ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
მაღალი მოდის კვირეული მოგვიახლოვდა და პირველივე დღეს მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდის, დიორის 2025 წლის კოლექცია ვიხილეთ. 2016 წლიდან მოყოლებული, დიორის კრეატიული დირექტორი მარია გრაცია კიური გახლავთ, რომელიც ბრენდის ისტორიაში პირველი ქალია ამ პოზიციაზე.
წლების მანძილზე, დიორის ყველა კრეატიული დირექტორი ცდილობდა, ბრენდის იდენტობა, ტრადიციები და ისტორია შეენარჩუნებინა, თუმცა ამავდროულად, ინოვაციური იდეებით ფეხი აეწყო თანამედროვე სამყაროსთვის. მარია გრაცია კიური სწორედ ამ გზას აგრძელებს და მისი 2025 წლის პირველი კოლექციაც ამის დასტურია.
კოლექციის ჩვენება როდენის მუზეუმის ბაღებში გაიმართა, სადაც პოდიუმი ინდოელი თანამედროვე ხელოვანის, რითიკა მერჩანტის ფერადი ნამუშევრებით იყო გაფორმებული. მხატვრის ფანტასტიკური არსებები და ტროპიკული მცენარეები ჩვენებისთვის ზღაპრულ გარემოს ქმნიდა.
რითიკა მერჩანტი ხელოვანია მუმბაიდან, რომელიც მითოლოგიით, სამეცნიერო და სპეკულაციური ფანტასტიკითაა გატაცებული. მის ნამუშევრებში გაცოცხლებული არსებები და სიმბოლიზმი, ვიზუალური ხელოვნების დახმარებით, სამყაროს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს კოლექტიური წარსულისა და მეხსიერების ირგვლივ აერთიანებს.
დიორის შოუსთვის ინსტალაცია Chanakya-ს ატელიესა და ხელოვნების სკოლის ერთობლივი ძალით, 144,000 საათში 306 ხელოვანის მიერ შეიქმნა.
დიორის 2025 წლის კოლექცია ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენდა. პოდიუმზე ვიხილეთ ფართო რგოლებიანი ქვედაბოლოები, ჰაეროვანი და გამჭვირვალე კორსეტები, რომლებიც ქალის სხეულის სილამაზეს უსვამს ხაზს. კოლექცია შთაგონებული იყო დიორის 1950-იანი წლების კლასიკური ფორმებით - გამოკვეთილი წელის ხაზითა და ტრაპეციული სილუეტებით. ტრადიციული ელემენტები ისეთ თანამედროვე დეტალებთან იყო შეხამებული, როგორებიცაა ბზინვარე ქსოვილები, ლენტებით გაფორმებული ქვედაბოლოები და მაქმანები.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კოლექციის ფეხსაცმელმა და მოდელების ავანგარდულმა ვარცხნილობამ, რომელზეც Guido Palau-მ იმუშავა.
მარიას კრეატიული ხედვა საოცრებათა სამყაროში გვამოგზაურებს, სადაც ქალები ყვავილების, ფრინველებისა და პეპლების ფერად სამოსში არიან გამოწყობილნი. კოლექციას ბავშვობის ზღაპრის ელფერი ჰქონდა, ხოლო მაქმანებით გაფორმებული კაბები და ქალური კორსეტები ერთმანეთს კონტრასტულად ერწყმოდა.
ამ ზღაპრული დღის ნაწილი იყო ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომელმაც დიორის შავი კლასიკური ლუქი მოირგო.