#კინო

უხილავი თამაში - ზაფხულის დიდი ქართული პრემიერა

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

 

სად არის სოფია გილგა?

ეს კითხვა უტრიალებთ გონებაში ახალი ქართული ფსიქოლოგიური ტრილერის პერსონაჟებს. სულ მალე კავეა პლუსზე ახალგაზრდა ქართველი მწერლის, მარი ბექაურის წიგნის ეკრანიზაციის პრემიერა შედგება. პირველად ქართული კინოს ისტორიაში, ვარსკვლავური შემადგენლობის მრავალსერიიან მხატვრულ ფილმს ვიხილავთ.

წიგნის სიუჟეტი ორი მწერლის, უკვე ცნობილი ნიკოლოზ მეშისა და დებიუნტანტ სოფია გილგას, გარშემო ვითარდება. გამომცემლობაში ისინი ერთდროულად მიდიან და ორივე რომანის დაწერას აპირებს. პირველი – მომავლის სამყაროსა და რობოტების მიერ შექმნილ ადამიანზე, მეორე – გაუჩინარებულ ფსიქიატრზე, რომლის ძიების პროცესშიც ბევრი უჩვეულო მოვლენა ხდება. ამ ვიზიტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ცნობილი მწერალი სულ სხვა წიგნს გზავნის. დებიუტანტი სოფია გილგა კი დირექტორს ეუბნება, რომ უჩვეულო ისტორია გადახდა თავს, რის გამოც წიგნის დაწერას ვეღარ შეძლებს და ზუსტად იმავე ამბავს ჰყვება, რაც დირექტორმა რამდენიმე დღით ადრე მეორე მწერლის წიგნში წაიკითხა.

 

აღმასრულებელი პროდიუსერის, ანა დავითაიას თქმით, სცენარი წიგნის სიუჟეტს სიზუსტით არ მიჰყვება, თუმცა ბუნებრივია, ამბისა და პერსონაჟების დიდი ნაწილი იგივე რჩება. მრავალსერიიან მხატვრულ ფილმზე მუშაობა წელიწად ნახევრის წინ დაიწყეს და მის შესახებ ამბებს გზადაგზა ვიგებდით.

დღეს უკვე გვაქვს ტრეილერი და მსახიობების სიაც ცნობილია. სოფია გილგას როლს ნინა ლორთქიფანიძე, ხოლო ნიკოლოზ მეშისას - გივიკო ბარათაშვილი შეასრულებენ. გამომცემლობის დირექტორის როლში ნინო კასრაძეს ვიხილავთ, რედაქტორად კი თემიკო ჭიჭინაძე მოგვევლინება. ასევე ვიხილავთ მურმან ჯინორიას, ეკატერინე დემეტრაძეს, კახა კუნწურაშვილს, ანუკი ბუბუტეიშვილს, გიორგი მახარაძეს, მაკა ჩიჩუასა და სხვა უამრავ ნიჭიერ ქართველ მსახიობს.

 

"უხილავი თამაშები კაცობრიობის გაჩენის დღიდან მეორდება. სამყაროში ყველაფერი ციკლურია. ნებისმიერი რამ, რაც ხდება, უკვე მოხდა და ისევ მოხდება", - ტრეილერს სოფია გილგას ეს ფრაზა და დაძაბული, მისტიკური გარემო გასდევს ფონად. 

ფილმს ორი რეჟისორი ჰყავს. სოსო ბლიაძემ და გიორგი ქადაგიძემ, პირველ ქართულ ფსიქოლოგიურ ტრილერზე ერთად იმუშავეს. ჩვენ კი დაველოდოთ პრემიერას და გავიგოთ, რა დაემართა სოფია გილგას, ვისი ხელი ურევია ამ ამბავში და რომელ უღრან ლაბირინთში შეგვიძღვება "უხილევი თამაში".

ზევით