#კულინარია

კომპანია Native Racha-მ პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტების დეგუსტაცია გამართა

გაზიარება:

29 ივნისს Native Racha-ს პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტების დეგუსტაცია „ბაზარი ორბელიანზე“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 20 სახეობის, თანამედროვე მეთოდით დამუშავებული ტრადიციული პროდუქცია. კომპანიამ  სახელმწიფო სტრუქტურების, სხვადასხვა ორგანიზაციის, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, Native Racha-ს დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა, დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართა და კომპანიის განვლილი გზის, მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.   

„განვითარება იწყება ტრადიციიდან. Native Racha-სთვის სწორედ ამ ტრადიციების ევოლუციაა მნიშვნელოვანი, რომელთა განვითარებაც ქართული იდენტობიდან უნდა დავიწყოთ, რათა გავაძლიეროთ და განვავითაროთ გასტრო ტურიზმი,“ - აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.

კომპანია Native Racha-მ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე პირობებისა, 2020 წელს წარმატებით მოახერხა ქართულ ბაზარზე დამკვიდრება. დღეს კომპანია მომხმარებელს ქართული ტრადიციული მეთოდით დავარგებული, პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, კერძოდ: 10-ზე მეტი დასახელების რაჭული ლორი; რაჭული კანჭი; ქართული ღორის ხამონი; ქართული ღორის პალეტა; რაჭული სუთი; იმერული დავარგებული ძეხვი; რაჭული ჩორიზო; სვანური ლორი - ხამიშ; 5 სახეობის კუპატი; ზისხორა; ქართული ჯიშის ღორი ლაგაზას 4 სახის პროდუქტი; ფრეშ ხორცი - იგივე სასტეიკე ხორცი და ქართული ღორის ხორცით დამზადებული ხამონი, რომელიც ყველაზე  დიდი პოპულარობით სარგებლობს.  

კომპანიის შექმნის იდეა 2015 წელს, ევროპული ინვესტიციების მოზიდვით დაიწყო, რომლის მიზანიც გადაშენების პირას მყოფი,  ქართული ღორის ჯიშის გადარჩენა და მოშენება იყო. პროექტი ქართულ-ესპანური კომპანია Native Georgian-ის, „საპარტნიორო ფონდისა“ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი თანამშომლობით განხორციელდა.  

უნიკალური ჯიშის რეკუპერაცია-აღდგენის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლებისა და მოწვეული მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიზანი უძველეს ტრადიციებზე დაყრდნობით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქტის შექმნა იყო, რომელშიც მისთვის დამახასიათებელი ყველა გემოვნური თვისება იქნებოდა შენარჩუნებული. პირველი პროდუქტი იყო ტრადიციული რაჭული ლორი, რომელსაც კომპანიამ ახალი სიცოცხლე შესძინა  და ქართულ გასტრონომიაში ახალი სიტყვა თქვა.  სწორედ ამიტომაც კომპანიის სახელწოდებად -  Native Racha შეირჩა.

დღესდღეობით პროდუქცია ორბელიანის ბაზარსა და ყველა დიდ ქსელურ სუპერმარკეტშია  წარმოდგენილი და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

ზევით