მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საქველმოქმედო საღამოს, Met Gala-ს, ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. 2026 წლის გალამ ისტორიაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი, როგორც დახვეწილი ლუქების, ავანგარდული სილუეტებისა და მოდის, როგორც ხელოვნების აღიარების მანიფესტაციამ.

წლევანდელი თემა „კოსტიუმის ხელოვნება“ (Costume Art) სტუმრებს საშუალებას აძლევდა, წაეშალათ ზღვარი სამოსსა და სამუზეუმო ექსპონატს შორის. ღონისძიების თანათავმჯდომარეები ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვენუს უილიამსი და ანა ვინტური გახლდნენ.

ხალიჩაზე ვიხილეთ მრავალფეროვანი ლუქები, დაწყებული ელინისტური ეპოქით შთაგონებული სამოსიდან, დასრულებული თანამედროვე ფუტურისტული დიზაინით. BLACKPINK-ის არტისტმა, ლიზამ Robert Wun-ის თეთრი კაბა მოირგო. ლუქის მთავარი აქცენტი 3D პრინტერით შექმნილი ხელები იყო, რომლებიც ტრადიციული ტაილანდური ცეკვის პოზაში იყო გაშეშებული. 66,000-ზე მეტი სვაროვსკის კრისტალით გაფორმებული სამოსი ტექნოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო შერწყმად იქცა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ბიონსეს Olivier Rousteing-ის შთამბეჭდავი დიზაინი ემოსა. ის ღონისძიებაზე მეუღლესთან, ჯეი-ზისთან და ქალიშვილთან, ბლუ აივისთან ერთად გამოჩნდა. ბიონსეს ლუქი „ანატომიური სხეულის“ თემას ეხმიანებოდა და ქალურ სილუეტს უსვამდა ხაზს.

ემა ჩემბერლენი მანუელ კასტრო ფრეიტასის მიერ შექმნილი Mugler-ის ლუქით წარსდგა, რომელიც მოდის სახლის საკულტო არქივებით იყო შთაგონებული. ჯიჯი ჰადიდმა კი არჩევანი Miu Miu-ზე შეაჩერა. სუპერმოდელის კაბა ბრენდის წარსული იდეების სინთეზი გახლდათ. ჯიჯის სხეულზე 2011 წლის გაზაფხულის კოლექციისა და 1998 წლის ჰაეროვანი, გამჭვირვალე სილუეტები გაცოცხლდა.

ბლეიკ ლაივლიმ თავის მე-11 Met Gala-ზე Versace-ს კაბა მოირგო. მე-18 საუკუნის ვენეციური როკოკოს პასტელური ფერებით შთაგონებულ 2006 წლის კოლექციის კაბას სპეციალურად ამ საღამოსთვის 4-მეტრიანი შლეიფი დაემატა. რიანამ სკულპტურული Maison Margiela-ს კაბა მოირგო, მთლიანი ლუქი კი შუა საუკუნეების არქიტექტურის ერთგვარი გამოძახილი იყო. ხოლო A$AP Rocky ელეგანტურად გამოიყურებოდა მეთიუ ბლაზის ეპოქის ვარდისფერ Chanel-ში.
ღონისძიების ხალიჩაზე კენდალ ჯენერის ლუქი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. Gap Studio by Zac Posen-მა შთაგონება ლუვრში დაცული გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს ქანდაკებიდან აიღო. ჰეილი ბიბერი კი Saint Laurent-ის სამოსში ბრწყინავდა. მისი კორსეტი, რომელიც მოდელის სხეულის ფორმებს ზუსტად იმეორებდა, 24-კარატიანი ოქროსგან დამზადდა.
სუპერმოდელი ანოკ იაი Balenciaga-ს შავ, სტრუქტურულ კაბაში გამოჩნდა, ხოლო კაილი ჯენერმა არჩევანი Schiaparelli-ს მაღალ მოდაზე გააკეთა. ეს კაბა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და მის ქარგვას 11 000 საათი დასჭირდა.
საბრინა კარპენტერმა Dior-ის ორიგინალური კაბა მოირგო, რომელიც კინოს ლენტებით იყო გაფორმებული – და რა იქნებოდა ეს ფილმი, თუ არა „საბრინა“. Euphoria-ს სერიალის ვარსკვლავი ჰანთერ შაფერი Prada-ს კაბით წარსდგა, რომლის ვიზუალური მხარეც გუსტავ კლიმტის ნახატებით იყო შთაგონებული.
სამხრეთ კორეელი არტისტი ჯისუ კი Dior-ის ვარდისფერ კაბაში ყვავილების კომპოზიციას ჰგავდა. მის სადებიუტო ლუქზე დიზაინერმა ჯონათან ანდერსონმა იზრუნა.