ნიკოლა ჟესკიერი 18 წლის იყო, როდესაც 1989 წელს ნიუ-იორკში პირველად ჩავიდა. მაშინ ის Jean Paul Gaultier-ის ასისტენტად მუშაობდა. Louis Vuitton-ის Cruise ჩვენებამდე გამართულ საუბარში დიზაინერმა გაიხსენა Lafayette Street-ზე მდებარე ლოფტი, სადაც ნიუ-იორკში ყოფნისას ცხოვრობდა, გვიანი ვახშამი Florent-ში და წვეულება მხატვარ ფრანჩესკო კლემენტესთან, სადაც სტუმრებს შორის ჰელმუტ ნიუტონი და იმანი იყვნენ.

Louis Vuitton-ისთვის ნიუ-იორკში ეს მისი მეორე Cruise ჩვენება იყო. პირველად ბრენდმა კოლექცია ქალაქში 2017 წელს, JFK-ის აეროპორტის TWA Terminal-ში წარადგინა. ამჯერად ჟესკიერმა კოლექციის საწყის წერტილად ნიუ-იორკის ის ენერგია აირჩია, რომელიც მას 1989 წლის პირველ ვიზიტთან აკავშირებს.
დიზაინერისთვის მთავარი თემა ქალაქის ორი განსხვავებული მხარე გახდა: uptown და downtown. ნიუ-იორკში ეს დაყოფა მხოლოდ გეოგრაფიული არ არის. ის ცხოვრების წესს, სოციალურ წრეებს, ხელოვნებას, ჩაცმასა და კულტურულ კოდებსაც უკავშირდება. ჟესკიერის თქმით, ამ ორ მხარეს შორის არსებული დუალობა პასუხგაუცემელ კითხვად რჩება და სწორედ ეს გახდა კოლექციის საფუძველი.

ჩვენების ერთ-ერთი მთავარი შთაგონება მხატვარი კიტ ჰარინგია . ჰარინგმა კარიერა ქუჩის ხელოვნებით დაიწყო, შემდეგ კი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ცნობად სახედ იქცა. ჟესკიერისთვის ის სწორედ იმ ფიგურას წარმოადგენდა, რომელმაც ნიუ-იორკის downtown ენერგია uptown-ის კულტურულ სივრცეებთან დააკავშირა. დიზაინერის თქმით, ჰარინგის იდეა, რომ ხელოვნება უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, დღესაც აქტუალურია.
კოლექციას ერთი განსაკუთრებული დეტალიც ახლდა: Louis Vuitton-მა ჩემოდანი შეიძინა, რომელზეც კიტ ჰარინგმა 1980-იან წლებში შავი მარკერით ნახატი დატოვა. ეს ჩემოდანი ჩვენების პირველ ლუქთან ერთად გამოჩნდა. მოდელს წელზე შეკრული ჯინსის კომბინეზონი და მარტივი V ფორმის საყელოს მქონე კარდიგანი ეცვა.

ჩვენება Frick Collection-ში გაიმართა. ისტორიული სახლი, რომელიც დღეს მუზეუმია, ახლახან არქიტექტორ ანაბელ სელდორფის რენოვაციის შემდეგ გაიხსნა. Louis Vuitton-მა მუზეუმს სამწლიანი სპონსორობაც გამოუცხადა. ამ სივრცემ კოლექციაში ნიუ-იორკის მეორე მხარე შემოიტანა: ისტორიული ინტერიერები, Gilded Age-ის ესთეტიკა და კლასიკური ამერიკული ელეგანტურობა.

ჩვენების დასაწყისში წარმოდგენილი ლუქი ნიუ-იორკის downtown სტილს უკავშირდებოდა: სპორტული ფეხსაცმელი, ფედორა და ყოველდღიური კარდიგანი. ფინალში კი სილუეტი უფრო კლასიკური გახდა: მაქმანით გაფორმებული კორსეტი, ყვავილოვანი დეტალები და მოცულობითი საყელო. ჟესკიერმა ამ სახეს „კამეა“ უწოდა.

კოლექციაში კიტ ჰარინგისადმი რამდენიმე პირდაპირი მინიშნებაც იყო. მათ შორის იყო ხელით პრინტირებული ტყავის ქურთუკი. ჩანთების ნაწილი კი ნიუ-იორკის ყოველდღიურ სიმბოლოებს უკავშირდებოდა: ყვითელ ტაქსებსა და takeout კონტეინერებს. Frick Collection-ის ინტერიერთან კავშირი ჩანდა ყვავილოვანი ჟაკარდის აბრეშუმის ქსოვილშიც, რომელიც მუზეუმის ქსოვილის შპალერს ეხმიანებოდა. ჩვენებაზე მომღერალმა, ალანა ჰაიმმაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც პოდიუმზე პირველად გაიარა.

ამ კოლექციაში არ არის ის მკვეთრი სილუეტები და მძიმე ქსოვილები, რომლებიც ჟესკიერმა მარტში, ლუვრში გამართულ ჩვენებაზე წარმოადგინა. ნიუ-იორკის Cruise კოლექცია უფრო ქალაქურ რიტმს შეესაბამება.
Louis Vuitton-ის Cruise 2027 კოლექციამ ნიუ-იორკი რამდენიმე შრით წარმოაჩინა: როგორც ჟესკიერის პირადი მოგონება, როგორც კიტ ჰარინგის ქალაქი და როგორც ადგილი, სადაც ქუჩის კულტურა, მუზეუმი, ისტორია და ყოველდღიური ჩაცმა ერთ სივრცეში ხვდება.