ბიონსემ ახალი სინგლი MORNING DEW (DONK) გამოუშვა.
ბიონსემ ახალი სინგლი, „Morning Dew (Donk)“, გამოუშვა. სიმღერა მისი მეორე სტუდიური ალბომის, „B’Day“-ის, საიუბილეო გამოცემაში შევა, რომელიც 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დუა ლიპა ჩვენი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოპფიგურაა – „გრემის“ მფლობელი არტისტი, რომლის გავლენაც დღეს მხოლოდ მუსიკით აღარ განისაზღვრება. მისი სახელი თანაბრად უკავშირდება მოდას, კინოს, თანამედროვე კულტურასა და იმ პროექტებს, რომლებიც პოპვარსკვლავის როლს სცენის მიღმაც აფართოებს. 2022 წელს დუა ლიპამ Service95 დააფუძნა – ყოველკვირეული ნიუსლეთერი და კულტურული პლატფორმა, რომელიც წიგნებს, მოგზაურობას, სტილს, ადამიანებსა და იდეებს აერთიანებს. 2023 წელს კი Service95 Book Club წარადგინა, სადაც ყოველთვიურად ერთ წიგნს არჩევს და ხშირად მის ავტორსაც ესაუბრება.

დუა ლიპას წიგნების სიაში მკაფიოდ ჩანს ინტერესი თანამედროვე პროზის, ფემინისტური ტექსტების, მოდერნული კლასიკისა და იმ წიგნების მიმართ, რომლებიც იდენტობას, სიყვარულს, მეხსიერებას, ძალაუფლებასა და პირად თავისუფლებას იკვლევს.
წარმოგიდგენთ 10 წიგნს, რომელიც დუა ლიპას ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება:
დელია ოუენსის რომანის „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მთავარი გმირი გოგოა – კაია, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებულად იზრდება და მოგვიანებით ადგილობრივ მკვლელობის საქმეს უკავშირდება. რომანი ბუნებას, მარტოობასა და გადარჩენის სურვილს იკვლევს, თუმცა მის ცენტრში ის საზოგადოებაც დგას, რომელიც კაიას ცხოვრებას შორიდან აკვირდება, განსჯის და მის შესახებ საკუთარ წარმოდგენებს ქმნის.
![]() |
|
თომაშ იენდროვსკის რომანი „სიბნელეში ცურვა“ 1980-იანი წლების პოლონეთში, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ვითარდება. წიგნი ორი ახალგაზრდა კაცის სიყვარულის ისტორიას მიჰყვება – ურთიერთობას, რომელიც მალევე დროის, გარემოსა და იდეოლოგიური კონტროლის ნაწილი ხდება. ეს არის რომანი სურვილზე, საიდუმლოზე და იმაზე, როგორ ცვლის ისტორია ყველაზე ინტიმურ არჩევანსაც კი.
![]() |
|
„პატარა ცხოვრება“ ჰანია იანაგიჰარას ვრცელი რომანია ოთხი მეგობრის შესახებ, რომლებიც კოლეჯის შემდეგ ნიუ-იორკში იწყებენ ცხოვრებას. მათ შორის განსაკუთრებით ჯუდის ისტორია გამოიკვეთება – ადამიანის, რომლის წარსულიც ნელ-ნელა განსაზღვრავს მის ურთიერთობებს, შიშებსა და სიყვარულის მიღების უნარს. რომანი მეგობრობაზე, ტკივილზე, ერთგულებასა და იმ მძიმე გამოცდილებაზეა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან დაჰყვება.
![]() |
|
„არასოდეს გამიშვა“ კაძუო იშიგუროს რომანია, რომელიც თავიდან ბავშვობისა და სკოლის მოგონებებს ჰგავს, თუმცა ნელ-ნელა გაცილებით რთულ და შემაშფოთებელ რეალობას აჩენს. ქეთი, რუთი და ტომი ისეთ სამყაროში იზრდებიან, სადაც მათი მომავალი წინასწარ არის გადაწყვეტილი. ამ წიგნში წაიკითხავთ სიყვარულზე, მეხსიერებაზე, მეგობრობაზე და იმასაც აღმოაჩენთ, თუ რას ნიშნავს იმ ადამიანად ყოფნა, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაზე სრული უფლება არ აქვს.
