical Rainbow-ს ერთ-ერთმა პირველმა სიმღერებმა HOPE და SEVDA'NAREVI სწრაფად მოიპოვა მსმენელთა სიყვარული, ხოლო 2024 წელს Kordz-თან და სტეფანესთან ერთად შექმნილმა „სდექ“ ზაფხულის ჰიტის სტატუსი და იუტუბზე მილიონი ნახვაც კი დაიმსახურა.
ერთი თვის წინ მათ კიდევ ერთი კოლაბორაცია (MAXSOVS) წარადგინეს, რომელიც 2025 წლის Open Air-ის მთავარ სცენაზე გაჟღერდა პირველად. პიანისტი გიორგი გიგაშვილი კი, ამ დროისთვის მეორე საავტორო ალბომზე მუშაობს და 2026 წლის აპრილამდე ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში დაგეგმილი კონცერტებით იქნება დაკავებული.