ისტორია, რომელსაც კვარას ბურთი წერს
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც Max-მა „ჰარი პოტერის“ სერიალის გამოსვლა დააანონსა, ყველას ერთი სული გვქონდა, გაგვეგო, თუ ვინ შეასრულებდა სამი მთავარი პერსონაჟის როლს. ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების კასტინგში 30 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ჰარის როლში დომინიკ მაკლაფლინს ვიხილავთ, ჰერმიონის როლს არაბელა სტენტონი შეასრულებს, ხოლო რონის როლს – ალისტერ სტაუტი. სერიალისთვის უკვე ყველა გმირი შერჩეულია, გადაღებები კი ზაფხულში დაიწყება.
რეჟისორების თქმით, ეს სამი ახალგაზრდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა თითოეულს გამორჩეული ნიჭი აქვს და შეძლებენ, მაყურებელს საყვარელი პერსონაჟების ახალი ვერსიებით შეაყვარონ თავი.
ჯოან როულინგის შვიდი წიგნისგან შემდგარი სერიის მიხედვით საკულტო ფილმები უკვე გადაღებულია. ფილმებში ჰარის, ჰერმიონისა და რონის როლების შესრულებამ მსოფლიო აღიარება მოუტანა დენიელ რედკლიფს, ემა უოტსონსა და რუპერტ გრინტს.
ახლა კი იგივე შანსი ეძლევათ მაკლაფლინს, სტენტონსა და სტაუტს, რომლებიც ამ ეტაპზე ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილები არიან. მაკლაფლინი ახალ ბრიტანულ კომედიაში,Grow-ში თამაშობს. ამავე ფილმში ვიხილავთ „ჰარი პოტერის“ სერიალში ჰაგრიდის როლის შემსრულებელ ნიკ ფროსტსაც. სტენტონი 2023–2024 წლებში „მატილდას“ მიუზიკლში მთავარ როლს ასრულებდა. სტაუტისთვის კი „ჰარი პოტერი“ კარიერის პირველი სერიოზული როლი იქნება, რადგან მას მხოლოდ სარეკლამო რგოლში თამაშის გამოცდილება აქვს.
ამ სამ ახალგაზრდა მსახიობს სულ მალე მთელი მსოფლიო გაიცნობს და მათი ცხოვრების ახალი ერა დაიწყება. ისინი, დენიელ რედკლიფის, რუპერტ გრინტისა და ემა უოტსონის მსგავსად, ჩვენს თვალწინ გაიზრდებიან, რადგან სერიალი რამდენიმე წელს გაგრძელდება და თითოეული სეზონი წიგნის ერთ ნაწილს დაეთმობა.
სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად წიგნების ავტორი, ჯოან როულინგია. Max-ს ჯერ არ დაუანონსებია სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა პირველ ეპიზოდებს 2026 ან 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ. ასე რომ, მალე ყველაფერი თავიდან დაიწყება – მაგიური სამყაროს საყვარელი პერსონაჟები კვლავ შეაბიჯებენ ჰოგვორტსის კარიბჭეში და თავგადასავლებში გადაეშვებიან. ჩვენ კი, მაგლებს, ისღა დაგვრჩენია სერიალის გამოსვლას დაველოდოთ.