Mercedes-Benz Fashion Week დედაქალაქს დაბრუნდა და ქართული მოდის ინდუსტრიის მთავარი წარმომადგენლები კვლავ ერთ სივრცეში გააერთიანა. წლევანდელი ჩვენებები ემოციური და კონცეპტუალური დატვირთვით გამოირჩეოდა. თაობა Z კი განსაკუთრებული ინტერესით ელოდა Reckless-ის შოუს, ბრენდის, რომელიც ქართული ქუჩის სტილის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილად ჩამოყალიბდა.
Reckless-ის ესთეტიკა ქაოსის, იდენტობისა და საკუთარი თავის გამოხატვის იდეას ეფუძნება. ბრენდისთვის ტანსაცმელი მხოლოდ ვიზუალური ფორმა არ არის, ის სმ თაობის განწყობასაც გამოხატავს. წლევანდელ კოლექციაში წარმოდგენილი იყო oversize სილუეტები, გრაფიკული მაისურები და შოუს მთავარი აქსესუარი, წინდები, რომლებიც შესაძლოა თბილისის ქუჩის სტილის ახალ ტრენდად იქცეს.

ბრენდის უკან დიზაინერები სალომე გველესიანი, მასუ მწარიაშვილი და ანკა ქოიავა დგანან. მოდის კვირეულზე მათ წარადგინეს კოლექცია Half Sleeper, რომელიც ძილსა და სიფხიზლეს შორის არსებულ არასტაბილურ მდგომარეობას იკვლევს. კოლექცია იმ თაობის ფსიქოლოგიურ პორტრეტად იქცა, რომელიც ბალანსს რეალობისგან გაქცევის სურვილსა და სტაბილურობას შორის ეძებს.

ჩვენ სხვა ჩვენებებისგან გამოვირჩევით, რადგან ყოველთვის ვყვებით ისტორიას. ამ კოლექციითაც გვსურდა ამბავი ვიზუალის გამოყენებით მოგვეთხრო. მთავარი კონცეფცია კი ზღაპრული გარემო, სიზმრისა და რეალობის გასაყარზე დგომაა. გარშემო შევქმენით ტყის იმიტაცია და პოდიუმზე დადიოდნენ მოდელები როგორც დაკარგული ბავშვები, – Reckless.

Reckless-ი სალომე გველესიანის შვილის, პატარა ნიკუშას მიერ დატოვებული კრეატიული სამყაროსგან დაიბადა – მისი ნახატებისგან, ანიმაციებისა და მუსიკისგან. ნიკუშას გარდაცვალების შემდეგ ეს ყველაფერი მისი მემკვიდრეობის გაგრძელებად იქცა. ის, რაც თავდაპირველად დიდი დანაკარგის პასუხი იყო, დროთა განმავლობაში კოლექტიურ გამოცდილებად გადაიქცა – ისტორიად, რომელსაც დღეს მთელი საქართველო მოდის ენით ეცნობა.
ბოლო გამოსვლასაც თავისი დატვირთვა ჰქონდა – ზღაპრის ბოლო ისე უნდა დამთავრდეს, რომ ყველამ თავისი ადგილი იპოვოს, შოუს თითოეული მონაწილეც თავის თავს ეძებდა, – Reckless.
შოუს ფინალში პოდიუმზე პატარა ბიჭი გამოჩნდა, რომელსაც ხელში სანათი ეჭირა და ყველას წინ მიუძღოდა – ეს ნიკუშას უმცროსი ძმაა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენება მძაფრი ემოციებით იყო სავსე, დასასრულმა მაყურებელს სინათლის, თავისუფლებისა და იმედის განცდა დაუტოვა.
Photo: Inna Andreeva