ზენდეია და ტომ ჰოლანდი SPIDER MAN: BRAND NEW DAY-ს რომაულ პრეს-ტურზე
მარველის ფანები 31 ივლისის პრემიერისთვის ემზადება. „ადამიანი-ობობას“ სერიების ახალი ფილმის პრეს-ტური უკვე დაიწყო და კინომოყვარულების ყურადღებაც წითელი ხალიჩისკენაა მიმართული.
თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენაზე ხშირად ჩნდებიან არტისტები, რომლებიც მალევე ახერხებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მსმენელის აღიარების მოპოვებას. ერთ-ერთი მათგანია Anna Sué, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თანამედროვე მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ლეგენდასთან, Peggy Gou-სთან სცენა გაინაწილა.
ამ მნიშვნელოვანი კოლაბორაციის შემდეგ, ანა ჯაფარიძის მომდევნო ღონისძიება მის კარიერაში სიმბოლურია: 9 მაისს არტისტი საკუთარი ახალი ალბომის პრეზენტაციით Moxy Tbilisi-ს უბრუნდება – ადგილს, საიდანაც მუსიკალური კარიერა დაიწყო.

MOXY-ს გუნდის წევრობიდან დღემდე დიდი გზა გაიარეთ. როგორ შეიცვალა Anna Sué ამ წლების განმავლობაში, როგორც არტისტი?
ანა: MOXY ჩემთვის ის ადგილია, სადაც Anna Sué რეალურად დაიბადა. თავიდან ეს ყველაფერი უფრო თამაში, გართობა, ინტერესით დაწყებული პროცესი იყო. მაგრამ სწრაფად აღმოვაჩინე, რომ ამ ყველაფერზე საოცრად ვიყავი შეყვარებული.
მოქსის პერიოდში Anna Sué იყო ძალიან გულწრფელი, მხიარული, ცოტა გულუბრყვილოც. იმ გზამ კი, რაც იქიდან დღემდე გავიარე, ძალიან შემცვალა. ეს იყო პერიოდი, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ქარტეხილებიც და ლამაზი, ნათელი მომენტებიც. ამ პროცესში დავკარგე ის, რაც აღარ მჭირდებოდა და დავტოვე ის, რაც მართლა ჩემი იყო. ზუსტად ამ ყველაფრის ერთობლიობამ ჩამომაყალიბა იმ ადამიანად და არტისტად, ვინც დღეს ვარ.
დღეს მე ვარ უფრო ძლიერი, უფრო თავისუფალი და რაც მთავარია – ვიპოვე ნამდვილი თავდაჯერება.

როგორი იყო Peggy Gou-სთან კოლაბორაცია?
ანა: ეს არის კითხვა, რომელზეც დღემდე მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან ჯერ კიდევ ამ გამოცდილების გააზრების პროცესში ვარ. წარმოიდგინეთ, 7 წელი ველოდი ამ მომენტს და წარმოდგენები მქონდა, თუ როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი, თუმცა როცა რეალურად მოხდა, უცებ ყველაფერი გაჩერდა და თითქოს სხეულთან კავშირი დავკარგე. სცენაზე რომ ვიდექი Peggy-სთან ერთად, მქონდა შეგრძნება, რომ ეს ჩემს თავს არ ხდებოდა. ვცდილობდი დამემალა ეს მდგომარეობა, გამეღიმა. მიჭირდა სხეულის დამორჩილება. ამ სიცარიელეში ვიდექი იმ მომენტში, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდი.

როცა Peggy სცენიდან გავიდა და მარტოს უნდა გამეგრძელებინა, ეს სიცარიელე დისკომფორტად გადაიქცა. მაგრამ ამავე დროს ვიცოდი ვერსად წავიდოდი და ამ ყველაფრისთვის თვალი უნდა გამესწორებინა, ჩემ წინ 7000 ადამიანი იდგა და მე უნდა დამესრულებინა ეს ღამე თუ დილა. დაკვრა გავაგრძელე. დღეს რომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ვხვდები, რომ ეს იყო ზედმეტად დიდი ემოცია, რომელსაც ჩემი ნერვული სისტემა იმ მომენტში ვერ იტევდა.

