10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.

კრისტოფერ ნოლანმა სამი ათასი წლის წინ დაწერილი ამბავი ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად აქცია და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, მილიონობით ადამიანი სამი საათით კინოდარბაზში მიგვაჯაჭვა იმის სანახავად, როგორ ცდილობს მეტ დეიმონი სახლში დაბრუნებას.
„ოდისეა“ ნამდვილად არ არის ფილმი, რომელსაც ერთხელ ნახავ და დაივიწყებ. მისი ქრონომეტრაჟი 172 წუთია და მთელი პერიოდი ნოლანი მოდუნების საშუალებას იშვიათად გვაძლევს. ომები, შტორმები, ურჩხულები, გემების დაღუპვა, შურისძიება, ცდუნება, სიკვდილი და ღმერთები, რომლებიც ადამიანების ისედაც რთულ ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებენ. რამდენიმე კუნძულის შემდეგ უკვე უკეთ ხვდები, რატომ დასჭირდა ოდისევსს ტროადან ითაკამდე მისასვლელად ათი წელი.
ფილმი ინტენსიურია. ზოგჯერ ზედმეტადაც კი. თუმცა სწორედ ეს აქცევს მას 2026 წლის ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კინომოვლენად.

ისტორია, ცხადია, ჰომეროსის ეპოსს ეფუძნება. ტროას ომის შემდეგ ითაკის მეფე ოდისევსი ცოლთან, პენელოპესთან და შვილთან, ტელემაქესთან დაბრუნებას ცდილობს. ერთი შეხედვით მარტივი გზა შინ ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოგზაურობად იქცევა. ნოლანი მითოლოგიურ საფუძველს ინარჩუნებს, თუმცა მას იმ მასშტაბს აძლევს, რომელსაც მისი კინოსგან უკვე უცვლელად ველით. თუ „ოპენჰაიმერში“ ცენტრალური მოვლენა ატომური ბომბი იყო, აქ რეჟისორს ზღვა, ქვიშა, ხომალდები და გაცილებით მეტი ფიზიკური საფრთხე აქვს.
ფილმის მთავარი მოვლენა კი მეტ დეიმონია. იმდენად კარგი, რომ ცალკე სათაურსაც იმსახურებს.
დეიმონის ოდისევსი ზუსტად ისეთია, როგორიც ამ ვერსიას სჭირდება. ჭკვიანი და ძლიერი, მაგრამ ამავდროულად დაღლილი, დაჭრილი, ჭუჭყიანი და იმ ყველაფრით გამოფიტული, რაც გზად გადახდა. მის გმირში თითქმის არაფერია კლასიკური ჰოლივუდური გმირისგან. უფრო ჰგავს ადამიანს, რომელმაც წლები ომში გაატარა და ახლა სამყაროსთან მუდმივ კამათშია.
სწორედ ამიტომ არის დეიმონის შესრულება ასეთი კარგი. ის ოდისევსს იდეალიზებულ გმირად არ აქცევს. მისი პერსონაჟი გონივრულიც არის, ამაყიც, მომხიბვლელიც, სასტიკიც და დაუცველიც. ზოგჯერ შესანიშნავ გადაწყვეტილებებს იღებს, ზოგჯერ კი თავადვე ურთულებს საკუთარ ცხოვრებას. და ამ ყველაფრის ფონზე მაინც გინდა, რომ ბოლოს როგორმე სახლში მიაღწიოს.

