შემოდგომა გოგრის სეზონია. ამჯერად მისგან კრემსუპს ვამზადებთ ქოქოსის რძით, ჯინჯერითა და ქინძით. სუფრასთან კი გაწურულ მაწონთან ერთად მივიტანთ.
გოგრის სიტკბოს ამ რეცეპტში ჯინჯერისა და წიწაკის სიმწარე ემატება, ქოქოსის რძე კი გემოს არბილებს. მომზადება მარტივია, თუმცა წვნიანის სისქეს ყურადღება უნდა მიაქციოთ: ნახარშის ნაწილი დაბლენდერებამდე ცალკე გადაინახეთ, რათა მოგვიანებით საჭიროებისამებრ გამოიყენოთ.
თავდაპირველად გოგრა გაასუფთავეთ. კანი გათალეთ და კოვზით ამოაცალეთ თესლი და ბოჭკოვანი ნაწილი. რბილობი კუბებად დაჭერით.
ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, დაასხით ზეთი და მოშუშეთ. ცოტა ხანში დაუმატეთ ცოტაოდენი ახალი ქინძი, დაჭრილი სტაფილო, ერთი ან ორი კბილი ნიორი და ცოტა ჯინჯერი. შემდეგ გოგრაც ჩაყარეთ და ყველაფერი ერთად კიდევ ცოტა ხანს მოშუშეთ.
დაასხით იმდენი წყალი, რომ ბოსტნეული დაიფაროს. ხარშეთ, სანამ გოგრა კარგად არ დარბილდება, შემდეგ კი გააგრილეთ. ნახარშის ნაწილი ცალკე ჭურჭელში გადაასხით და ბოსტნეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. თუ წვნიანი მეტისმეტად სქელი გამოვა, გადანახული ნახარში დაამატეთ.
ქვაბი კვლავ დადგით ცეცხლზე. დაუმატეთ ერთი მწიკვი ხმელი ქინძი, ცოტაოდენი წიწაკა, შავი პილპილი და ქოქოსის რძე.
მზა კრემსუპი თეფშებში გადაანაწილეთ და გაწურულ მაწონთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან.
ინგრედიენტები 4–6 ულუფაზე:
-
გოგრა – 1 კგ
-
ხახვი – 1 თავი
-
სტაფილო – 1 საშუალო ზომის, დაახლოებით 100–150 გ
-
ნიორი – 1–2 კბილი
-
ჯინჯერი – დაახლოებით 10 გ
-
ზეთი – 2 სუფრის კოვზი
-
ქოქოსის რძე – 250 მლ
-
ხმელი ქინძი – 1 მწიკვი
-
წიწაკა – გემოვნებით
-
მარილი – გემოვნებით
-
შავი პილპილი – გემოვნებით
-
გაწურული მაწონი – თითო ულუფაზე დაახლოებით 1 სუფრის კოვზი