მოდაში 90-იანების სტილი ბრუნდება და ამ სეზონზე ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა. კაპრი შარვლები, კოპლებიანი სამოსი, იასამნისფერი, კუბოკრული პრინტი, „იზაბელ მარანტები“ და დაბალწელიანი ჯინსები ისევ აქტუალურია. მილენიალებისთვის ეს მათი თინეიჯერობის ესთეტიკაა, Gen Z-ისთვის კი ახალი ტრენდი.
TheDiary-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 90-იანების ტოპ ტრენდებს, რომლებსაც უკვე ყველგან ვხედავთ: ქუჩის სტილში, მოდის ჩვენებებზე და TikTok კრეატორების ფიდზე.
„იზაბელ მარანტები“
ქუსლიანი სპორტული ფეხსაცმელი, ე.წ. „იზაბელ მარანტები“, Gen Alpha-სა და Gen Z-ის ერთ-ერთი ფავორიტი ტრენდია.

ბაზარზე ბევრი განსხვავებული მოდელია, თუმცა Isabel Marant-ის ვერსიები კვლავ აქტუალურია. ტრენდი იმდენად პოპულარულია, რომ Puma-ს მსგავსმა ბრენდებმაც დაიწყეს საკუთარი მოდელების გამოშვება, რომლებიც Marant-ის ფეხსაცმელს კონკურენციას უწევს.
ბენდენა
ბენდენა 90-იანების გარდერობის კლასიკური დეტალია და ბოლო სეზონებზე მას სულ უფრო ხშირად ვხედავთ it გოგოების სტილში. თავზე, კისერზე, ჩანთაზე: ბენდენა ყველგანაა.

ზოი კრავიცი, „ეიფორიას“ ვარსკვლავი ალექსა დემი და კიდევ ბევრი ცნობილი სახე მას ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ აქსესუარად ატარებს.
კაპრი შარვლები
ამ სეზონზე დღის წესრიგშია კაპრი შარვალიც. ის Khaite-ის, Jacquemus-ისა და Colleen Allen-ის ჩვენებებზე ვიხილეთ, რაც შემდეგ ქუჩის სტილში სწრაფად დამკვიდრდა.

კაპრი შარვლის დაბრუნება შემთხვევითი არ არის. 2026 წლის ზაფხულში ის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. სიმართლე გითხრათ? ეს ის ტრენდია, რომლის დაბრუნებასაც ამ სეზონზე ყველაზე მეტად მივესალმებით.
კოპლები
კოპლები კლასიკაა. 2025 წელს ეს პრინტი განსაკუთრებით აქტუალური გახდა და აქტუალობას არც 2026 წელს კარგავს.

ზაფხულში კოპლები ყველაფერს უხდება: კაბებს, შარვლებს, ქვედაბოლოებსა და საცურაო კოსტიუმებსაც კი. კოპლები მრავლად ვიხილეთ მაღალი მოდის ჩვენებებზეც: ალტუზარას შემოდგომის კოლექციაში da ჟაკემუსის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზეც.
დაბალწელიანი ჯინსი
დაბალწელიანი ჯინსები დაბრუნდა და ზოგადად, ჯინსი 2026 წლის გარდერობის ერთ-ერთი მთავარი ნივთია.

90-იანი წლების პოპკულტურიდან წამოსული ჯინსი 2026 წელს სხვადასხვა ფორმით ბრუნდება: ტანზე მომდგარი, თავისუფალი, განიერი ან დაბალწელიანი. ზაფხული წინ არის, ასე რომ არჩევანი თქვენზეა. ჯინსი თითქმის ყველაფერს უხდება და ყოველთვის აქტუალურია. ზოგჯერ ერთი კარგი დაბალწელიანი ჯინსი და თეთრი „შევარდნაძე“ მაისურიც კი საკმარისია იდეალური სტილის შესაქმნელად.