21 სექტემბერს, მილანის მოდის კვირეულზე ბოტეგა ვენეტას სახლმა პოდიუმი სათამაშო მოედნად გადააქცია. კრეატიული დირექტორის, Matthieu Blazy-ის 2025 წლის შოუს, სტუმრები პუფებზე მოკალათებულები ადევნებდნენ თვალს. დამსწრეთათვის სულ 60, ტყავის ფუმფულა პუფი შეიქმნა, რომლებზეც სხვადასხვა ცხოველის ელემენტები იყო გამოსახული. წინა რიგებში კი ისეთი ცნობილი სახეები ვიხილეთ, როგორებიც კენდალ ჯენერი, ჯეიკობ ელორდი, ნარა სმიტი, A$AP Rocky, Yang Jeong-in-ი, თუ Michelle Yeoh-ი არიან.
შეგიძლიათ, კოლექციას აქ შეავლოთ თვალი. ჩვენ კი ცნობილი ადამიანებისა და ბრენდის ამბასადორების ლუქები განვიხილოთ.
გეცოდინებათ, რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც კენდალი ქერა გოგოს ცხოვრებით ცხოვრობს. ამერიკელი სუპერმოდელი მილანის მოდის კვირეულზე ახალი იმიჯითა და სადა, სხეულზე მომდგარი ყავისფერი კაბით გამოჩნდა. კაბას, წელის მარცხენა კუთხეში ოქროს დეტალი ამშვენებდა. კენდალი ბოტეგა ვენეტას ნაქსოვი ტყავის ჩანთითა და ბრენდის ოქროს, წვიმის წვეთის ფორმის საყურეებით ვიხილეთ.
ფოტო: Getty Images
მოდელმა ისევ და ისევ ბოტეგას ფეხსაცმელი, Punta Pump მოდელი მოირგო. ბრენდის ეს მოდელი ალუბლის ფერის ტყავით, რელიეფური პრიალა ზედაპირითა და განსაკუთრებული ფორმით გამოირჩევა.
მომღერალი Rihanna შოუს არ დასწრებია, თუმცა დღის ბოლოს, After Party-ზე მეუღლესთან, რეპერ A$AP Rocky-სთან ერთად გამოჩნდა. წყვილი, რაღა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ბოტეგას სამოსში იყო გამოწყობილი. რიანას ღია ფერის, ყვითელი მოკლე კაბა და ამავე შეფერილობის, ოდნავ მუქ ტონალობაში გადაწყვეტილი ტყავის მოსასხამი ეცვა, რასთანაც ყავისფერ-თეთრი ხელოვნური ბეწვი ჰქონდა შეხამებული.
ფოტო: WWD
შოუს A$AP Rocky დაესწრო და შესაბამისადაც გამოეწყო. როკის ცისფერი, ზოლიანი შარვალი და პიჯაკი, შავი ტყავის პერანგი და მესამე ფენად ფერადი მაისური ეცვა. როგორც სჩვევია, სხეულზე უამრავი სამკაული ჰქონდა ასხმული, ლურჯი საყურეებიც ეკეთა და ხელში ლუქის გამორჩეული ნაწილი, გველის პატერნის, წითელ-ყვითელი Sardin-ის ჩანთა ეჭირა. ბოტეგას ონლაინ მაღაზიაში ეს მოდელი ნოემბრიდან გაიყიდება.
A$SAP Rocky ბრენდის ამბასადორია და ბოლო პერიოდში სარეკლამო ვიდეოებში შვილებთან ერთადაც ჩნდება ხოლმე.
ფოტო: WWD
მოდის ჩვენებაზე ოლიმპიური ჩემპიონი, იმან ხალიფიც გამოჩნდა. იმანს კენდალის მსგავსად ბოტეგას ოქროსფერი საყურეები ამშვენებდა.
ფოტო: Claudia Greco
მიუხედავად იმისა, რომ სამოსი, რომლითაც A$AP Rocky ჩვენებაზე მივიდა, ჯერ ბოტეგას გაყიდვაში არ ჩაუშვია, რეპერმა ლუქის ერთი ნაწილი მაინც შეარჩია გასული კოლექციებიდან - კლასიკური სათვალე ოქროსფერი ჩარჩოთი.
კურდღლის ფორმის პუფში მოკალათებული ჯეიკობ ელორდიც თავიდან ბოლომდე მოდის სახლის სამოსში გახლდათ გამოწყობილი. "ეიფორიას" ვარსკვლავი შავი ჟაკეტით, თეთრი მაისურითა და ასევე თეთრი შარვლით გამოჩნდა.
ფოტო: WWD
ჯეიკობს მხარზე 2024 წლის საგაზაფხულო კოლექციის ჩანთა, წითელი Andiamo ჰქონდა გადაკიდული. მსახიობს ხელზე Cartier-ს საათი, ყელზე ოქროს ყელსაბამი და ნეკა თითზე ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი ამშვენებდა.
ჩვენების გამორჩეული სტუმარი იყო ნარა სმიტიც - ინფლუენსერი, რომელმაც ტიკტოკ ექაუნთზე გასაოცარი რეცეპტებითა და დამამშვიდებელი საუბრის ტონით გაითქვა სახელი. ნარას ბოტეგას ღია ცისფერი კაბა, თეთრი ნაქსოვი ტყავის ჩანთა და წვიმის ფორმის, ოქროს საყურეები ამშვენებდა.
ფოტო: acopo M. Raule/ Getty Images
ესეც ნარას კაბა, რომელიც ბოტეგას ონლაინ მაღაზიაში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.