ზოგჯერ ყველაზე დიდი სიხარულიც ისეთივე ძლიერია, რომ სხეული მას დუმილით პასუხობს, რათა არ გადაიწვას.
აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ მე 7 თვეა სრულიად ფხიზელი ვარ.
ყველაფერს პირველად ვგრძნობ ასე პირდაპირ, გაუფილტრავად, ყოველგვარი დაცვითი მექანიზმის გარეშე, რასაც ადრე ალკოჰოლი ფარავდა. ალბათ ადრე ამ ემოციებს სხვანაირად გავატარებდი, დღეს კი მიწევს დავრჩე მათთან პირისპირ – როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს.
ამასთანავე, ჩემი აღფრთოვანება Peggy Gou-ს მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა. მისი უშუალობა, ბუნებრიობა, სიმტკიცე და სილამაზე ყოველთვის იყო ჩემი ინსპირაცია. მასთან პირადად შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, ის ზუსტად ისეთია, როგორიც ჩანს.
რა გახდა Love Language-ის ინსპირაციის წყარო და როგორ დაახასიათებდით მასში შემავალ ტრეკებს?
ანა: Love Language არის EP, რომელიც ჩემი 7-წლიანი მუსიკალური გზის ერთგვარი ისტორიაა. მასში შემავალი ტრეკები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდშია დაწერილი და თითოეული მათგანი იმ მომენტის ემოციურ მდგომარეობას ატარებს, სადაც მაშინ ვიყავი. თავდაპირველად ეს ტრეკები ცალკე სინგლებად არსებობდა, შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა იდეა, რომ ისინი ერთ მთლიან ნამუშევრად შემეკრა. ჩემთვის სიმბოლურია, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ვინილის ფორმატში გამოვიდა. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრება შორ და მიუწვდომელ ოცნებად მეჩვენებოდა. თითოეული ტრეკი ძლიერი ემოციიდან არის დაბადებული. მე საერთოდ ვერ ვწერ მუსიკას ემოციის გარეშე და ეს EP არის სწორედ ამის დოკუმენტაცია.

აქ არის როგორც ტკივილიანი, მძაფრი განცდები, ასევე ეიფორიული, ვნებიანი და სიყვარულით სავსე მომენტები. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ის არის, რომ დღეს, როცა თითქოს გაყინული მაქვს მძაფრი ემოციები და ჩემი გონება უფრო დაცვით რეჟიმში მუშაობს, ამ ტრეკების ვინილზე მოსმენა თითქოს მაბრუნებს იმ პერიოდებში, როცა ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ეს ჩემთვის ერთდროულად ემოციური და სასიამოვნო გამოცდილებაა, ცოტა იუმორითაც კი ვიტყვი, თითქოს საკუთარი ცხოვრების ემოციურ არქივში ვბრუნდები.

რით არის განსაკუთრებული 9 მაისის ღონისძიება და რას უნდა ელოდოს მსმენელი ამ ღამისგან?
ანა: 9 მაისი ჩემთვის უბრალოდ ღონისძიება არ არის, ეს არის წრე, რომელიც იკვრება. ეს არის დაბრუნება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. MOXY არის ადგილი, სადაც პირველად ავიდგი ფეხი როგორც არტისტმა და ახლა, წლების შემდეგ, აქ სრულიად სხვა ადამიანად და სხვა ენერგიით ვბრუნდები. იქნება ჩემი ვინილის ოფიციალური პრეზენტაცია, თითოეული ტრეკის ცოცხალი გაცნობა ფირსაკრავზე, ასევე ვიზუალური მასალა იმ პროცესებიდან, რომლებიც ამ ყველაფერს წინ უძღოდა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ღამე არის შეხვედრა ჩემს წარსულ მესთან, იმ ადგილთან, სადაც დავიწყე და იმ ადამიანებთან, ვინც ამ გზაზე ჩემთან ერთად იყვნენ.
მინდა დაგპატიჟოთ ყველა, სიხარულით გიმასპინძლებთ,
სიყვარულით Anna Sué.
Love Language-ს კი აღმოაჩენთ აქ.