![]() |
|
ოუშენ ვუონგის რომანის „დედამიწაზე წამიერად მშვენიერნი ვართ“ ტექსტი შვილის დედისადმი მიმართვას ჰგავს. ამ პირად მონათხრობში ერთიანდება ოჯახური ისტორია, მიგრაცია, პირველი სიყვარული და მეხსიერებით გადმოცემული ტკივილი. წიგნი ხაზოვან თხრობას არ მიჰყვება, ის უფრო მოგონებების ფრაგმენტებს ჰგავს, სადაც პირადი ისტორია ოჯახის, სხეულის, ენისა და იდენტობის გამოცდილებად იქცევა.
![]() |
|
„ჩემი ბრწყინვალე მეგობარი“ ელენა ფერანტეს ნეაპოლური სერიის პირველი წიგნია. რომანი ელენასა და ლილას ბავშვობიდან იწყება და მათ მეგობრობას 1950-იანი წლების ნეაპოლის სოციალურ გარემოში აჩვენებს. ეს არის წიგნი ქალთა მეგობრობაზე, მეტოქეობაზე, ნიჭზე, კლასობრივ განსხვავებებსა და იმ სამყაროზე, სადაც გოგოებს საკუთარი შესაძლებლობებისთვის ბრძოლა ძალიან ადრე უწევთ.
![]() |
|
„მყიფე წონასწორობაში“ როჰინტონ მისტრი 1975 წლის ინდოეთს უბრუნდება – პოლიტიკურად მძიმე პერიოდს, სადაც ადამიანების პირადი ცხოვრება პირდაპირ ეჯახება სისტემას. რომანი ოთხი განსხვავებული სოციალური მდგომარეობის ადამიანს აერთიანებს და მათი საერთო ისტორიის გზით სიღარიბეზე, ღირსებაზე, კორუფციასა და გადარჩენაზე ჰყვება. მისტრის ტექსტი მძიმე რეალობას აღწერს, თუმცა მთავარი აქ ადამიანური სიახლოვეა – ის, რაც ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი მნიშვნელობას ინარჩუნებს.
![]() |
|
„ვაგინის მონოლოგები“ V-ის, ყოფილი ივ ენსლერის, მნიშვნელოვანი ფემინისტური ტექსტია, რომელიც ქალების ხმებსა და პირად გამოცდილებებზეა აგებული. მონოლოგები სხეულზე, სირცხვილზე, ძალადობაზე, სიამოვნებაზე, შიშსა და თავისუფლებაზე საუბრობს. ტექსტის მნიშვნელობა იმაშია, რომ მან ქალის სხეულის გარშემო არსებული ტაბუდადებული თემები საჯარო საუბრად აქცია.
![]() |
|
„ნორმალური ადამიანები“ სალი რუნის რომანია კონელისა და მარიანას შესახებ – ორი ახალგაზრდის, რომელთა ურთიერთობაც ირლანდიის პატარა ქალაქში იწყება და დუბლინის უნივერსიტეტში გრძელდება. წიგნი მათ სიყვარულზეა, მაგრამ ეს მხოლოდ რომანტიკული ისტორია არ არის. რუნი წერს სოციალურ განსხვავებებზე, დაუცველობაზე, სიახლოვის შიშსა და იმ სირთულეზე, როცა ადამიანი საკუთარ თავსაც ჯერ ბოლომდე არ იცნობს.
![]() |
|
„მექსიკური გოთიკა“ სილვია მორენო-გარსიას რომანია, რომლის მოქმედება 1950-იანი წლების მექსიკაში ვითარდება. წიგნის მთავარი გმირი ნოემია – ახალგაზრდა ქალი, რომელიც განმარტოებულ სასახლეში ჩადის მას შემდეგ, რაც ბიძაშვილისგან უცნაურ და შემაშფოთებელ წერილს იღებს. გოთიკური ატმოსფეროს მიღმა რომანი ოჯახურ საიდუმლოებებს, ძალაუფლებას, კოლონიურ მემკვიდრეობასა და იმ საფრთხეს იკვლევს, რომელიც ძველ სახლებში და ძველ გვარებში იმალება.
![]() |
|