თუ გეზი საბერძნეთისკენ გაქვთ აღებული, ათენი არაზაფხულის სეზონებისთვის – განსაკუთრებით ზამთარში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე – გამორჩეული მიმართულებაა.
აგვისტოში, როდესაც სიცხე პიკს აღწევს, თვით ათენის მკვიდრებიც კი ტოვებენ ქალაქს, მაგრამ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ადგილობრივები ნარინჯის ხეების ჩრდილში ნარდს თამაშობენ, აივნებზე იკრიბებიან და გვიანობამდე სადილობენ. შემდეგ კი იმ აქტივობით ტკბებიან, რითაც ათენი დღეს ყველაზე ცნობილია – ღამის ცხოვრებით.
რა ვნახოთ ათენში – ისტორია და ღირსშესანიშნაობები
ათენში ვიზიტი აკროპოლისზე ასვლის გარეშე წარმოუდგენელია. აკროპოლისი ქალაქის გულში მდებარეობს და ძვ. წ. V საუკუნეში აგებული მონუმენტური კომპლექსია, რომლის მთავარი ტაძარი, პართენონი, ათენა ქალღმერთის საპატივცემულოდ აშენდა. ათენისკენ მიმავალი სამი მთავარი გზა სწორედ აკროპოლისისკენ მიემართება, რაც ამ მონუმენტს ქალაქის გვირგვინად და უდიდეს ღირსშესანიშნაობად აქცევს. ვიზიტისთვის საკმარისი დრო უნდა გამოყოთ, რათა სრულად შეიგრძნოთ მისი სიდიადე.
აკროპოლისის თანამედროვე მუზეუმი, აკროპოლისის ფერდობზეა განთავსებული, რომლის მთელ სიმაღლეზე გადაჭიმული შუშის ფანჯრები სტუმრებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ პართენონის შთამბეჭდავი ხედებით დატკბნენ. აკროპოლისი დილით ან გვიან შუადღისას მოინახულეთ, როცა ტემპერატურა შედარებით დაბალია. ასევე, აუცილებლად აიარეთ ფილოპაპუსის ბორცვი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯშია და საიდანაც ქალაქის, პირეოსის პორტისა და მეზობელი ეგინას კუნძულის ფართო ხედები იშლება.
აკროპოლისის უნიკალური მუზეუმი
მუზეუმები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
თუ ათენში მუზეუმების დათვალიერებას აპირებთ, ფასიანოსის მუზეუმი ერთ-ერთი პირველი გაჩერება უნდა იყოს. ეს სივრცე დიდ ბერძენ ხელოვან ალეკოს ფასიანოსს (1935 - 2022 წწ) ეძღვნება, რომლის თამამი ნამუშევრები ანტიკური და ბიზანტიური პერიოდის გავლენას ატარებს. ფასიანოსი ბერძნული ცხოვრების სცენებს მდიდარი ფერებითა და ექსპრესიული ტექნიკით აცოცხლებდა, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
ბენაკის მუზეუმი
ბენაკის ბერძნული კულტურის მუზეუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაჩერებაა. აქ ხელოვნების ნიმუშები, კლასიკური კერამიკა და ტრადიციული სამოსი საბერძნეთის ისტორიის სრულყოფილ აღქმაში დაგეხმარებათ. ხოლო, თუ ბერძენი მხატვრების შედევრებში ჩაძირვა გსურთ, ნაციონალური გალერეა საუკეთესო ადგილია. აქ შეგიძლიათ იხილოთ ისეთი შედევრები XVIII საუკუნიდან დღემდე, რომლებიც ბერძნული ხელოვნების განვითარების გზას ასახავენ.
თუ უფრო თანამედროვე ხელოვნება გაინტერესებთ, ეწვიეთ პირეოსის პორტს, სადაც ყოფილ გემთსაშენო საწყობებში ახალი გალერეები გაჩნდა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ამ ქუჩაზე მდებარეობს Intermission, Rodeo და Carwan – სამი გამორჩეული გალერეა, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებენ.
Carwan
თუ შაბათ-კვირას ათენში იმყოფებით, აუცილებლად ეწვიეთ Exarcheia-ს – ქალაქის ენერგიულ და თავისუფალი სულისკვეთებით ცნობილ უბანს, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და კულტურულად მრავალფეროვანი ადგილია და რომელიც თბილისის „ფაბრიკას“ მომაგონებს ძალიან.
