დათო კენჭიაშვილს ერთხელ ვესაუბრე. არაფორმალურ გარემოში, როცა არც კამერები უღებს და არც მისი შემოქმედებით აღტაცებული გულშემატკივრებისთვის უწევს ყურადღების მიქცევა, ძალიან მშვიდი და გულჩათხრობილია. ძირითადად მუსიკაზე საუბრობს, იმ მოვლენებსა და მომენტებზე, რომლებიც მისი მუსიკალური შთაგონების წყარო ხდება.
იმ მუსიკის, რომელსაც დღეს მხოლოდ Youtube არხზე 220 მილიონამდე მოსმენა აქვს.
დათო კენჭიაშვილი ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელია, რომლის მუსიკაც ყოველდღიურ ტრანსფორმაციას განიცდის და რაღაც ჯერ კიდევ გაუგონრად ყალიბდება. ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და არა ერთი კონცერტი აქვს ჩატარებული, მათ შორის ისრაელში, სადაც სცენაზე ათი ათასი მსმენელის წინაშე წარსდგა.
დათო კენჭიაშვილის პირველი სიმღერა – „ შენმა სურვილმა დამლია“ გაჟღერებისთანავე გაჰიტდა.
მუსიკოსი მსმენელმა ისეთი კომპოზიციებით შეიყვარა, როგორებიცაა „რამდენი მალოდინე", „არ დაიჯერო", „მიყვარხარ" და სხვა. კიდევ ერთი სიმღერა, რომლითაც დათო კენჭიაშვილს ფართო საზოგადოება იცნობს, “იორო” გახლავთ, რომელსაც მის კარიერაში დიდი დატვირთვა აქვს. კომპოზიცია ქართველი არტისტის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი გახდა. თავად დათოც იორივითაა - ხან ხმაურიანი, ხან ძალიან მშვიდი, როგორც მისი შემოქმედება. რაც მთავარია, “იორო” დათოს დედის საყვარელი სიმღერა გახლდათ, რომელსაც არტისტმა დასთან - თათია კენჭიაშვილთან ერთად, გასული წლის 4 მარტს კონცერტი მიუძღვნა.
თათია ტიტას ჰგავს - ნაზია, ფერადი და თბილი. და-ძმა კენჭიაშვილების საღამო, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ტიტებით გაფორმებულ სცენაზე გაიმართა და “მათ ლალისთან” ერთად, ყველა დედას მიეძღვნა.
დათო მუსიკალური ოჯახიდან მოდის. მან და თათიამ მუსიკის პირველი გაკვეთილებიც დედასთან ერთად გაიარეს. არტისტის რეპერტუარის დიდი ნაწილი ქართულ ფოლკლორს მოიცავს, თუმცა მუსიკოსი მოწოდებით ექსპერიმენტატორია. დათოს და მისივე შექმნილი ჯგუფი “თაობის” ბოლოდროინდელი კომპოზიციები ფოლკლორისა და ალტერნატიული მუსიკის უნიკალური ნაზავია.
ექსპერიმენტული პროექტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ხშირად მარტოს, მთაში უყვარს ყოფნა, ბუნებას უსმენს და სწორედ იქიდან მოდის მუზა. დისგან, თათიასგან განსხვავებით, რომელიც ნამდვილი social butterfly-ია, დათოს ინსპირაციის წყარო საკუთარ თავში ძიება და ახალ ადგილებზე დაკვირვებაა. თითქოს, სადაც უმოგზაურია და რაც უნახავს, ყველაფერი მუსიკაში გადმოაქვს. განსხვავებულია მისი სასცენო პრეზენტაციაც. თათიასთან ერთად სცენაზე უკან იხევს. დას, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სიყვარული აქვს, მისსავე რიტმში უკეთებს აკომპანირებას.
დათო და თათია კენჭიაშვილები. კანი, საფრანგეთი
კენჭიაშვილის მუსიკაში იგრძნობა ყველაფერი: საქართველოც, მთებიც, სიყვარულიც და სევდაც. ცოტა აღმოსავლეთიც, ცოტა დასავლეთიც. რაც მთავარია, უნიკალური ნიჭი, რომლის განვითარებასაც ყოველდღიურად ცდილობს. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი აქვს, მათ შორის კონცერტების სერია, რომლებზეც მუსიკოსი ჯგუფ “თაობასთან” ერთად მუშაობს და მალე დააანონსებს კიდევაც.
ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. ამ ტრიუმფით ილია გახდა MMA-ის ისტორიაში მეათე მებრძოლი, რომელმაც შეძლო და ორი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შვეიცარიულმა საათების ბრენდმა და დავით კაკაბაძის ატელიემ ერთობლივად წარადგინეს უნიკალური საათი „UR-100V Time and Culture III“, რომლის დიზაინიც სვეტიცხოვლის ფრესკითაა შთაგონებული და სრულად ქართველი ოსტატების მიერაა შექმნილი.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.