ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
10 მარტს, პარიზში, Réfectoire des Cordeliers-ის დარბაზში, ირაკლი რუსაძემ Situationist-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. სიტუაციონისტი ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც მოდისა და ოტ კუტურის ფედერაციამ (FHCM) პარიზის მოდის კვირეულზე კოლექციის წარსადგენად მიიწვია. მეათე, საიუბილეო წელს ბრენდის ჩვენება ქართველმა ტოპ-მოდელმა, მატილდა გვარლიანმა გახსნა.
![]() |
![]() |
რუსაძის ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე აქამდეც იყო წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ პრეზენტაციის ფორმატში. 2025 წლის ბოლოს მოპოვებულმა კერძო ინვესტიციამ კი ბრენდს საშუალება მისცა, გასცდენოდა off-schedule ფორმატს და ახალ ეტაპზე გადასულიყო.
![]() |
![]() |
FW26 კოლექციაში რუსაძემ ბრენდისთვის დამახასიათებელი ე.წ. სტეიტმენტ სამოსისგან განსხვავებით, ყოველდღიური სამოსი წარმოადგინა. დიზაინერის თქმით, მიზანი უფრო ინკლუზიური კოლექციის შექმნა იყო, რომელიც ყოველდღიურობისთვის განკუთვნილ დიზაინებსა და საღამოს კაბებს გააერთიანებდა.

ჩვენების ტექნიკურ მხარეზე ინდუსტრიის აღიარებულმა პროფესიონალებმა იმუშავეს. მათ შორის არიან მაკიაჟის ოსტატი თომ ვოლკერი, თმის სტილისტი ტომ რაიტი და დოგუკან ნესანირი. ბრენდის არტ-დირექტორი დავით გიორგაძე აღნიშნავს, რომ კოლეგების მხარდაჭერა და კავშირები ბრენდის განვითარების ამ ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამასთანავე, ბრენდის ისტორიაში პირველად, წარმოების ნაწილი იტალიაში მიმდინარეობდა. ნაქსოვი ნაწარმი ნეპალში დამზადდა, ხოლო დიზაინებს აქსესუარების ხაზი – ჩანთები და სათვალეები დაემატა.
![]() |
![]() |
ეს კომერციული კოლექციაა, – ირაკლი რუსაძე.
ეს სტრატეგიული ცვლილება ადგილობრივი ბაზრის არასტაბილურობამაც განაპირობა. საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მათ შორის „აგენტების შესახებ“ კანონისა და ანტი-ლგბტ კანონპროექტების გარშემო დაწყებული პროტესტის შემდეგ თბილისის მოდის კვირეულმა ორწლიანი პაუზა აიღო. მოდის კვირეულები კი ქართველი დიზაინერებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საერთაშორისო კომპანიებთან, მყიდველებთან და სპონსორებთან კავშირების დასამყარებლად.
![]() |
![]() |
2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კულტურის სფეროსთვის, მათ შორის დიზაინერებისთვის, წარმოების ხარჯების შემცირების რეალურ იმედს აჩენდა. თუმცა, მიღებულმა კანონპროექტებმა ეს შესაძლებლობა და საქართველოს ევროპული მომავლის შანსები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
![]() |
![]() |
საქართველო ყოველთვის იყო ადგილი, სადაც შემოქმედება სირთულეების პარალელურად არსებობდა. კულტურას აქვს ძალა, ქვეყნის შესახებ ისტორია მოუყვეს სამყაროს, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, – ირაკლი რუსაძე.

ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ბრენდმა სტაბილურობა ინდივიდუალური შეკვეთებითა (მათ შორის ბიონსეს Renaissance ტურნესთვის შექმნილი სამოსით) და გაყიდვების ქსელის ოპტიმიზაციით შეინარჩუნა. მაისში, თბილისის მოდის კვირეული ბრუნდება, ამასთან ერთად კი Situationist-ი დედაქალაქში მაღაზიის გახსნას გეგმავს.
პარიზულ დებიუტზე ირაკლი რუსაძის გუნდმა აჩვენა, რომ Situationist-ი უკვე რეგიონული ნიშური ბრენდიდან საერთაშორისო სტანდარტის მქონე მოთამაშედ ტრანსფორმირდა.