#სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო

გაზიარება:

მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში რჩება. სერბმა სპორტსმენმა 10 იანვარს, ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და ამრიგად ქვეყნიდან დეპორტაცია აიცილა. საქმე ის გახლავთ, რომ  Australian Open-ზე ჩასულ ჩოგბურთელს აუცრელობის გამო 5 იანვარს სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში შესვლის უფლებაც არ მისცა, რის შემდეგაც ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება მელბურნის სასამართლოში გაასაჩივრა. რამდენიმე საათის წინ, სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლემ მესაზღვრის გადაწყვეტილება არაგონივრულად მიიჩნია და მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცა. მისივე მტკიცებით, ჯოკოვიჩს არ მიეცა სათანადო დრო, რათა ვიზის გაუქმების საკითხზე პოზიციის დაცვა შესძლებოდა.

მართალია, ნოვაკ ჯოკოვიჩს მელბურნის მოსამართლემ ავსტრალიაში დარჩენის უფლება მისცა, თუმცა იმიგრაციის მინისტრის, ალექს ჰოუკის განცხადებით, შესაძლოა მსოფლიო მოქმედ პირველ ჩოგანს ხელმეორედ გაუუქმონ ვიზა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვონ.

გასულ წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო. ჩოგბურთელმა COVID 19 ორჯერ გადაიტანა; ჯოკოვიჩი კორონავირუსით პირველად 2020 წლის ივნისში დაინფიცირდა, მეორედ კი 2021 წლის 16 დეკემბერს. როგორც ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, კორონავირუსის გადატანა არ არის საკმარისი საფუძველი ჩოგბურთელის ქვეყანაში შესაშვებად.

გარდა ამისა, სერბი ჩოგბურთელის მეორედ ინფიცირების ვალიდურობა მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ევროპულმა გამოცემებმა გაავრცელეს მამხილებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს (PCR ტესტის თანახმად მეორე ინფიცირების დღეს) ხალხმრავალ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ამ ცნობების გავრცელებას მოჰყვა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, ნამდვილად გადაიტანა თუ არა კორონავირუსი ჩოგბურთელმა მეორედ თუ მან და მისმა გუნდმა ტესტი ავსტრალიაში მოსახვედრად გააყალბეს.

სანამ ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიაში დარჩენის ბედი ჯერაც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, ავსტრალიის სლემის პირველი ჩოგანი და  Australian Open-ის 9 ტიტულის მფლობელი ქვეყანაში რჩება, ღია პირველობა კი 17 იანვარს დაიწყება.

ზევით