The Diary Concept House-ის გახსნაზე ოთახის შუაგულში გაწყობილმა სუფრამ ელეგანტური ატმოსფერო შექმნა. სუფრაზე განლაგებული ანტიკვარული ჭურჭელი და შანდლები The Diary-ს ესთეტიკას ეხმიანებოდა.
ამ განსაკუთრებულ დიზაინზე Posh Design-მა იზრუნა – ბრენდმა, რომელიც ქართულ სუფრაზე ალტერნატიულ და უნიკალურ სტილს ამკვიდრებს. Posh Design პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ანტიკვარული ნივთების გაქირავებისა და გაყიდვის სერვისს გვთავაზობს.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც სურს ქართულ სუფრაზე ახალი ესთეტიკა დაამკვიდროს,“ – ელენე გოგიჩაიშვილი.
ელენე, რა იყო Posh Design-ის შექმნის მთავარი იდეა და რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?
ელენე: Posh Design-ის შექმნის იდეა დაიბადა იმ დამოკიდებულებისგან, რაც ხშირად ანტიკვარულ ნივთებს უკავშირდება. ეს ნივთები წლებია კარადებშია გამოკეტილი, ყველა აფასებს მათ სილამაზეს, მაგრამ იშვიათად ხვდებიან სუფრაზე, რადგან ყველას ეშინია, არ დააზიანონ ან გააფუჭონ. სწორედ ამ შიშის დაძლევა გახდა ჩვენი მიზანი. გვინდოდა, ანტიკვარულ ნივთებს მთავარი ფუნქცია დაებრუნებინათ და მათი ესთეტიკა ყოველდღიურობაში გადაგვეტანა.

გვინდა, რომ დავტკბეთ იმით, რაც აქამდე მხოლოდ დეკორაციად არსებობდა.
რა ტიპის ნივთებს მოიცავს თქვენი კოლექცია, რა ხდის მას გამორჩეულს და როგორ არჩევთ თითოეულ ნივთს?
ელენე: ჩვენს კოლექციაში მოხვედრილი თითოეული ნივთი განსაკუთრებულ ისტორიას ატარებს და სუფრას ჯადოსნურ იერს სძენს. ისინი შერჩეულია დიდი სიყვარულითა და ყურადღებით: ზოგიერთი თავად ჩამოვიტანეთ უცხოეთის ფლიმარკეტებიდან, ზოგიც ადგილობრივ ბაზრობებზე ვიპოვეთ, ნაწილს კი ონლაინ ვყიდულობთ.
Posh Design-ის კოლექციის ყოველი დეტალი გამორჩეულია – მასალა, ტექსტურა, ვიზუალი და ხარისხი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ნივთებით გაწყობილი სუფრა სივრცის მთავარი აქცენტი ხდება.
ვინ არის თქვენი ძირითადი მომხმარებელი და რა ტიპის ღონისძიებებისთვისაა თქვენი ნივთები განკუთვნილი?
ელენე: ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ და აფასებენ ამ ნივთების ღირებულებასა და უნიკალურობას. Posh-ის ნივთები განკუთვნილია მათთვის, ვისაც კრეატიული ხედვა, ფანტაზია და სურვილი აქვს, რომ რაღაც განსაკუთრებული შექმნან, იქნება ეს ოჯახური ვახშამი, ფოტოსესია, ქორწილი თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიება.

ჩვენ გვჯერა, რომ სუფრის ესთეტიკა და ჯადოსნური ატმოსფერო მხოლოდ განსაკუთრებული დღეების პრივილეგია არ უნდა იყოს, სილამაზე ყოველდღიურობაშიც უნდა შევიტანოთ.