პარიზში დღის განმავლობაში იმდენი რამ ხდება – ახალი გამოფენა, კონცერტი, ოპერა, თეატრი, ახალი რესტორნის გახსნა – რომ ქალაქის რიტმს აყოლა რთულია განსაკუთრებით კი მაშონ, როცა აქ მხოლოდ რამდენიმე დღით ხარ. თუმცა არის ადგილები, რომლებიც უბრალოდ სილამაზით კი არ გაოცებს, არამედ იმითაც, რომ ერთი ადამიანის უზარმაზარი ოცნების განხორციელებულ ფორმას წარმოადგენს. La Galerie Dior სწორედ ასეთი ადგილია. აქ მხოლოდ Dior-ის სანახავად არ მიდიხარ. ეს სივრცეა, სადაც შთაგონებასაც იპოვი და კიდევ ერთხელ დაფიქრდები, რამდენის შექმნა შეუძლია ადამიანის წარმოსახვას, სურვილსა და ნიჭს.
La Galerie Dior-ის ისტორია თავად მისი მისამართიდან იწყება. Avenue Montaigne-ს პარიზში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. დახვეწილი, მოწესრიგებული და ქალაქის ხმაურისგან თითქოს ოდნავ მოშორებული ეს ქუჩა დიდი ხანია ფრანგული მოდის ერთ-ერთი მთავარი მისამართია. Christian Dior-მა თავისი მოდის სახლი აქ, 30 ნომერში, 1946 წელს დააარსა. თითქმის ოთხმოცი წლის შემდეგაც ეს მისამართი Dior-ის სახელთან განუყოფლად არის დაკავშირებული.
La Galerie Dior სწორედ ამ ისტორიას გვიყვება, თუმცა არა ქრონოლოგიური გამოფენის ტრადიციული ფორმით. აქ არ არის მხოლოდ ლამაზი კაბები და ერთმანეთის მიყოლებით გამოფენილი საარქივო ნივთები. სივრცე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული დარბაზი Dior-ის სამყაროს განსხვავებულ ნაწილს გვიხსნის. კაბები, მინიატიურული მოდელები, ქუდები, ფეხსაცმელი, სამკაულები, სუნამოს ფლაკონები, ესკიზები და ფოტოები ერთ მთლიან ვიზუალურ ამბავს ქმნის.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სივრცეა Colorama, სადაც Dior-ის ასობით ნივთი ფერების მიხედვით არის განლაგებული. ჩანთები, ფეხსაცმელი, ქუდები, აქსესუარები და სუნამოს ფლაკონები ფერთა შთამბეჭდავ სპექტრს ქმნის. აქ საარქივო ნივთები ინსტალაციის ნაწილად იქცევა და განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ Dior-ის სამყარო არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტანსაცმლით. Christian Dior თავიდანვე ქმნიდა მთლიან ესთეტიკურ სამყაროს, რომელშიც სამოსთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ფერი, ფორმა, სურნელი და დეტალი.
კრისტიან დიორის განსაკუთრებული ნიჭი სილუეტის შექმნაში გამოიხატებოდა. მისმა პირველმა კოლექციამ, რომელიც მან 1947 წელს წარადგინა, ომის შემდგომი პერიოდის პრაქტიკულ და თავშეკავებულ სამოსს სრულიად განსხვავებული ფორმა დაუპირისპირა: გამოკვეთილი წელი და მოცულობითი ქვედაბოლოები. Harper’s Bazaar-ის მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა კარმელ სნოუმ ამ ახალ ესთეტიკას „New Look“ უწოდა. სახელწოდება მალევე დამკვიდრდა და მოდის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტერმინად იქცა.
Dior-ის სამყაროს ყვავილების გარეშე წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. ბაღებისადმი მისი სიყვარული ნორმანდიაში გატარებულ ბავშვობას უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ვარდი და შროშანა, რომლებიც მოგვიანებით მოდის სახლის ესთეტიკის მუდმივ ნაწილად იქცა. გალერეაშიც ყვავილების მოტივები სხვადასხვა ფორმით გვხვდება: ნაქარგებში, ფერებში, ქსოვილის დამუშავებასა და სამოსის დეტალებში.
განსაკუთრებით საინტერესოა დასრულებული კაბების გვერდით ესკიზებისა და სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოების ნახვა. დღეს მოდა წარმოუდგენელი სისწრაფით მოძრაობს. ახალი კოლექცია, კამპანია თუ ცნობილი ადამიანის ჩაცმულობა რამდენიმე წამში ხვდება ჩვენს ეკრანებზე და მალევე ადგილს შემდეგ სიახლეს უთმობს. La Galerie Dior კი ყურადღებას იმ პროცესზე აბრუნებს, რომელიც საბოლოო შედეგის მიღმა დგას: პირველ ესკიზზე, ქსოვილის შერჩევაზე, ხელით შესრულებულ დეტალებსა და ატელიეში გატარებულ მრავალ საათზე. სწორედ აქ ხვდები ყველაზე კარგად, რამდენი შრომა და ცოდნა დგას ერთი დასრულებული კაბის უკან.
კრისტიან დიორის სამუშაო სივრცე
ფრანგი სცენოგრაფისა და ინტერიერის დიზაინერის ნატალი კრინიერის მიერ შექმნილი სივრცე გამოფენას ტრადიციული მუზეუმისთვის დამახასიათებელ ფორმალურობას აშორებს. დარბაზებში ერთმანეთს ენაცვლება სინათლე და სიბნელე, საარქივო მასალა და მასშტაბური ინსტალაციები. ყველაფერი დეტალურად არის გააზრებული, თუმცა სივრცე არც ერთ მომენტში არ იქცევა ბრენდის ისტორიის მშრალ პრეზენტაციად.
La Galerie Dior-ში ყველაზე შთამბეჭდავი საბოლოოდ არც კაბების რაოდენობაა და არც ინსტალაციების მასშტაბი. ამ სივრციდან გამოდიხარ განცდით, რომ ერთი ადამიანის იდეას ათეული წლების შემდეგაც შეუძლია ახალი თაობების შთაგონება.
Delfos-ის საზაფხულო კამპანია ამჯერად ცნობილ იტალიურ ბრენდს - Boccadamo-ს ეძღვნება, რომლის სახეც ლიკა ქორქიაა. ბრენდის კოლექციების მთავარი ხიბლიც მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობაშია.
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.