
ყოველდღიურობაში ხშირად შეუმჩნევლად ვუშვებთ შეცდომებს თავის მოვლის რუტინაში, რაც შესაძლოა გამონაყარის, ნაადრევი დაბერებისა და კანის გამოშრობის მიზეზი გახდეს. ლამაზი და ჯანმრთელი კანისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტების გამოყენება, არამედ რეგულარული და სწორად შედგენილი რუტინაც.
მაკიაჟით ძილი

ალბათ ყველას ერთხელ მაინც ჩაგძინებიათ მაკიაჟით, მაგრამ ეს კანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ჩვევაა. მაკიაჟის გარდა, დღის განმავლობაში სახეზე გროვდება ცხიმი და ჭუჭყი, რაც ფორებს ახშობს და კანის ბუნებრივ აღდგენას აფერხებს. ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად, ძილის წინ ყოველთვის მოიშორეთ მაკიაჟი გამწმენდი გელით ან ქაფით.
SPF-ის გამოტოვება
ულტრაიისფერი სხივები კანს სერიოზულ ზიანს აყენებს და ნაადრევ დაბერებას იწვევს. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენება აუცილებელია. მისი მოხმარება გაგიმარტივდებათ, თუ შეიძენთ პროდუქტს, რომელიც დამატენიანებლის ან მაკიაჟის ბაზის ფუნქციასაც შეასრულებს. ეს კანს სიმსუბუქეს შემატებს და დღის განმავლობაში კომფორტს შეგიქმნით.
მაკიაჟის ფუნჯების გაურეცხავად გამოყენება

გაურეცხავი ფუნჯები მაკიაჟის ნარჩენებისა და ბაქტერიების ბუდეა, რაც ხშირად იწვევს კანის გაღიზიანებასა და გამონაყარს. რეკომენდებულია ფუნჯების გარეცხვა მინიმუმ კვირაში ერთხელ სპეციალური საპნით ან სწრაფი წმენდის სპრეით.
მაკიაჟის ხელსახოცების ხშირი გამოყენება
მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები მარტივი გამოსაყენებელია, მაგრამ ისინი კანს სრულად ვერ ასუფთავებს. ამის გამო, მათი ხშირი გამოყენება შესაძლოა სიმშრალესა და გაღიზიანებას იწვევდეს. თუ ხელსახოცების გამოყენებას გადაწყვეტთ, უმჯობესია ისინი მხოლოდ პირველადი გაწმენდისთვის გამოიყენოთ, ხოლო შემდეგ სახე შესაბამისი გამწმენდით დაიბანოთ.
მშრალი შამპუნის ხშირი გამოყენება
მშრალი შამპუნის ხშირი გამოყენება თავის კანზე პროდუქტის დაგროვებას იწვევს, რაც ფორებს ახშობს და თმის ღერების შესუსტებას უწყობს ხელს. ეცადეთ, მშრალი შამპუნი მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გამოიყენოთ. თმის დაბანა კი რეკომენდებულია ყოველ 2-3 დღეში, რათა შეინარჩუნოთ სკალპის ჯანმრთელობა.