#MBFW TBILISI

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს განცხადება

გაზიარება:

რამდენიმე დღეა სოციალურ მედიაში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მიმართ სხვადასხვა სახის განცხადება ვრცელდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოდის კვირეული ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ქართული მოდის და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას, კერძოდ: ქართველი დიზაინერების, მოდელების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ხელს უწყობს 2015 წლიდან. ჩვენი ძალისხმევით ამ პერიოდში ქართული მოდის ინდუსტრიამ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და აღიარება მოიპოვა.

სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის Covid-19 გამოწვევებმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს სექტორს. ექსტრემალურ ვითარებაში ჩვენმა გუნდმა შეძლო მოდის კვირეულის ორგანიზება ციფრულ ფორმატში, ისევე როგორც წამყვანმა საერთაშორისო მოდის კვირეულებმა. 

ამ პერიოდში გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც მეტ კომუნიკაციას, ჩართულობასა და თანამშრომლობას საჭიროებს.

სამწუხაროდ, სოციალურ მედიაში ჩვენს მიმართ უამრავი ცილისმწამებლური განცხადება მოვისმინეთ.

აქვე განგიმარტავთ, ყველა წამოჭრილი პრობლემა და საკითხი განხილული უნდა იყოს კომუნიკაციის სხვა ფორმატსა და ჭრილში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მოდელებზე პასუხისმგებელ სააგენტოს და დამქირავებელ დიზაინერს შორის. კერძოდ, რა პირობებით და რა მოთხოვნებით (ჰონორარი, კვება, ტრანსპორტირება, სამუშაო გრაფიკი და ა.შ) იმუშავებს მოდელი მოდის კვირეულსა თუ სხვა ღონისძიებებში.

მოგეხსენებათ, მოდელები სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან დიზაინერებთან და სამოდელო სააგენტოებთან, შესაბამისად გამოვლინდა გარკვეული ტიპის ხარვეზები, რაც ხელის შემშლელი აღმოჩნდა სამუშაო პროცესში.

ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მზად ვართ ხელი შევუწყოთ თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ჩვენს ბიზნესში, მათ შორის, შრომითი უფლებების და უკეთესი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვითვალისწინებთ კრიტიკულ მოსაზრებებს და ამ ყოველივეს გამოვიყენებთ ამ სფეროს განვითარებისთვის და გავაგრძელებთ ქართული მოდის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

პატივისცემით,

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi"

ზევით