ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
ბერლინალეს წითელი ხალიჩა ყოველთვის ელეგანტურობითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევა. 2025 წლის, რიგით 75-ე ბერლინის კინოფესტივალიც არ ყოფილა გამონაკლისი. ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ლუქებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი სხვა ვარსკვლავების ჩაცმულობებს გადავხედოთ.
მარიონ კოტიარი
ფრანგმა მსახიობმა მარიონ კოტიარმა ბერლინალესთვის თეთრი კაბა შანელის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შეარჩია. სადა და ელეგანტური კაბა შავი ქამრითა და განსაკუთრებული ფორმის სახელოებით იყო გაფორმებული. თუმცა, მთავარი სიურპრიზი კაბის უკანა ნაწილი აღმოჩნდა - ამოჭრილი ზურგი, რომელსაც მეტალის ღილებით შეკრული შავი კორსეტი ფარავდა.
ჯესიკა ჩესტეინი
ჯესიკა ჩესტეინმა წითელი ხალიჩიდან დაადასტურა, რომ მბრწყინავი სამოსი კვლავ ტრენდშია! ჰოლივუდის ვარსკვლავმა ფილმის Dreams პრემიერაზე სპეციალურად მისთვის შექმნილი Gucci-ის კაბა მოირგო, რომელიც მთლიანად მბრწყინავი დეტალებით იყო გაფორმებული. ლუქს ფუშფუშა ვარდისფერი მოსაცმელი ამშვენებდა.
რობერტ პატინსონი
რობერტ პატინსონი ბერლინალეს წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ბერლინური ლუქით გამოჩნდა. მსახიობმა Mickey 17-ის პრემიერაზე 90-იანი წლების სტილის, Dior-ის უახლესი კოლექციის ტყავის სამოსი მოირგო, რომელიც მის ბეტმენურ წარსულსა და ბერლინური ღამის კლუბების, განსაკუთრებით კი Berghain-ის, ესთეტიკას ეხმიანებოდა.
ჯეიკობ ელორდი
ავსტრალიელმა ვარსკვლავმა ჯეიკობ ელორდიმ კინოფესტივალზე ახალი იმიჯი მოირგო. მის გულშემატკივარს კარგად ახსოვს ჯეიკობის გრძელი წვერის ერა (რასაც დიდი მოწონება არ დაუმსახურებია). 2025 წელს მსახიობი კვლავ :სუფთა" სტილს დაუბრუნდა, თუმცა Elvis-ის როლიდან გამოყოლილი ესთეტიკაც შეინარჩუნა. The Narrow Road to the Deep North-ის პრემიერაზე მსახიობმა მთლიანად შავი, ელეგანტური ლუქი მოირგო.
სიდნი სვინი
Euphoria-ს ვარსკვლავი სიდნი სვინი ბერლინალეზე Armani Beauty „In the Spotlight" წვეულებაზე გამოჩნდა. მან კლასიკური, ელეგანტური თეთრი კაბა მოირგო, რომელიც მინიმალიზმისა და დახვეწილი სტილის იდეალურ ნაზავს წარმოადგენდა.
ემა მაკი
Sex Education-ის ვარსკვლავმა ემა მაკიმ ბერლინალეზე თავისი ახალი ფილმის, Hot Milk-ის პრემიერისთვის თეთრი ლუქი შეარჩია. თავდაპირველად, მსახიობმა წითელი ხალიჩა ელეგანტური თეთრი მოსასხამით გაიარა, შემდეგ კი მოსასხამის ქვეშ კლასიკური თეთრი კაბა გამოაჩინა, რომელიც ფეხებთან ორი ღრმა ჭრილით იყო გაფორმებული.
როუზ ბირნი
ავსტრალიელი ვარსკვლავი როუზ ბირნი წითელ ხალიჩაზე სადა, თუმცა შთამბეჭდავი იმიჯით გამოჩნდა. მისი შუასაუკუნეების სტილის, მეტალის დისკებით აწყობილი ტოპი Prada-ს სახლის შემოქმედება გახლდათ და საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ დეტალს წარმოადგენდა. როუზიმ ლუქი სწორი, შავი ქვედაბოლოთი გაამარტივა და სამკაულებზეც უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინალე 2025 წლის 13 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვლამდე გასტანს, მანამდე კი ფესტივალის წითელი ხალიჩა, რომელზეც ვარსკვლავები გამორჩეული ჩაცმულობითა და უნიკალური სტილით იწონებენ თავს, კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში დარჩება.