#მუსიკა

Universal Music-მა TikTok-დან ტეილორ სვიფტის, ჰარი სტაილსის და სხვა შემსრულებლების სიმღერები ამოიღო

გაზიარება:

Universal Music Group-მა, უმსხვილესმა მუსიკალურმა კორპორაციამ მსოფლიოში, TikTok-დან ათიათასობით სიმღერა ამოიღო. 30 იანვარს, მუსიკოსებისა და კომპოზიტორებისთვის მიწერილ ღია წერილში, UMG-მ განაცხადა, რომ მათ TikTok-თან ახალ სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ახალი შეთანხმების ძირითადი საკითხები კომპენსაცია, ხელოვნური ინტელექტისგან დაცვა და ონლაინ უსაფრთხოება გახლდათ. ღია წერილში Universal Music Group-მა ბულინგზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, „რამდენად ცოტას უხდის TikTok-ი შემსრულებლებს და სიმღერების ავტორებს, მუდმივად მზარდი სამომხმარებლო ბაზის და რეკლამიდან მიღებული მზარდი შემოსავლის მიუხედავად". 

UMG-მა განაცხადა, რომ მათ ეკისრებათ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მათი შემსრულებლების მიმართ. „ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი არტისტებისა და სიმღერების ავტორებისთვის და მხარს ვუჭერთ მუსიკის შემოქმედებით და კომერციულ ღირებულებას“, - ნათქვამი იყო წერილში. 

UMG-ს ამჟამინდელი კონტრაქტი 31 იანვარს ამოეწურა, ვერ მიღწეული შეთანხმება კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმა ასობით შემსრულებლის გარეშე დარჩა. TikTok-დან UMG-მ ამოიღო ისეთი მუსიკოსების სიმღერები, როგორებიც ტეილორ სვიფტიAbba, ჰარი სტაილსიThe Weeknd და ოლივია როდრიგო არიან. ვიდეოები, რომლის მუსიკასაც Universal Music Group ფლობდა, ახლა მხოლოდ დუმილით და წარწერით („ეს ხმა მიუწვდომელია“) დარჩა. TikTok-ის მომხმარებლებმა და მეგავარსკვლავების ერთგულმა თაყვანისმცემლებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება და ეს მხოლოდ დასაწყისია.

Universal Music Group-მა სიმღერების წაშლის გადაწყვეტილება Billboard-თან მიცემულ კომენტარში დაადასტურა და TikTok-ის წარმომადგენლობის მიდგომას „სამწუხაროდ, მოძველებული“ უწოდა. სოციალური პლატფორმიდან არტისტებმა თავიანთი სიმღერები ადრეც ამოიღეს, თუმცა ამ მასშტაბით სიმღერების გაქრობა ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელია. 

მუსიკალური კორპორაციის პასუხად, TikTok-მა UMG, „სიხარბეში“, ცრუ ნარატივსა და რიტორიკაში დაადანაშაულა. „სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ Universal Music Group-მა საკუთარი სიხარბე დააყენა თავისი შემსრულებლებისა და სიმღერების ავტორების ინტერესებზე მაღლა“, - ნათქვამია TikTok-ის განცხადებაში. პლატფორმის წარმომადგენლებმა ისიც აღნიშნეს, რომ მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები არაერთ სხვა ლეიბლთან და გამომცემელთან და რომ UMG ამ გადაწყვეტილებით, მხოლოდ მილიარდობით მომხმარებლისგან შემოსულ „უფასო რეკლამას“ დაკარგავს.

რამდენს უხდის TikTok შემსრულებლებს? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: არ ვიცით. TikTok  არ ასაჯაროებს გაცემულ ჰონორარებს, ვიცით მხოლოდ ის, რომ ანაზღაურება სხვადასხვა ლეიბლთან იცვლება. UMG ამბობს, რომ TikTok-დან მიღებული ანაზღაურება, მისი შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილია და ვიცით, რომ ამ განცხადებით არ ტყუის. Goldman Sachs-ის 2023 წლის Music in the Air ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2022 წლიდან მოყოლებული მუსიკალური ინდუსტრიის ფინანსების ანალიზს ატარებდა, TikTok-მა მუსიკალურ ინდუსტრიას იმ წელს 220 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. რაც 2022 წლის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 6%-ს შეადგენდა. მართალია, TikTok-დან შემოსული თანხა აღემატება YouTube Shorts-დან ან Instagram Reels-დან მიღებულ შემოსავალს, თუმცა ის ამავდროულად ბევრად ნაკლებია Facebook-ის ან თუნდაც Peloton-ის მოგებაზე. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, UMG-ის 2022 წლის შემოსავალი $10,95 მილიარდს შეადგენდა, TikTok-დან მიღებული წილი მისთვის ჯიბის ფულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

UMG TikTok-ის გადასახადებით წლების განმავლობაში იყო შეშფოთებული. 2022 წლის Music Matters კონფერენციაზე, UMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ, სერ ლუსიან გრეინგმა თქვა, რომ ინდუსტრიამ უნდა შეძლოს და თავიდან აირიდოს წარსულის შეცდომების გამეორება (YouTube-სა და MTV-ის ისტორიის მაგალითზე) და სამართლიანი ანაზღაურება შესთავაზოს მუსიკოსებსა და კომპოზიტორებს.

UMG მსოფლიოს სამი ყველაზე მსხვილი ლეიბლიდან ერთ-ერთია. სამივე მათგანს 2022 წლიდან აწარმოებდა TikTok-თან მოლაპარაკებებს. Warner Music Group-მა, რომლის არტისტებს შორის დუა ლიპა და ზაკ ბრაიანი არიან, გასული წლის ივლისში პირველად მოაწერა ხელი TikTok-თან კონტრაქტს. რაც შეეხება Sony Music Group-ს, დიდი სამეულის კიდევ ერთ მოთამაშეს, რომლის არტისტთა რიგებში ბიონსე, Doja Cat, მაილი საირუსი და სხვა ცნობილი შემსრულებლები ერთიანდებიან, TikTok-ის ანაზღაურებით ისიც უკმაყოფილო გახლდათ. 2023 წლის ინვესტორების პრეზენტაციაზე, Sony Music Group-ის თავმჯდომარეს, რობ სტრინგს, სიტყვით გამოსვლისას TikTok-ი არ უხსენებია, თუმცა ყველამ იცოდა, რომ განცხადებაში, სწორედ პლატფორმა იგულისხმებოდა. „მეცნიერული დასკვნა არ არის საჭირო იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ არასაკმარის ანაზღაურებას გვიხდის ზოგიერთი პროვაიდერი“ - აღნიშნა მან.

არავინ იცის, ემუქრება თუ არა TikTok-ს კიდევ ერთი სკანდალი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ლეიბლლისგან, თუმცა UMG-ისგან მიყენებული ზარალი რომ ძალიან დიდია ეს უდავოა.

ზევით