The Grand Budapest Hotel ვეს ანდერსონის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქმნილებაა, რომელმაც გამოსვლის დღიდან - დღემდე, საშუალება მოგვცა, დროდადრო რეჟისორის გონებაში შექმნილ წარმოსახვით სამყაროში ჩავკარგულიყავით და ზუბროვკას რესპუბლიკის ნოსტალგიური, რთული სამყაროს დინებისთვის მიგვედევნებინა თვალი, რომელიც არა მხოლოდ მე-20 საუკუნის აღმოსავლეთ ევროპის პრობლემურ ისტორიას ასახავს, არამედ La Belle Epoque-ის ექოსაც წარმოადგენს.
ზუბროვკას რესპუბლიკა წარმოსახვითი სამყაროა აღმოსავლეთ ევროპაში. მისი შექმნის იდეა გენიალურ ვეს ანდერსონსა და უგო გინესს ეკუთვნით. თუმცა, მსგავსი ბრწყინვალების შექმნა დიდ შთაგონებასაც საჭიროებს, რომელსაც ანდერსონმა შტეფან ცვაიგის რომანებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიაგნო.
ნოსტალგიური სამყაროს გასაცოცხლებლად, The Grand Budapest Hotel-ის გადაღებები აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა, თუმცა, ფილმის დიდი ნაწილი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გერლიცში გადაიღეს - ქალაქში, რომელიც აქამდე არა ერთი სხვა ფილმის, მათ შორის Inglourious Basterds-ის, The Reader-ის, The Book Thief-ისა და The Monuments Men-ის შთაგონების წყარო და გადასაღები მოედანიც გამხდარა.
Görlitzer Warenhaus
მიტოვებულმა უნივერმაღმა არტ ნუვოს სტილში - სახელად Görlitzer Warenhaus - ნახვისთანავე მოაჯადოვა ვეს ანდერსონი. ის იმდენად გაოცებული და იმავდროულად შთაგონებული ყოფილა ამ ადგილით, რომ გადაწყვეტილება უმოკლეს დროში მიიღო და სულ რაღაც 4 თვეში, მიტოვებული უნივერმაღი The Grand Budapest Hotel-ად იქცა.
Görlitzer Warenhaus უნივერმაღი
ვეს ანდერსონის ხედვის მიხედვით, დიზაინერების ჯგუფმა განსაცვიფრებლად გარდაქმნა Görlitzer Warenhaus-ის დიზაინი და ის უნიკალურ სასტუმროდ აქცია.
The Grand Budapest Hotel-ის ექსტერიერი, მისი ვიზუალური მხარე ვეს ანდერსონმა ბიბლიოთეკაში, 1920-30-იანი წლების ფოტოქრომის პრინტების თვალიერებით შექმნა. რეჟისორის იდეებით, ფოტო პრინტებითა და აღმოსავლეთ ევროპის ღირსშესანიშნაობებით შეიკრა სურათი, რომელიც ფილმის ხსენებისას პირველი ამოგვიტივტივდება გონებაში.
Hotel Adlon ბერლინში
ფილმის დეკორაციების ინსპირაციად, გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სასტუმროები და სპა-ცენტრები იქცნენ, ისეთები, როგორებიც Hotel Adlon-ა ბერლინში, Grandhotel Pupp-ი კარლოვში და Savoy Hotel-ი ლონდონში. რაც შეეხება The Grand Budapest Hotel-ის ვარდისფერ ექსტერიერს, ის აგრეთვე შთაგონების ნაყოფი გახლავთ და ამისთვის კარლოვის 2 მშვენიერ სასტუმროს: Grandhotel Pupp-სა და The Palace Bristol Hotel-ს უნდა ვუმადლოდეთ.
The Palace Bristol Hotel კარლოვი
MENDL’S
თუ The Grand Budapest Hotel ნანახი გაქვთ, მაშინ შეყვარებული იქნებით Mendl’s-ის ულამაზეს ნამცხვრებზე, რომლებსაც მშვენიერი აგატა ამზადებს. საცხობის ინტერიერის კადრები მე-19 საუკუნის ცნობილ ქარხანაში - Pfunds Molkerei-შია გადაღებული; ექსტერიერის კადრებისთვის კი გადაღებები ისევ გერლიცში, ერთ-ერთი საცხობის წინ მიმდინარეობდა.
Pfunds Molkerei
ZWINGER MUSEUM
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სცენა გერმანიაში, დრეზდენის Zwinger Museum-ში გადაიღეს. Zwinger Museum ყოფილი როკოკოს სასახლეა, რომელიც მე-18 საუკუნეში აშენდა საქსონიაში გარე სასამართლო დღესასწაულების მოსაწყობად და პრაქტიკულად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმის გადაღებებისთვის Zwinger Museum ხელოვნების მუზეუმად გადაკეთდა და ეკრანიზაციას ნამდვილად შემატა ყველაზე დასამახსოვრებელი და დიდებული კადრი.
Zwinger Museum
THE STADTHALLE
გახსოვთ სასტუმროს დიდებული რესტორანი, სადაც მოხუცი ზერო ახალგაზრდა ავტორს (ჯუდ ლოუ) უყვება მ. გუსტავთან მეგობრობის ამბავს? რესტორნის ფილმის ეპიზოდი რეალურად Stadthalle-შია გადაღებული. შენობა, რომელიც 1910 წელს აშენდა, წლების განმავლობაში იყო დაკეტილი, სანამ ის Anderson & Company-მ არ აღმოაჩინა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ძველი Stadthalle ბრწყინვალე სასადილო ოთახად არ გადააკეთა.
Stadthalle
პრაღა - ქალაქი, რომელმაც რეალურად შთააგონა ანდერსონი
ზუბროვკას რესპუბლიკის მიღმა არაერთი ცნობილი ლოკაცია დგას, რომელთა დიდი ნაწილიც დღეს გაგაცანით, მაგრამ, განსაკუთრებული ინფორმაცია ბოლოსთვის შემოვინახეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებების უმეტესი ნაწილი გერმანიაში, საქსონიის რეგიონში მიმდინარეობდა, ვეს ანდერსონმა აღიარა, რომ წარმოსახვითი სამყაროს რეალური შთაგონება პრაღა გახდა.
პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
პრაღა ის ქალაქია, რომელმაც ჩვენი ისტორიის შექმნისთვის შთამაგონა... ეს არის საოცრად სანახაობრივი ქალაქი, აქ ყოფნის დროს უბრალოდ გიჩნდება განცდა, რომ ისტორია შენ წინ დგას - ვეს ანდერსონი.
ზაფხული ახლოვდება და ყველა იმაზე ვფიქრობთ, სად გავექცეთ ქალაქის სიცხეს და სწრაფ რიტმს. The Diary–ს Cover Story–ში სწორედ ასეთ განტვირთვაზე, ქალაქგარეთ გასვლასა და დასვენებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი გმირები კი მოდელი ანნა შელია და ყოფილი მორაგბე ლაშა ლომიძე არიან.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.