2026 წლის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციები
2026 წლის ზაფხულის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციებია მასიური ფორმები, სპორტული სტილის სათვალეები, თხელი მეტალის ჩარჩოები, cat-eye ფორმა და ფერადი ლინზები.
| ანა ციხელაშვილი |
„ჩემს კარიერაში წლების წინ იყო პერიოდი, როცა ყველაფერი შენელდა. ერთმანეთის მიყოლებით უქმდებოდა პროექტები და ვფიქრობდი, ალბათ ასე გაგრძელდება-მეთქი. ერთ-ერთმა აგენტმა კი მითხრა, არ ინერვიულო – ნოემბერში ყველაფერი ისევ ამუშავდება, რადგან უფრო მეტად „ზამთრის გოგო“ ხარო“.
ეს ფრაზა მალგოჟია ბელას წლების განმავლობაში გაჰყვა და საბოლოოდ მისი წიგნის სახელწოდებად იქცა. პოლონელმა მოდელმა Winter Girl საქართველოში მეორე ვიზიტის დროს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში წარადგინა.
პოლონეთში დაბადებული მალგოჟია 1990-იანი წლების დასაწყისში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე გახლდათ. 1998 წელს მისი დებიუტი Paris Fashion Week-ზე შედგა, სადაც Comme des Garçons-ის, Givenchy-სა და Balenciaga-ს ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ ის არაერთი საერთაშორისო გამოცემის გარეკანზე გამოჩენილა, მათ შორის Numéro-ს, Dazed-ისა და Vogue-ის ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, ავსტრალიურ და ბრიტანულ გამოცემებში.
Winter Girl მოდის ინდუსტრიის სხვადასხვა მხარეს ძალიან პერსონალური პრიზმიდან გვაჩვენებს. წიგნი მოკლე ისტორიებისა და ფოტოებისგან შედგება, რომლებიც მოგონებებს, სილამაზესა და თავად შემოქმედებით პროცესს იკვლევს.
Winter Girl დღიურის მსგავსი წიგნია, თუმცა ბელას დღიური არასოდეს უწარმოებია. წიგნი არქივში ძიებისა და იმ მოგონებებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელსაც მოდელი მეგობართან და გამომცემელთან, Filip Niedenthal-თან ერთად იზიარებდა.
მალგოჟია: როდესაც არქივების გადარჩევა დავიწყე, სწორედ ფოტოები გახდა მეხსიერების აღდგენის ბიძგი. ამასთან, ჩემს ძალიან ახლო მეგობარს, ფილიპს საოცარი მეხსიერება აქვს. მას ახსოვდა ჩემი ისტორიები, თავგადასავლები, ზუსტად რა მეცვა თითოეულ ჩვენებაზე. როდესაც არქივები გავხსენით, ყველაფერი დაბრუნდა. ფილიპი ამბობდა: „აი, ეს მახსოვს“ ან „ეს ხომ ის დიდი ზაფხული იყო“. ცხადია, დროთა განმავლობაში მოგონებები ჩვენს ცნობიერებაში სახესა და მნიშვნელობას იცვლის, მაგრამ ტრავმირებული არ ვარ. ეს ყველაფერი გავიარე, გადავრჩი და მადლიერი ვარ. ძალიან მადლიერი, რადგან ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა.
წიგნი მალგოჟიას კარიერას ქრონოლოგიურად არ მიჰყვება. მოდელი ფოტოების საშუალებით სხვადასხვა პერიოდში გადამხდარ ამბებს გვიყვება. მოდის სამყაროს ცნობილი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ კადრებს თან ახლავს ტექსტები, რომლებიც ბელას იმ კოლაბორაციული პროცესისადმი აღფრთოვანებას ასახავს, რომლისგანაც ეს ინდუსტრია იქმნება
თავდაპირველად, წიგნში 100 ფოტოს შეტანა იგეგმებოდა, თუმცა ბეჭდვამდე ცოტა ხნით ადრე ბელამ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ფოტოს გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. მოულოდნელად მხოლოდ 99 ფოტო დარჩათ. ბელა არქივში აღარ დაბრუნებულა და უკეთესი გამოსავალი იპოვა: ბოლო ფოტო მალგოჟიას შვილმა გადაიღო – მშვიდი და ინტიმური კადრი, რომელმაც წიგნი სრულყოფილი გახადა.
მალგოჟია თავისი კარიერის გარდა ხშირად საუბრობს პოლიტიკაზე და აქტიური მოქალაქეა. პოლონეთის წარსულიდან გამომდინარე კი, მოდელი ხშირად იხსენებს პოსტსაბჭოთა გამოცდილებას, რაც ქართველი ერისთვის ძალიან ნაცნობი საკითხია.
TheDiary: ხშირად საუბრობთ პოლონეთის საბჭოთა წარსულზე და საკუთარ თავს საბჭოთა კავშირის პროდუქტსაც უწოდებთ.
მალგოჟია: დიახ, რადგან ასეა.
TheDiary: პირველად როდის შეიგრძენით თავისუფლება?
მალგოჟია: 1989 წელს, როდესაც სისტემა დაიშალა, 12 წლის ვიყავი, თუმცა რეალურად ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს. ძალიან რეპრესიული კომუნისტური ბავშვობა არ მქონია – უდარდელი ბავშვობა მქონდა, უბრალოდ ბევრი ფული არ გვქონდა. თუმცა ვფიქრობ, პირველად თავისუფლება მაშინ ვიგრძენი, როცა 1998 წელს ნიუ-იორკში წავედი. ჩემს 21-ე დაბადების დღეზე გავფრინდი და მივხვდი, რამდენად ცოტა ვიცოდი სამყაროზე. 21 წლის ადამიანისთვის ჭკვიანი ვიყავი, ვსწავლობდი, მაგრამ კულტურული განსხვავებების მხრივ ძალიან ჩამორჩენილი აღმოვჩნდი.
მალგოჟიას ვიზიტი The Devil Wears Prada-ს მეორე ნაწილის ქართულ პრემიერას დაემთხვა. როდესაც ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ფილმი ნანახი, თვალები გადაატრიალა, გაეცინა და უბრალოდ თქვა – არა. სიმართლე რომ ითქვას, სრულიად გასაგებია. თუმცა მასთან, როგორც Vogue Poland-ის კრეატიული დირექტორთან, თავად ფილმზე მეტად, ბეჭდური მედიის მომავალზე გვსურდა საუბარი.
TheDiary: რა მომავალი აქვს ბეჭდურ მედიას? საერთოდ აქვს კი მომავალი?
მალგოჟია: ალბათ არა. თუმცა, როგორც ანალოგური ფოტოგრაფია, ის უფრო ნიშურ და შესაბამისად, უფრო სასურველ ფორმად გადაიქცევა. უფრო ძვირი და უფრო იშვიათი გახდება.
ბელა Winter Girl-ს სილამაზისადმი მიძღვნილ წიგნად და მადლიერების გამოხატვის ფორმად აღწერს. ისტორიები განზრახ მოკლეა და მათი წაკითხვა ერთ ფინჯან ყავასთან ერთად შეიძლება, თუმცა ერთად ისინი არა მხოლოდ მოდის ეპოქის, არამედ იმ ქალის პორტრეტს ქმნის, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადა.