BAD BUNNY მუსიკალური სცენის მიღმა

გეიმინგის სამყაროში Side Quest ისეთი თავგადასავალია, რომელიც მთავარ სიუჟეტს პირდაპირ არ ცვლის, თუმცა თამაშს უფრო მრავალფეროვანს, პერსონაჟს კი ლეგენდარულს ხდის. დღევანდელ პოპ-კულტურაში ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, იგივე Bad Bunny, სწორედ ასეთი, უმაღლესი დონის მოთამაშეა.

მიუხედავად იმისა, რომ მან მთავარი მისია უკვე შეასრულა და ლათინურ-ამერიკული მუსიკა გლობალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ დომინანტ ძალად აქცია, ბოლო წლები სრულიად მოულოდნელ ამპლუებში გამოცდილების დაგროვებასაც დაუთმო.

Bad Bunny, ბედ ბანი, ბენიტო, WWE

მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაბიჯი რინგზე გამოჩენა იყო. ცნობილი ადამიანების უმეტესობა WWE-ს ან UFC-ის მატჩებს მხოლოდ პერსონალური რეკლამისთვის, მაყურებლის სტატუსით ესწრება, თუმცა ბენიტომ ათლეტის გზა აირჩია და ოთხი ოფიციალური მატჩიც ჩაატარა. მისი მოგზაურობა WWE-ში 2021 წლის იანვარში, ფლორიდაში, Royal Rumble-ზე დაიწყო, სადაც რიგნზე The Miz-სა და ჯონ მორისონთან ერთად გამოჩნდა.

Bad Bunny, ბედ ბანი, ბენიტო, WWE
Street Fight Bad Bunny vs. Damian Priest

მან რამდენიმე თვე ორლანდოშიც გაატარა, რათა პროფესიონალი მოჭიდავეების მეთვალყურეობის ქვეშ ევარჯიშა. WrestleMania 37-ზე, სადაც გამარჯვების მოსაპოვებლად დემიან პრისტთან გაერთიანდა, ბენიტომ შეასრულა ილეთი Canadian Destroyer, რომლის გაკეთებაც გამოცდილ პროფესიონალებსაც კი უჭირთ.

Bad Bunny, ბედ ბანი, ბენიტო, WWE

პარალელურად, Bad Bunny-მ მოდის სამყაროშიც მოახდინა რევოლუცია. ის თამამად უარყოფს ტრადიციულ ლათინურ-ამერიკულ მაჩოს სტილს და გვაჩვენებს, რომ თავდაჯერებულობა საუკეთესო აქსესუარია. იქნება ეს Jacquemus-ის კოსტიუმი Met Gala-ზე თუ სამოსი Vogue World-ისთვის, ის მუდმივად ეწინააღმდეგება სტერეოტიპებს იმის შესახებ, თუ რა შეეფერება მამაკაცს.

Bad Bunny, ბედ ბანი, ბენიტო, Met Gala, მეტ გალა

წითელი ხალიჩის გარდა, ბენიტო კინოშიც გამოჩნდა. 2022 წლის ფილმში Bullet Train მან შურისმაძიებელი მკვლელის, „მგლის“ როლი მოირგო და ბრედ პიტთან ერთად გადასაღები მოედანი გაიზიარა. ამას მოჰყვა უფრო დრამატული როლი ფილმში Cassandro, შემდეგ კი კომედია Happy Gilmore 2.

Bad Bunny, ბედ ბანი, ბენიტო, ბრედ პიტი, Brad Pitt, Bullet Train

შოუბიზნესის მიღმა, Bad Bunny-მ საფუძველი ჩაუყარა ბიზნეს იმპერიას, რომლის მისია ლათინური ამერიკის კულტურის გაძლიერებაა. სპორტული სააგენტოს, Rimas Sports-ის დაარსების მთავარი მიზანი პუერტორიკოელი ათლეტებისთვის გლობალურ ასპარეზზე უკეთესი პირობების შექმნა იყო. ისეთი ლეგენდების მხარდაჭერით, როგორიცაა ივან როდრიგესი, ბენიტო ზრუნავს, რომ მომავალ თაობას საჭირო ფინანსური დახმარება ჰქონდეს.

Bad Bunny, ბედ ბანი, ბენიტო

Bad Bunny-ს ნებისმიერ საქმეში წარმატება მის გულწრფელობას უკავშირდება. ის ამ ყველაფერს პოპულარობისთვის არ აკეთებს, უბრალოდ იმ საქმის ერთგულია, რომელიც უყვარს. რინგზე იბრძვის თუ 2026 წლის Super Bowl-ის შოუზე გამოდის, ის ყველა პროექტს ერთი და იმავე სიყვარულით უდგება.

ზევით