#კულტურა

ახალგაზრდულ კინოფესტივალ "თაობას" წელს ქუთაისი უმასპინძლებს

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ქუთაისი 20-26 სექტემბერს ახალგაზრდულ კინოფესტივალ თაობას უმასპინძლებს. თაობა 2018 წლიდან არსებობს და ქართველ ახალგაზრდებს დინამიკურ და თანამედროვე კინოსამყაროში მოგზაურობის შანსს აძლევს. კინოს გაზიარებული სიყვარულია ის, რაც თაობელებს უკვე მეშვიდე საფესტივალო წელია აერთიანებს.

თაობა ჩვენს ქვეყანაში ერთადერთ ახალგაზრდულ პლატფორმას ქმნის, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული ნარატივების განხილვის, ხელოვანებთან დისკუსიების და საერთოდაც, კინოსამყაროს მრავალფეროვნების გავლით, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ფიქრისა და ამბის თხრობის კულტურას ავითარებს.

taoba, კინოფესტივალი თაობა

კინოჩვენებების გარდა, ვორქშოპები, საინტერესო დიალოგები და ლექციები ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ, ფესტივალის მონაწილეები სიუჟეტსა თუ ნარატივის წამყვან ხაზებს სიღრმისეულად განიხილავენ.

mechanical rainbow, taoba, კინოფესტივალი თაობა
თაობა 2023 Mechanical Rainbow-ს კონცერტით დაგვირგვინდა

ფესტივალის მისია ახალგაზრდა აუდიტორიისა და ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებაა. თაობელების ოჯახიც ყოველ წელს იზრდება და ასობით ახალგზრდას უღებს კარს.

ფილმების სიას, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ფესტივალის ჟიური ადგენს. ახალგაზრდების ყოველწლიურად მზარდი ენთუზიაზმი ფესტივალის მთავარი საკვები წყაროა. ანთებული თვალებით, სიახლეებს მოწყურებული მოზარდები მსოფლიოს უამრავი ქვეყნის რეჟისორების ფილმებსა და ქართულ ანიმაციებს ნახავენ. ფესტივალის ბოლოს კი, აუდიტორია საუკეთესო ნამუშევრებსაც გამოავლენს.

კინოფესტივალი თაობა, Taoba film festival
თაობა 2023. კინომცოდნე ლიზა ალფაიძის ლექცია თემაზე "ქალაქი კინოში"

თითოეული ფილმი დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად ირჩევა და ყოველი მათგანი უნიკალური პერსპექტივით, მაღალი შემოქმედებითი ღირებულებითა და საჭირო, აქტუალური გზავნილებით გამოირჩევა. ფიქრის ჰორიზონტის გაფართოება, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობის წახალისება, ხელოვნების სიყვარულის გაზიარება და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება - ეს იმ უამრავ მიზეზთაგან მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ერთად ფესტივალის ღირებულებით სისტემას აშენებს.

ფოტო: Taoba International Youth Film Festival

ზევით