სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
მაღალი მოდის ხუთდღიანი ზეიმი პარიზში დასრულდა. 2024 წლის გაზაფხულის სეზონის დახურვის პატივი Maison Margiela-ს და მის შემოქმედებით ხელმძღვანელს, ჯონ გალიანოს ერგოთ. რა თქმა უნდა, გალიანომ სრულად გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რათა კვირეული ზუსტად ისეთ დრამატულ ნოტზე დაესრულებინა, რომელიც მისი შემოქმედებითი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. თეატრალიზებული ჩვენება, დრამატურგია, მაკიაჟი და ვარცხნილობა და რასაკვირველია კოსტიუმები, დიახ, სწორედაც რომ კოსტიუმები იყო Maison Margiela-ს ოტ-კუტიურის კოლექციის განმსაზღვრელი ნიშანი.
ჯონ გალიანოს სპექტაკლებს ყოველთვის ჰყავთ მთავარი მოქმედი გმირები. გუშინდელ ჩვენებაზე ეს ამპლუა ლეონ დამიმ და გვენდოლიმ კრისტიმ მოირგეს. გალიანოს პრიზმაში დანახული პარიზის ბრწყინვალე ისტორიის მოყოლა მოდის ჩვენებაზე, ლეონმა დაიწყო, გვენდოლინმა კი დაასრულა. Maison Margiela-ს ოტ-კუტიურ ჩვებებას ჰქონდა ხიბლი, რომელსაც ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უკვე ათწლეულებია სძენს და ის მაგიაც, რომლის დამსახურებითაც დიზაინერი დღემდე აქტუალურად მიიჩნევა.
მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა აიღო დრამატული ინსტრუმენტები, ირონია და ის თანამედროვე საბურველში გახვია.
პერფორმანსული ხელოვნების თითქმის ჰალუცინაციური ნამუშევრები, პოდიუმზე აცოცხლებდნენ წასულიდან გადმოსულ აჩრდილებს:მულენ რუჟის მოცეკვავეებს, აზარტულ მოთამაშეებსა თუ მძარცველებს. არქეტიპებს, რომლებსაც თითქოს დღესაც სძინავთ მდინარე სენას ნაპირებთან და რომლებმაც ერთი ღამით ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტეს.
ჯონ გალიანო არ არის კუტიურერი, რომლის ანაბეჭდიც უხვად გვხვდება მაღალი მოდის სამყაროში. მისი ხელწერა განუმეორებელია, სტილი კი მკაცრად ავთენტური და დაუმორჩილებელი. გალიანო მრავალფეროვან ინდუსტრიას ფეხის შედგმის დღიდან ანიჭებს ფერებს, რომლითაც დანარჩენი სამყარო ტკბება.