მოგზაურის ამბები ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს მაშინ, როცა თავად მოგზაურისგან ვისმენთ მათ. საზოგადოებამ ერეკლე ბაღაშვილი სოციალურ ქსელებში ინსპირაციული მოგზაურობის შესახებ ვიდეოების გავრცელებით გაიცნო. ერეკლემ პორტუგალიიდან საქართველოში ველოსიპედით ჩამოსვლა გადაწყვიტა და ამ თავგადასავალს Transcontinental Homecoming დაარქვა.
საბოლოო ჯამში, ერეკლემ ველოსიპედით 5091 კილომეტრი დაფარა და ხალხის მოტივაციის წყაროდ იქცა. თუმცა აქ არ გაჩერებულა და მსოფლიო რეკორდი საქართველოს ველოსიპედით კვეთაში დაამყარა: ვაშლოვანიდან ურეკამდე 525 კილომეტრი 29 საათსა და 5 წუთში.
ჩემი Role Model არის იესო ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური არ ვარ.
ერეკლეს გზა საკუთარ თავსა და სამყაროში მოგზაურობის ამბავია, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენ ვიცით. ამიტომაც, ამ და სხვა საინტერესო ამბავზე სასაუბროდ ის The Diary Concept House-ში ინტერვიუსთვის გვესტუმრა.
ერეკლე, რომელი იყო პირველი რისკი, რომელიც მძაფრად დაგამახსოვრდათ?
ერეკლე: 12-13 წლის ვიქნებოდი, მეგობრებთან ერთად კისტებით შეიარაღებულები სალაშქროდ რომ დავდიოდით მელიების გორაზე დედოფლისწყაროში. ახლა რომ ვუფიქრდები, ეს იმიტომ იყო საინტერესო, რომ შეუცნობელი იყო და ინტრიგა და რისკი ახლდა თან. რისკი კი ყველა მიზნის მიღწევას ტკბილს ხდის.
Ph: Luka Kupradze
სულ თავგადასავლებში ხართ, მოძრაობა რატომ არის თქვენთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანი?
ერეკლე: ფიზიკური აქტივობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოგზაურობა არ არის მხოლოდ სადღაც წასვლა, მოგზაურობა და მოძრაობა რაღაცაზე თამამად ფიქრია, დაგეგმვაა.
ჩემთვის მთავარია, არ დავრჩე კომფორტის ზონაში ფიზიკურად თუ მენტალურად.
ვინ ხართ თავგადასავლების მიღმა?
ერეკლე: ვთვლი, რომ ცხოვრების ყველა ასპექტი თავგადასავალია. ვისწავლე სამართალი, რამაც ჩემი პერსონის დიდი ნაწილი დაიკავა. შემდეგ შევიცვალე პროფესია და ამჟამად მონაცემთა ანალიტიკოსი და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სპეციალისტი ვარ. ტყავზე მუშაობამაც გამიტაცა ერთი პერიოდი, სახელოსნო მქონდა. ზოგადად ხელობა მიყვარს და ვაფასებ შრომას.
Ph: Luka Kupradze
ამასთანავე, 2022 წელს, ამაზონში ვიმოგზაურე და ამ დროს ყველაზე მეტად ვიყავი ფოტოგრაფიით გატაცებული. ამ ექსპედიციის დროს საუკეთესო კადრს დავყვებოდი. თან მქონდა ორი ფირის აპარატი და ვმუშაობდი ფოტოპროექტზე, შემდეგ გავაკეთეთ გამოფენა და ფოტოწიგნიც დავბეჭდე. ვიცი, რომ ერთ-ერთ ცხოვრებაში დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი ვიქნებოდი.
ერეკლე ბაღაშვილის ფოტო ამაზონის ექსპედიციიდან
როდის გაჩნდა რეკორდის იდეა?
ერეკლე: რეკორდის იდეა პორტუგალიიდან საქართველოში მოგზაურობის დროს გაჩნდა. ამ გზაზე ყველაზე მძიმე მომენტებში მჭირდებოდა რაღაც უფრო რთულ გამოწვევაზე ფიქრი. ყველაზე ღირებული კი რაც ამ გამოცდილებამ მომცა არის თვითრწმენა და თავდაჯერება, რომ ნებისმიერ სირთულეს გავუძლებ და გადავლახავ.
რეკორდის შემდეგ ადამიანის შესაძლებლობებზე რა ისწავლეთ, აქვს ჩვენს შესაძლებლობებს ზღვარი?
ერეკლე: ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების ზღვარი ადამიანებისთვის ბევრად შორს არის, ვიდრე გვგონია. როცა ველოსიპედზე სპორტული მიზნით პირველად დავჯექი 60 კმ. გავიარე და ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი ამით. შემდეგ 100 კმ-ს გავლა მქონდა გეგმაში და ეს იქნებოდა დიდი მიღწევა, თუმცა მოხდა ისე, რომ 160 კმ. ვიარე, შემდეგ 200 ვიარე და უფრო გამიღვივდა სპორტული ჟინი.
საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ საქართველოს კვეთის რეკორდი 525 კილომეტრი 29 საათი შეუსვენებლად სიარულით დავამყარე.
დარწმუნებული ვარ, რომ ორჯერ მაგდენიც შეიძლება. საზღვრები სადღაც იქნება, თუმცა საპოვნია.
ერეკლე ბაღაშვილის ფოტო ამაზონის ექსპედიციიდან
სამოტივაციო ფრაზა ან რჩევა ხომ არ გაქვთ?
ერეკლე: ბოლო 6 წელია, დიდი ფიქრის შედეგად ჩამოყალიბებულ ლაკონიურ ფრაზებს ვიწერ. ალბათ ათასამდე ფრაზა მაქვს, რომელიც რაღაც ერთ სირთულეს აღწერს და გამოსავალს მთავაზობს. ყოველი მათგანი მიბიძგებს ფიქრისკენ და დიდი ხნის შემდეგ რომ წავიკითხავ რომელიმეს, იმ მომენტში მაბრუნებს და მახსენებს, თუ რამ გადამალახვინა კონკრეტული სირთულე.
Ph: BOG
რა ისწავლეთ საკუთარ თავზე ამ მოგზაურობების დროს?
ერეკლე: ამაზონის ჯუნგლებში ჩატარებული ექსპედიცია იყო ისეთი გამოცდილება, რომელმაც დამაახლოვა ჩემს თავთან და ბევრად ინტროსპექციული იყო. თუმცა პორტუგალია-საქართველო მოგზაურობისას, უკვე იმ ეტაპამდე ვიყავი მისული, რომ საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი და მქონდა სამყაროს შეცნობისა და ადამიანებთან დაახლოების მიზანი. ყოველდღე 100-150 კილომეტრი უნდა დამეფარა, რაც ფიზიკურად რთული რამ არის, ამას ემატებოდა პრაქტიკული და ლოჯისტიკური ნაწილი. ჩემი გამოცდა კი ის იყო, რომ ამ სირთულეების ფონზე დავრჩენილიყავი ლაღი, ადგილობრივებისთვის გამეღიმა, ხედებით დავმტკბარიყავი, ყვავილებისთვის გადამეღო, მარტივი სიამოვნება მიმეღო ცხოვრებისგან.
ერეკლე მსოფლიო რეკორდის დამყარების გზაზე. Ph: Luka Kupradze
ერეკლე თქვენი და, ქეთა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია და ისიც მოტივაციასა თუ მიზანდასახულობასთან ასოცირდება. ერთმანეთისგან რას სწავლობთ?
ერეკლე: ქეთა ძალიან ინსპირაციული ადამიანია. მეუბნება, რომ ჩემგან ბევრს სწავლობს, თუმცა მგონია, რომ შთაგონების მხრივ მე ბევრად მეტი მაქვს მიღებული ქეთასგან. ბავშვობაში ბევრად უფრო კომფორტის ზონის ადამიანი ვიყავი, ქეთა კი ყოველთვის თამამი და ამბიციური იყო. მე როცა ჩემს თავდაჯერებულობას ვიმუშავებდი, რთულ მომენტში საკუთარი თავისთვის ბევრჯერ მიკითხავს, თუ რას იზამდა ქეთა.
ის ყოველთვის იყო გზამკვლევი პერსონაჟი ჩემთვის. მისგან ვსწავლობდი, როგორ უნდა ვყოფილიყავი ღია მოვლენებისადმი, როგორ უნდა გამერისკა და დამეჯერებინა საკუთარის თავის.
შემდეგი რეკორდი გეგმაშია?
ერეკლე: იდეები მაქვს, მაგრამ დაგეგმვის ეტაპზეა. რა თქმა უნდა, აქ არ გავჩერდები. საკუთარი თავის დიდი რწმენა გამიჩნდა და თან ვხედავ, რომ ხალხისგან დიდი გულშემატკივრობა მოდის. ადამიანებს ეს ყველაფერი მოტივაციას აძლევს და ვთვლი, რომ ვალდებულიც ვარ გავაგრძელო და ხალხს დავუბრუნო ის სიყვარული, რომელიც ჩემ მიმართ გასცეს.
და ბოლოს, რისი მიღება გსურთ ამ ცხოვრებისგან?
ერეკლე: ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების იქით რაღაც დიდებას ველი, მაგრამ მგონია, რომ ადამიანმა იმისთვის უნდა იცხოვროს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ რაღაცამ გააგრძელოს არსებობა. შეიძლება იყოს ეს შთამომავლობა, ქმნილება, იდეოლოგია ან აზრი.
VINSTYLE ქართული ვინტაჟური ბრენდია, რომლის ესთეტიკა მინიმალისტურ და ექსპრესიულ მოდას აერთიანებს. ბრენდის დამფუძნებელმა გოგოებმა მოდისადმი საერთო სიყვარული ბიზნესად აქციეს. მათი კურატორობით VINSTYLE-ის კოლექციებში თავმოყრილია 1970, 80 და 90-იანი წლების მოდის ელეგანტური ნამუშევრები.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.