ანოკ იაის ისტორია კაიროში იწყება, სადაც იგი სამხრეთ სუდანელი ემიგრანტების ოჯახში გაიზარდა. ოჯახს ომისგან დამძიმებულ რეალობაში მოუწია ცხოვრება და საბოლოოდ შეერთებულ შტატებში გადასახლებაც ამ გარემოებამ გამოიწვია. ნიუ-ჰემფშირში დაწყებული ახალი ცხოვრება მარტივი არ იყო. სკოლასთან ერთად ანოკს დიდი წილი საოჯახო საქმეებშიც ერგო და ბავშვობიდან შეეჩვია პასუხისმგებლობას.

მოდაზე არც თავად ფიქრობდა და არც ოჯახს ჰქონია მსგავსი მოლოდინი. უნივერსიტეტში სამედიცინო განათლებაზე იყო ორიენტირებული. მისი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა 2017 წელს, ჰაუარდის უნივერსიტეტის ჰოუმქოუმინგის დღესასწაულზე, როდესაც მას ქუჩის სტილის ფოტოგრაფმა ფოტო გადაუღო. ფოტო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და მეორე დღეს უკვე რამდენიმე სააგენტო დაუკავშირდა ანოკს.

ანოკ იაის კარიერაში განსაკუთრებული მნიშვნელობა 2018 წელს ჰქონდა, როცა მილანში პრადას ქალთა კოლექციის ჩვენების გახსნა სწორედ მას ანდეს. Prada-ს ისტორიაში ანოკი იყო მეორე შავკანიანი მოდელი, რომელსაც ასეთი პასუხისმგებლობა დააკისრეს, პირველი კი ნაომი კემპბელი იყო 1997 წელს.

შემდეგ წლებში იყო ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა Saint Laurent, Balmain, Prada და Estée Lauder, რაც მის გლობალურ სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს. პოდიუმზე მას ხშირად ანდობენ ჩვენებების გახსნას Versace, Mugler და Valentino. მისი სახელი დღეს თანამედროვე მოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფერენსად იქცა.

ანოკ იაის გზა ემიგრანტი ოჯახიდან მოდის საერთაშორისო სცენამდე არ არის დრამატული მონათხრობი. ეს არის გამართლებისა და სიტუაციის სწორად გამოყენების ისტორია. სუპერ მოდელს გარემოებებმა, რომელშიც გაიზარდა, პასუხისმგებლობა და სიმტკიცე ჩამოუყალიბა. სწორედ ამ თვისებებმა მისცა საშუალება თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში შესაძლებლობები ზუსტად შეეფასებინა და სწორად გამოეყენებინა.

დღეს ანოკ იაი მსოფლიოს მოდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. მისი ისტორია კი კარგი შეხსენებაა, რომ თუკი ძალიან გაგიმართლათ და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.