შექმენით მატილდა გვარლიანის ლუქი CHANEL-ის პროდუქტებით
მატილდა გვარლიანი და Chanel Beauty ზაფხულის მაკიაჟის ინსპირაციას გვთავაზობენ. საღამოს მაკიაჟისთვის ყველა საჭირო პროდუქტის გამოყენებით, შეგიძლიათ მატილდას ლუქის მიღება თავადაც სცადოთ.
| ნინა სიმსივე |
ქუთაისი, ერთ-ერთი უძველესი ქალაქი როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი უნიკალური რიტმით ცხოვრობს: ისტორიული წარსულით გამორჩეული, კულტურულად მრავალფეროვანი, სტუმართმოყვარე ქუთაისელებით, რომლებიც სტუმარს გულწრფელი სითბოთი ხვდებიან და რესტორნებით, სადაც ყოველ კერძში ქალაქის ხასიათი იგრძნობა.
მე კი, ვისთვისაც ქუთაისში ჩასვლა მშობლიურ რესტორნებში სტუმრობის გარეშე წარმოუდგენელია, გაგაცნობთ ხუთ ადგილს, საიდანაც ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება და კერძებიც არ დაგტოვებთ უკმაყოფილოს.
გალერეა ტერასა
ქუთაისის შუაგულში, რუსთაველის გამზირზე, „გალერეა ტერასას“ აღმოაჩენთ, საიდანაც ბაგრატის ტაძრის, ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ცენტრალური ქუჩის ხედები იშლება.
იდეალური ადგილია ფოტოსესიისთვისაც, განსაკუთრებით კი მზის ჩასვლის დროს. მენიუში დაგხვდებათ როგორც ტრადიციული ქართული კერძები, ასევე ევროპული სამზარეულო და მრავალფეროვანი კოქტეილები. გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთ „სამეფო ხაჭაპური“.
თეთრი ქვები
მდინარე რიონის პირას რესტორანი „თეთრი ქვები“ მდებარეობს. ფანჯრებიდან შეგიძლიათ მდინარის დინებით დატკბეთ, ან თეთრ ხიდზე მოსეირნე ადამიანებს დააკვირდეთ. საღამოს, განათებები გარემოს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. რაც შეეხება მენიუს, აქ გემოების მრავალფეროვნება დაგხვდებათ ქართული, ევროპული და აზიური კერძებით.
რუფტოპ გრილ რესტორანი
თანამედროვე დიზაინითა და კომფორტული გარემოთი, „რუფტოპ გრილ რესტორანი“ იდეალური ადგილია როგორც დღისით, მზის შუქზე, ასევე ღამით, ქალაქის ციმციმა განათებების ფონზე. რესტორანი მრავალსართულიანი სასტუმროს თავზე მდებარეობს, ამიტომაც მისი ფანჯრებიდან ქუთაისის 360-გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.
მენიუში ხორცისა და თევზის კერძების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, როგორც ქართული, ისე უცხოური სამზარეულოდან. გირჩევთ, დააგემოვნოთ ბროწეულის სოუსში მომზადებული ქათამი ან გრილზე შემწვარი ორაგულის ფილე.
მაგნოლია
თუ ავთენტური, მხოლოდ ქართული კერძების დაგემოვნება გსურთ, „მაგნოლიას“ ესტუმრეთ, რომელიც დიდი ხანია ტურისტების ფავორიტი რესტორანია. აქ ინტერიერი და კერძები საქართველოს კულინარიასა და კულტურას ანარეკლია. რესტორნის აივანიდან კი შეგიძლიათ გადახედოთ მდინარე რიონს და მის ნაპირებზე შეფენილ უძველეს გორის სახლებს. ხშირად შეამჩნევთ რიონში მოთევზავე კაცებსაც, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. გაზაფხულზე კი იქვე, წითელ ხიდთან, მაგნოლიის ხე ყვავის. აუცილებლად გირჩევთ დააგემოვნოთ აჭარული ლობიანი და ლობიანი კამეჩის ყველით.
გალა
„გალა“ დახვეწილი დიზაინისა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს იდეალური კომბინაციაა. მისი ფანჯრები პირდაპირ ქუთაისის ცენტრალურ ბაღს გადაჰყურებს და თავს სიმშვიდესა და ჰარმონიაში ამოყოფთ. აუცილებლად დააგემოვნეთ „გალას“ ხინკალი და სეზონური კერძები, რომლებიც მენიუში წელიწადის დროების ცვლილების მიხედვით ჩნდება.