დაბალი ფერიტინი: რას ნიშნავს და როგორ აისახება ორგანიზმზე

დაღლილობას, ენერგიის ნაკლებობას, თმის ცვენასა და ფერმკრთალ კანს სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ერთ მაჩვენებელს უკავშირებენ: ფერიტინს. იქვე გაჩნდა ტერმინი „ფერიტინის სახეც“, რომლითაც თვალქვეშ მუქ წრეებს, სიფერმკრთალესა და შეშუპებას აღწერენ. სამედიცინო დიაგნოზი ეს არ არის, თუმცა მის გარშემო გაჩენილი ინტერესი მნიშვნელოვან საკითხს შეეხო: ორგანიზმში რკინის მარაგი შესაძლოა ანემიის განვითარებამდე დაიცალოს.

ფერიტინი და რკინა ერთი და იგივე არ არის. რკინა ორგანიზმს ჰემოგლობინის შესაქმნელად სჭირდება, ჰემოგლობინს კი ჟანგბადი ფილტვებიდან ქსოვილებამდე გადააქვს. ფერიტინი ცილაა, რომელშიც ორგანიზმი რკინას ინახავს და საჭიროების შემთხვევაში იყენებს. ამიტომ სისხლში რკინის რაოდენობა მოცემულ მომენტში არსებულ მდგომარეობას ასახავს, ფერიტინი კი ორგანიზმის მარაგზე გვაწვდის ინფორმაციას. 

შესაძლებელია, ჰემოგლობინი და სისხლში არსებული რკინა ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებში იყოს, ფერიტინი კი უკვე შემცირებული. ასეთ დროს ანემია შესაძლოა ჯერ არ იყოს განვითარებული, თუმცა ადამიანს დაღლილობა, ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა, ყურადღების მოკრების გაძნელება ან თმის ცვენა აწუხებდეს. ამ ნიშნებს მრავალი სხვა მიზეზიც აქვს, ამიტომ მხოლოდ სიმპტომებით რკინის დეფიციტის დადგენა შეუძლებელია. 

იგივე ეხება ე.წ. „ფერიტინის სახეს“. რკინადეფიციტურ ანემიას ნამდვილად შეიძლება ახლდეს კანის სიფერმკრთალე, მაგრამ თვალქვეშ მუქი წრეები, ჩავარდნილი თვალები და შეშუპება სპეციფიკური ნიშნები არ არის. მათზე გავლენას ახდენს ძილი, გენეტიკა, ალერგია, სითხის შეკავება და ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობები. შესაბამისად, გარეგნობის მიხედვით დაბალი ფერიტინის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება.

დაბალი ფერიტინი

რკინის მარაგის შესაფასებლად მხოლოდ ფერიტინის ან შრატის რკინის ცალკეული მაჩვენებელი საკმარისი არ არის. ექიმი, როგორც წესი, აფასებს სისხლის საერთო ანალიზს, ჰემოგლობინს, ფერიტინს, ტრანსფერინის გაჯერებასა და სხვა მონაცემებს. საჭიროების შემთხვევაში მოწმდება ანთების მაჩვენებლებიც, რადგან ფერიტინი მწვავე ფაზის ცილაა და ინფექციისა თუ ანთების დროს შეიძლება მოიმატოს. ამიტომ ნორმალური ან მაღალი შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რკინის დეფიციტი გამორიცხულია. 

ჯანმრთელ ზრდასრულებში 15 მკგ/ლ-ზე დაბალი ფერიტინი რკინის მარაგის გამოფიტვაზე მიუთითებს. კლინიკურ პრაქტიკაში, ანთების არარსებობისას, დეფიციტის გამოსავლენად ხშირად 30 ნგ/მლ-მდე ზღვარსაც იყენებენ. ერთი უნივერსალური „იდეალური მაჩვენებელი“ არ არსებობს: შედეგი უნდა შეფასდეს სიმპტომებთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ანალიზებთან ერთად. 

ქალებში დაბალი ფერიტინის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი მენსტრუალური სისხლდენაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის უხვი ან ხანგრძლივია. მიზეზი შეიძლება იყოს ორსულობა, საკვებიდან რკინის არასაკმარისი მიღება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლის დაკარგვა ან რკინის შეწოვის დარღვევაც. თუ მაჩვენებელი დანამატების მიღების მიუხედავად არ იზრდება, საჭიროა დეფიციტის მიზეზის ძიება და არა მხოლოდ დოზის გაზრდა.

კვების მხრივ რკინის ყველაზე ადვილად შესათვისებელი ფორმა ხორცსა და ზღვის პროდუქტებში გვხვდება. პარკოსნები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილეული და რკინით გამდიდრებული მარცვლეული პროდუქტები არაჰემურ რკინას შეიცავს, რომლის ათვისებასაც C ვიტამინით მდიდარი საკვები უწყობს ხელს. ჩაი და ყავა კი რკინის შეწოვას ამცირებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ საკვებთან ან რკინის პრეპარატთან ერთად იღებენ.

რკინის პრეპარატის მიღება ანალიზისა და ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის სასურველი. მკურნალობა მხოლოდ მაჩვენებლის გაზრდას არ გულისხმობს: აუცილებელია დეფიციტის მიზეზის დადგენაც. 

ფერიტინის მაღალი მაჩვენებელიც ყოველთვის სასურველ შედეგს არ ნიშნავს. ის შეიძლება მოიმატოს ანთების, ინფექციის, ღვიძლის დაავადების ან ორგანიზმში ჭარბი რკინის დაგროვების დროს. ამიტომ მიზანი კონკრეტული რიცხვის ნებისმიერ ფასად გაზრდა კი არა, დეფიციტის დადასტურება, მისი მიზეზის პოვნა და სწორად მკურნალობაა.

„ფერიტინის სახე“ სოციალური მედიის ტერმინად დარჩება და არა სამედიცინო დიაგნოზად. თუმცა მან ყურადღება მიაპყრო პრობლემას, რომელიც ხშირად ანემიის განვითარებამდე იწყება. დაღლილობის, თმის ცვენის ან გარეგნული ცვლილებების მიზეზის დასადგენად სარკეზე უფრო მეტ ინფორმაციას სისხლის ანალიზი და ექიმის შეფასება იძლევა.

ზევით