Exarcheia
ათენის საუკეთესო რესტორნები და ბარები
ათენი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე გასტრონომიული გზაჯვარედინია, სადაც წლების განმავლობაში მცირე აზიიდან და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩამოსულმა ემიგრანტებმა თავიანთი კულინარიული ტრადიციები ჩამოიტანეს. დღეს ათენის სამზარეულო განსხვავებული გავლენების ნაზავია, რაც ქალაქის უნიკალურ გემოვნურ იდენტობას ქმნის.
ქალაქის ცენტრში, ვარაკვიოს ცენტრალური ბაზრის მახლობლად, აუცილებლად ეწვიეთ „Diporto“-ს – ეს მიწისქვეშა ტავერნა 1880-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და დღემდე იმავე, ტრადიციულ კერძებს ამზადებს. ესაა ადგილი, სადაც მინიმალიზმი და ნამდვილი ბერძნული ოჯახური სამზარეულოს გემო ერთიანდება.
თუ კლასიკური ბერძნული სამზარეულო გაინტერესებთ, ეწვიეთ „Geitonia“-ს“, სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ სპანაკორიზო (ისპანახით მომზადებული ბრინჯი), პასტიციო და გემისტა (ბრინჯითა და მწვანილებით შევსებული ბოსტნეული) – ზუსტად ისე მომზადებული, როგორც ბერძენი ბებია გააკეთებდა.
და თუკი თანამედროვე ბერძნული ტავერნის კონცეფცია გაინტერესებთ, ეწვიეთ „Taverna Ton Filon“-ს, სადაც მაღალი ხარისხის, ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული ხმელთაშუა ზღვის კერძები გელოდებათ.
Gate Roof Top კი იდეალურია ადგილი, იმისთვის რომ საღამო ყველაზე მშვენივრად გაატაროთ. აქ არა მხოლოდ აკროპოლისის მშვენიერი ხედით დატკბებით, არამედ ბერძნული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით.
სად გავერთოთ?
თუკი ათენში არა უქიენდზე მოგიწიათ ჩასვლა, გული ნუ დაგწყდებათ აქ ყოველ დღე ერთობიან. ათენელები გვიან ვახშმობენ და დილამდე ცეკვავენ.
ღვინის ბარებიდან შესანიშნავი არჩევანია „Tanini Agapi Mou“, სადაც შეგიძლიათ ბერძნული ვაზის სახეობების დეგუსტაცია. თუ მარტინი გირჩევნიათ, მაშინ „Galaxy Bar“ საუკეთესო არჩევანია – ათენის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ბარი, რომელიც უკვე 50 წელია ქალაქის ღამის ცხოვრების ნაწილია. ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის „Feidiou 2“ შესანიშნავი ადგილია. აქ ტრადიციული ბერძნული მუსიკის „რებეტადიკოს“ მოსმენას შეძლებთ.
Galaxy Bar
სად გავჩერდეთ – სასტუმროები და აპარტამენტები ათენში
საბერძნეთის დედაქალაქი სასტუმროების უხვ არჩევანს გთავაზობთ. თუ გსურთ, ქალაქის ავთენტური ცხოვრებით ისიამოვნოთ, Monsieur Didot საუკეთესო არჩევანია. ეს ნეოკლასიკური ქალაქის სახლი კოლონაკის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, სადაც ათენის ერთ-ერთი საუკეთესო საცხობი, Kora, სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. Monsieur Didot-ის ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა – მისი ერთ-ერთი ოთახში ოდესღაც ჯონ ლენონი და იოკო ონო ისვენებდნენ.
Athens airbnb
თუ აპარტამენტებში გაჩერება გირჩევნიათ, მაშინ Airbnb-ის პლატფორმაზე უამრავი საინტერესო ვარიანტი დაგხვდებათ.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.
მატჩა: ბუნებრივი ფორმულა სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის – მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით, ხელს უწყობს კანის გაწმენდას, თმის გაძლიერებას და დაბერების პროცესის შენელებას. მატჩა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შეშუპებას, იცავს კანს UV სხივებისგან და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.