ფრენკ გერის გუგენჰაიმის მუზეუმი აბუ-დაბიშიც იხსნება

ფრენკ გერის შენობებს ერთი უცნაური თვისება აქვს: ხშირად ჯერ თავად შენობის სანახავად მიდიხარ და მხოლოდ შემდეგ ფიქრობ, რა არის გამოფენილი შიგნით. თანამედროვე არქიტექტურაში ასეთი ცნობადობა ცოტას თუ აქვს. გერის ნამუშევრები შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ან ზედმეტად პომპეზურად მიგაჩნდეს, თუმცა სხვა არქიტექტორის ნამუშევრებში მათი არევა თითქმის შეუძლებელია.

ფრენკ გერი 1929 წელს ტორონტოში დაიბადა. მოგვიანებით ლოს-ანჯელესში გადავიდა, არქიტექტურა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ისწავლა და 1962 წელს საკუთარი სტუდია დააარსა. კარიერის დასაწყისიდანვე ნაკლებად აინტერესებდა იდეალურად სწორი ფასადები და კლასიკური სიმეტრია. უფრო მეტად იზიდავდა ფორმა, მოძრაობა, განსხვავებული მასალები და არქიტექტურა, რომელსაც გარემოს მთლიანად შეცვლა შეუძლია. 1989 წელს გერიმ პრიცკერის პრემია მიიღო, რომელიც არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა.

გუგენჰეიმი ბილბაო
ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი

საზოგადოებაში ფრენკ გერი მეტად ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმით არის ცნობილი. ტიტანის მასშტაბურმა შენობამ, რომელიც 1997 წელს გაიხსნა, არა მხოლოდ ქალაქის იერსახე შეცვალა, არამედ თავად მუზეუმის არქიტექტურაზეც ახალი წარმოდგენა შექმნა. დღეს ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და იმ იშვიათ შენობებს შორისაა, რომლებიც ამ ქალაქში მოგზაურობის დამოუკიდებელ მიზეზად იქცა.

გერის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორისაა Walt Disney Concert Hall ლოს-ანჯელესში, Fondation Louis Vuitton პარიზში და Dancing House პრაღაში. ახლა ამ სიას კი აბუ-დაბიც ემატება.

Abu Dhabi Guggenheim

აბუ დაბის გუგენჰაიმის მუზეუმი 2026 წლის 11 დეკემბერს საადიატის კუნძულზე გაიხსნება. პროექტი თითქმის ორი ათწლეულის წინ შეიქმნა და გერის პირველი შენობაა ახლო აღმოსავლეთში. ამასთან, ეს მისი დაპროექტებული მუზეუმებიდან ყველაზე მასშტაბურია. არქიტექტურა აქაც გერის ხაზს მიჰყვება: უზარმაზარი გეომეტრიული მოცულობები და შენობა, რომელიც ტრადიციულ მუზეუმზე მეტად მასშტაბურ სკულპტურას ჰგავს. დიზაინი აბუ-დაბის კლიმატსაც ითვალისწინებს. კონუსის ფორმის ელემენტები ჩრდილის შექმნასა და ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს.

Abu Dhabi Guggenheim

მუზეუმის ცენტრში დიდი ატრიუმი იქნება, მის გარშემო კი 30 გალერეა განთავსდება. კოლექცია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს გააერთიანებს და ყურადღებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ხელოვანებზე გაამახვილებს. ევროპასა და ამერიკასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ახლო აღმოსავლეთს, აზიასა და აფრიკასაც.

არანაკლებ საინტერესოა ადგილმდებარეობა. საადიატის კუნძულზე უკვე მდებარეობს Louvre Abu Dhabi და Zayed National Museum, ახლა კი მათ გუგენჰაიმის მუზეუმიც შუერთდება.

Abu Dhabi Guggenheim

ფრენკ გერი 2025 წლის დეკემბერში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. Guggenheim Abu Dhabi მისი სიცოცხლის ბოლო წლებში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია.

ზევით