ჰიდრატაცია ზაფხულში: წყალი და მისი ალტერნატივები

ზაფხულში ჩვენს ორგანიზმს ჰიდრატაცია განსაკუთრებით  სჭირდება. ცხადია, წყალი ამ მხრივ საუკეთესო არჩევანია და მისი საკმარისი რაოდენობით მიღებას ორგანიზმისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს. მათ შორის, წყალი ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნებას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობისას ორგანიზმის მუშაობას და ხელს უწყობს მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას.

წყალი

საინტერესოა, რა რაოდენობის წყლის მიღებაა საჭირო, რომ მისი დადებითი ეფექტი სრულად გამოვლინდეს. ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს, რადგან წყლის საჭირო რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ასაკი, სქესი, სხეულის მასა, კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობის დონე და გარემო პირობები. მიუხედავად ამისა, კვლევების მიხედვით, ზრდასრული ადამიანებისთვის სითხის დღიური საჭიროება საშუალოდ 2-დან 4 ლიტრამდე მერყეობს.

მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა საკმარისი რაოდენობის წყალს მაინც არ იღებს. სითხის ნაკლებობა ზრდის გაუწყლოების რისკს, რაც შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილით, კონცენტრაციის გაძნელებით, აზროვნების შენელებითა და ფიზიკური პროდუქტიულობის შემცირებით.

წყლის არასაკმარისი მიღება სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება, მათ შორის გულმავიწყობასა და წყურვილის სუსტ შეგრძნებას. ზოგიერთ ადამიანს კი წყლის გემო არ მოსწონს, რის გამოც მას მხოლოდ მაშინ სვამს, როცა წყურვილი უკვე მკვეთრად იგრძნობა.

სწორედ ამიტომ მკვლევარებმა განსაზღვრეს სითხეები, რომლებიც ორგანიზმის ჰიდრატაციას წყლის მსგავსად უზრუნველყოფენ:

1. რძე

გარდა იმისა, რომ რძე ცილის კარგი წყაროა და მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებითაც მდიდარია, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ის ორგანიზმის ჰიდრატაციას შესაძლოა წყალზე უკეთაც უწყობდეს ხელს.

2. ქოქოსის წყალი

ქოქოსის წყალი ჰიდრატაციისთვის კარგი არჩევანია. ის შეიცავს მინერალებსა და ელექტროლიტებს, რომლებიც ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სხვა ბევრ სასმელთან შედარებით, ქოქოსის წყალი ბუნებრივად ნაკლებ შაქარს შეიცავს და ასევე მდიდარია ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

3.  ხილის წვენი

Healthline-ის მიხედვით, ერთი ჭიქა 100%-იანი საზამთროს წვენი კალიუმისა და მაგნიუმის დღიური ნორმის დაახლოებით 6%-ს შეიცავს. მასში მცირე რაოდენობით გვხვდება სხვა ელექტროლიტებიც, მათ შორის კალციუმი და ფოსფორი. გარდა ამისა, ელექტროლიტების კარგი წყარო შეიძლება იყოს სხვა 100%-იანი ხილის წვენებიც. მაგალითად, ფორთოხლისა და მჟავე ალუბლის წვენები შეიცავს კალიუმს, მაგნიუმსა და ფოსფორს.

ზევით