#მოდა

სალომე პრესერი პარიზის მოდის კვირეულზე დებიუტისთვის ემზადება

გაზიარება:

ქართველი მოდელი, 15 წლის სალომე პრესერი საერთაშორისო მოდის სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და უკვე მზად არის, ამ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. მაშინ, როცა მატილდა გვარლიანი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ათეულშია, სალომე სწორედ მის კვალს მიჰყვება – ზუსტად ისე, როგორც უამრავი ქართველი გოგო, ვინც სუპერმოდელობაზე ოცნებობს.

Salome Presser, სალომე პრესერი, ქართველი მოდელი

სალომემ საქართველოში შეიყვარა მოდა და ამ სფეროში პირველი ნაბიჯები აქ გადადგა, ახლა კი საერთაშორისო კარიერის შენებას იწყებს და საინტერესო გამოცდილებების დაგროვებისთვის ემზადება. სულ მალე, სალომეს დებიუტი პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზე შედგება.

The Diary-სთან ინტერვიუში სალომე მოდისადმი სიყვარულზე, ოცნებებსა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება.

სალომე, როდის გაგიჩნდათ მოდისადმი ინტერესი?

სალომე: მოდის სამყაროში პირველად 8 წლის ასაკში მოვხვდი. ჩემს მშობლებს საბავშვო სამოსის ბუტიკი ჰქონდათ, ხოლო დედა, რომელიც ყოველთვის კარგად ერკვეოდა მოდაში, ლუქების გემოვნებით შერჩევაში მეხმარებოდა. ყოველთვის ისეთი ბრენდებით ვიყავი გარშემორტყმული, როგორებიცაა Woolrich, Fendi, Dolce & Gabbana თუ Ralph Lauren. საბოლოოდ ბუტიკის სახეც გავხდი, ახალ კოლექციებს წარვადგენდი და იქ მქონდა პირველი ფოტოსესიაც.

Salome Presser, სალომე პრესერი, ქართველი მოდელი

რა სირთულეებს წააწყდით საერთაშორისო მოდის სამყაროში მუშაობისას?

სალომე: ყველაზე რთული უცხო ქვეყნებში მოგზაურობა იყო, რასაც თან ახლდა ახალი ენები, განსხვავებული მენტალიტეტი და სამუშაო ეთიკა. ადაპტაცია მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მონდომებით და შრომით შევძელი ყველაფერი გადამელახა. ამ გამოცდილებამ თავდაჯერება და ძალა შემძინა, რომ უცხო გარემოშიც კომფორტულად ვიგრძნო თავი.

Salome Presser, სალომე პრესერი, ქართველი მოდელი

რომელი პროექტია თქვენთვის ყველაზე საამაყო ამ მომენტში?

სალომე: ამ ეტაპზე პარიზის მოდის კვირეულისთვის მზადებაში ვარ და ვამაყობ, რომ პარიზის ჩვენებაზე გამოვალ. ერთი თვეა ინტენსიურად ვვარჯიშობ საქართველოში, ვმუშაობ სიარულზე, რათა პოდიუმზე თავდაჯერებულად გამოვიდე. პარიზის კვირეულზე 5 ოქტომბერს მექნება დებიუტი. ასეთო პრესტიჟული ღონისძიების ნაწილად ყოფნა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და ჩემს კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისია.

Salome Presser, სალომე პრესერი, ქართველი მოდელი

არის თუ არა ბრენდი ან დიზაინერი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თქვენზე?

სალომე: ამჟამად სხვადასხვა ბრენდთან ვთანამშრომლობ და რომელიმე კონკრეტულ ბრენდს ექსკლუზიურად არ წარმოვადგენ. თუმცა განსაკუთრებით მიყვარს Dolce & Gabbana, Chanel და Victoria’s Secret. ძალიან მინდა, ოდესმე მათ პოდიუმებზე გამოვიდე.

რას გვეტყვით უახლეს პროექტებსა და გეგმებზე?

სალომე: ახლახან რამდენიმე გამოცემას მივეცი ჩემი პირველი ინტერვიუები, რომლებიც უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება. მიხარია, რომ შემიძლია, გავუზიარო საზოგადოებას ჩემი გზა მოდელობამდე. ამ ეტაპზე მთელი ყურადღება შემდეგ თვის პარიზის მოდის კვირეულზეა მიმართული. მომავალზე ფიქრისას კი, ჩემი ოცნებაა ქართველ მოდელ მატილდასთან ერთად ვიდგე პოდიუმზე და საერთაშორისო ასპარეზზე მასთან ერთად წარვადგინო საქართველო.

ზევით