
დაიმახსოვრეთ! პირველ რიგში, საყვარელი ადამიანებისთვის საუკეთესო საჩუქარი თავად ხართ! თუმცა, ნაძვის ხის ქვეშ სიმბოლური, კრეატიული, თუ პომპეზური საჩუქრის მოთავსების მსურველებს, საახალწლო შეფუთვის გამორჩეულ იდეებს მაინც შემოგთავაზებთ. შესაფუთი ქაღალდების, ლენტების, სტიკერების, თუ სხვა ატრიბუტების შეძენა სულაც არაა აუცილებელი. სახლში მიმოფანტული, გამოუყენებელი წვრილმანებიც გამოგვადგება.

მარადმწვანე ხის ტოტი
მწვანე დეტალი ყოველთვის მომგებიანია. შეგიძლიათ საჩუქარი პერგამენტის ქაღალდით შეფუთოთ, ფერადი ძაფით გადაახვიოთ და პატარა ტოტი დაამაგროთ.

ხელნაკეთი სტიკერები
საოფისე ფერადი ქაღალდებზე, ან დაჭრილ ქაღალდზე კრეატიული წარწერები ფლომასტერით გააკეთეთ და ქაღალდში შეფუთულ საჩუქარს დააკარით.

ხელით შეღებილი ქაღალდი
თაბახის ფურცელი შესაფუთ ქაღალდად მარტივად შეგიძლიათ გადააქციოთ. ამაში ნებისმიერი სახატავი საღებავი, ან თუნდაც ფრჩხილების ლაკი გამოგადგებათ. სუფთა ფურცელზე თქვენთვის სასურველი ფიგურები დახატეთ, საჩუქარი კი მსხვილი ძაფით გადაახვიეთ.

ნაძვის ხის ძველი სათამაშოები
ნაძვის ხის სათამაშოების ნაკრებიდან ეულად დარჩენილი ბურთი, ძველი ზანზალაკი, ან მსგავსი დეკორაცია ყველას მოგვეპოვება, რომელიც საჩუქრის შეფუთვაში შეგვიძლია განსხვავებულ აქცენტად გამოვიყენოთ.

გირჩი
მუყაოს ქაღალდი, კანაფის ძაფი და 1-2 პატარა გირჩი ყოველთვის მომგებიანი კომბინაციაა.

ძველი გაზეთები
კრეატიული შეფუთვისთვის ძველი გაზეთი და მკვეთრი ფერის ბაფთაც საკმარისია.

დარიჩინის ჩხირები
სურნელოვანი ჩხირები საჩუქრის გახსნის პროცესს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის. გირჩევთ დარიჩინი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შეფუთვაში გამოიყენოთ.