თამთა თავართქილაძისთვის მუსიკა იდენტობის არსი და ემოციებში მოგზაურობაა

ონლაინ ჟურნალის, The Diary-ის ინგლისურენოვანი ვერსიის პრეზენტაციაზე თამთა თავართქილაძე გავიცანით. თამთა მუსიკოსია, რომლის უახლეს ტრეკში, სახელად „საქართველო“, ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ელექტრონული მუსიკის ფონზე დიდებულად ჟღერს. თამთას მუსიკა ჩვენს ღონისძიებაზე ერთგვარი განაცხადი იყო, რომელიც დღევანდელ კონტექსტში კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა.

Tamta Tavartkiladze, თამთა თავართქილაძე, Sakartvelo by Tamara, The Diary

მის ყველაზე ცნობილ სინგლს კი, Sol de Agosto-ს, ზაფხულის ნაადრევად მოყვანა შეუძლია. თამთას შემოქმედების სასიამოვნო ბგერები მთელს სხეულსა და გონებაში მზის სითბოსავით იღვრება. ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, რომ თამთას უკეთ გასაცნობად, მასთან საინტერესო ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

თამთა, როდის და როგორ დაიწყეთ მუსიკის შექმნა? მოგვიყევით პირველ სიმღერაზე

თამთა თავართქილაძე, Tamta Tavartkiladze

ჩემი და მუსიკის ურთიერთობა ძალიან პატარა ასაკიდან იწყება და მისდამი სიყვარული ოჯახიდან მომდევს. მუსიკის შექმნა გაუაზრებლად დავიწყე ბავშვობიდანვე, როცა მივხვდი, რომ ინსტრუმენტთან ურთიერთობისას შემეძლო, ჩემი იმპროვიზაციით შინაგანი განცდები, ემოცია და განწყობა გადმომეცა. მუსიკა ემოციების ნაკრებია და ზუსტად ამ ემოციებით დაიწერა ჩემი ერთ-ერთი პირველი პორტუგალიურ-იტალიურ-ქართული სინგლი Sol de Agosto, რომლის ყველა ბგერა და ნოტი ზაფხულისა და მზის ენერგიას ეხმიანება. ზოგადად, მზე ჩემი ცხოვრების მთავარი ინსპირაციაა.

რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა და რა როლი აქვს მას ცხოვრებაში?

მუსიკა ჩემთვის მოგზაურობაა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, მუდმივი ტალღა, რომელიც ფონად მიჰყვება ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს, მოვლენას. იგი ავსებს ყველა დანაკლისს და აცოცხლებს ყველა ენერგიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია სხვაა, მუსიკა ის სივრცეა, სადაც თავს ყველაზე მეტად ვპოულობ.

ეს არის სამყარო, სადაც არ არსებობს დრო და საზღვარი, სადაც ჩემი იდენტობა ყველაზე მკაფიოდ გამოიხატება.

თქვენი უახლესი ტრეკი ქართველი მსმენელისთვის ემოციურად მნიშვნელოვან თემას ეხება. რას ნიშნავს ეს მუსიკა თქვენთვის?

ჩემი ახალი ტრეკი „საქართველო“ ერთგვარი ექსპერიმენტია - ელექტრონული ჟანრისა და საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდების კოლაბორაცია. ეს მუსიკა იმ რთულ პერიოდში დაიწერა, როცა ქვეყანაში მძიმე ვითარება იყო. ტრეკი ერთგვარი განცდაა, რომელიც იმ რეალობაში გამიჩნდა და ამ ფორმით შევეცადე, მოვლენების მიმართ ჩემი დამოკიდებულება გადმომეცა.

საიდან იღებთ ინსპირაციას მუსიკის შექმნისას?

ინსპირაცია ჩემთვის ყოველთვის არის ეპიზოდები, მოვლენები და ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ გრძნობებსა და მოგონებებს მიღვივებენ. ყოველთვის ვცდილობ, ვიცხოვრო მომენტით და იმ მომენტში აღმოვაჩინო მცირე დეტალები, რომლებიც ბედნიერებას მანიჭებს. ამიტომ ჩემი მუსიკა ყოველთვის მომენტალურად გაჩენილი შეგრძნებაა.

Tamta Tavartkiladze, თამთა თავართქილაძე

როგორ ხედავთ თქვენი მუსიკალური შემოქმედების მომავალს?

მუსიკას არ ვუყურებ როგორც კომერციულ პროექტს - ის არის ჩემი ბედნიერების წყარო. ვქმნი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი ემოცია გავაზიარო და მსმენელშიც გავაღვიძო ის განცდები, რაც მე მაქვს ცხოვრებისეული მოვლენების აღქმისას.

თუ ჩემს მცირე შემოქმედებას გადახედავთ, აღმოაჩენთ სხვადასხვა ჟანრს - სამბა, ჯაზი, სოული, ელექტრონული, კლასიკა. ვფიქრობ, გადმოსაცემი ძალიან ბევრი მაქვს. ამ ექსპერიმენტებში ვიზრდები, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ყველა ჟანრში თავიდან ვპოულობ საკუთარ თავს.

მნიშვნელოვანია ისიც, როცა მსმენელი იწყებს შენი მუსიკალური ენის გაგებას და შენი ემოციების თანაზიარი ხდება. ამიტომ ჩემი შემოქმედება აუცილებლად გაგრძელდება. ამჟამად ვმუშაობ ახალ პროექტზე და ზაფხულში ჩემი პირველი საავტორო ალბომის გამოშვებას ვგეგმავ, რომელიც მსმენელს განსხვავებულ და საინტერესო ფორმატში წარედგინება.

ზევით