#ლიტერატურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

გაზიარება:

11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება.

თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფასდაკლებით გასაყიდად, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას გამოიტანენ.

საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება - „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა და სხვა აქტივობები. ასევე, მათ ზღაპრების პერსონაჟებად გადაცმული მსახიობები ზღაპრებს მოუყვებიან. ორივე დღის განმავლობაში დიდ ეკრანზე ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება.

ასევე, 12 დეკემბერს საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან, ხოლო მე-3 პავილიონის ეზოში ჯგუფ "არასა" და თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

ზევით