ითაკაში მას ენ ჰეთეუეის პენელოპე ელოდება. სანამ ოდისევსი ზღვებს კვეთს და სიცოცხლისთვის იბრძვის, პენელოპეს სახლში თავისი პრობლემები აქვს. სასახლე სავსეა კაცებით, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მისი ქმარი დიდი ალბათობით გარდაცვლილია და ახლა ერთ-ერთი მათგანი მისი ახალი მეუღლე უნდა გახდეს.
ჰეთეუეი პერსონაჟს ზედმეტი დრამატიზმის გარეშე თამაშობს. პენელოპე აკვირდება, აანალიზებს და თითოეულ ნაბიჯს წინასწარ ითვლის. მსახიობისთვის ეს ნოლანთან მესამე თანამშრომლობაა „ბნელი რაინდის აღზევებისა“ და „ინტერსტელარის“ შემდეგ და აშკარაა, რომ ჰეთეუეი მის კინემატოგრაფიულ სამყაროში თავს სრულიად თავისუფლად გრძნობს.
„ოდისეაში“ ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. ტელემაქეს ტომ ჰოლანდი თამაშობს, ათენას ზენდეია. ფილმში ასევე მონაწილეობენ შარლიზ ტერონი, ლუპიტა ნიონგო, ჯონ ბერნთალი, ბენი სეფდი, მია გოთი, ჯონ ლეგუიზამო და სამანტა მორტონი. ეს ის შემთხვევაა, როცა გარკვეული დროის შემდეგ ეკრანზე კიდევ ერთი ცნობილი მსახიობის გამოჩენა უკვე აღარ გაკვირვებს.

თუმცა მეტ დეიმონის შემდეგ ჩვენი ყველაზე დიდი აპლოდისმენტები რობერტ პატინსონს ეკუთვნის.
ის პენელოპეს ყველაზე გავლენიან და ყველაზე უსიამოვნო მთხოვნელს, ანტინოოსს თამაშობს და აშკარად ძალიან კარგად ერთობა ამ პერსონაჟით. მასში საკმარისი ამპარტავნება და საფრთხეა, თუმცა იმდენი ხიბლიც რჩება, რომ ჩვეულებრივ ბოროტმოქმედად არ იქცეს.
პატინსონს ბოლო წლებში განსაკუთრებით კარგად გამოსდის პერსონაჟები, რომლებიც ფილმის განწყობას მხოლოდ საკუთარი გამოჩენით ცვლიან. „ოდისეაშიც“ ზუსტად ასე ხდება. რამდენიმე წუთიც საკმარისია იმისთვის, რომ ყურადღება მთლიანად პატინსონსონისკენ გადავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო თანამედროვე ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი მსახიობები არიან.

ყველაფერი დანარჩენი ძალიან ნოლანურია. ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით 250 მილიონ დოლარს შეადგენს, გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა და პროექტი მთლიანად IMAX-ის ფირის კამერებით არის გადაღებული. უზარმაზარი პეიზაჟები, ხომალდები, მღელვარე ზღვა და საბრძოლო სცენები აშკარად დიდ ეკრანზე სანახავადაა შექმნილი.
სამსაათიანი ფილმით არ მოგაწყინოს, ალბათ, მხოლოდ ნოლანს შეუძლია. რეჟისორი დაძაბულობას იშვიათად ამცირებს. ერთი პრობლემა მეორეს ცვლის, ერთ საფრთხეს მეორე მოსდევს და რაღაც მომენტში უკვე თავადაც იღლები ოდისევსის ნაცვლად. ერთი სული გაქვს, როგორმე ითაკამდე მიაღწიოს, შენ კი კინოდარბაზიდან გახვიდე. როდესაც ბოლოს ტიტრები იწყება, ხვდები, რომ სუნთქვაც ნორმალურ რიტმს უბრუნდება.
ალბათ ესეც ჩანაფიქრის ნაწილია. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელიც უბრალოდ შინ დაბრუნებას ცდილობს და გზად თითქმის მთელი სამყარო უშლის ხელს.

მოკლედ, ფილმი ფანტასტიკურია და არანაკლებ შთამბეჭდავია მისი შემოსავალიც. აგვისტოს დასაწყისისთვის „ოდისეის“ მსოფლიო შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ შედეგით ის ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა და „ბნელი რაინდის აღზევებასაც“ გაუსწრო.