#მოდა

კორტნი კარდაშიანის 3-დღიანი იტალიური ქორწილი და ერთხმად არჩეული Dolce & Gabbana

გაზიარება:

გასულ უქმეებზე, კორტნი კარდაშიანმა და ტრევის ბარკერმა რიგით მესამედ, თუმცა ყველაზე ზღაპრულად იქორწინეს. The Poosh-ის დამაარსებელმა და  Blink-182-ის დრამერმა საქორწინო წვეულებას პორტოფინოში, იტალიაში უმასპინძლეს.

პატარძალს Dolce & Gabbana Alta Moda-ს აბრეშუმისა და მაქმანების ტანდემით შექმნილი კორსეტიანი კაბა ამშვენებდა, რომელიც 1960-იანი წლების იტალიური თეთრეულით გახლდათ შთაგონებული. კორტნის ფატა მთლიანად ხელით იყო მოქარგული, ფერადი ყვავილები პორტოფინოს ფერადი ბაღების გამოძახილი იყო, ღვთისმშობლის გამოსახულება კი ბარკერის ტატუს მიხედვით შექმნილი რელიგიური იკონოგრაფიის ასლია, რომელსაც ტრქსტიც ახლავს თან: ოჯახი, ერთგულება, პატივისცემა.

ქორწილი ვილა ოლივეტაში შედგა, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას იდილიური მამულში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი ხედებით, მშვენიერი ბაღებითა და რომანტიკული ბილიკებით გამოირჩეოდა. რაც შეეეხება კორტნისა და ტრევისის საქორწინო თემატიკას, ბუნებრივია ის მაქსიმალიზმით იყო გაჯერებული, იმ ყველაფრით, რასაც კარდაშიან-ჯენერები უკვე ათწლეულებია ასხივებენ.

Dolce & Gabbana-ს სამოსი, ისევე როგორც მოდის სახლის დამფუძნებლების სასახლე, მოვლენათა მთავარი ჯაჭვი გახლდათ, დიზაინერებმა არამხოლოდ კორტნის, არამედ ოჯახის თითოეული წევრის ჩაცმულობაზე საგულდაგულოდ იზრუნეს და ქორწილი ერთ დიდ სანახაობად აქციეს, რომელიც სავსე იყო კორსეტებით, ყვავილების პრინტებითა და რაც მთავარია ფერებით.

ქორწილს წინ ახლდა რამდენიმედღიანი Dolce Vita-სეული ვოიაჟი, რომელიც პარასკევს დაიწყო და კვირას გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წარმოგიდგენთ კარდაშიან-ჯენერების 3-დღიანი იტალიური მოგზაურობის საუკეთესო მომენტებს.

ზევით