წინანდლის მამულებში ჯაზისა და ღვინის ფესტივალის დრო დგება

ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია და თანამედროვე ჯაზის ჰანგები ერთმანეთს, ტრადიციულად, წინანდლის მამულებში შეხვდებიან. ჯაზისა და ღვინის ფესტივალი უკვე მერვედ, 12 ოქტომბერს ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში ქართული ღვინის 30-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი, Jazz and Wine Festival, Jazz&Wine Kakheti, წინანდალი
ფოტო: გია გოგატიშვილი, JAZZ & WINE Kakheti 2022

აქ ყოველწლიურად, მსოფლიო კულტურის ორი დიადი მემკვიდრეობის, ჯაზისა და ღვინის დღესასწაული ეწყობა. ჩვენმა წინაპრებმა ღვინის დაყენების ტექნოლოგია საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს და დღეს, ქართველი მეღვინეები მსოფლიოში განთქმულ ღვინოს წურავენ, ისეთს, სხვაგან ვერსად რომ ვერ გასინჯავ. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ღვინის მოყვარულებსა და სომელიეებს ქართული გემოების გასინჯვის შანსი ეძლევათ. წინანდალში ყოველ წელს ფესტივალი ქართული ღვინის ისტორიას აცოცხლებს და თანამედროვე მსოფლიოს აჩვენებს, თუ როგორ ღირსეულად გრძელდება 8000 წლიანი ტრადიცია. ფესტივალის ამფითეატრის სცენას 2 საათზე იტალიური ჯგუფი, The Sweet Life Society გახსნის. ჯგუფის რეპერტუარი კლასიკური მელოდიების, ამერიკული ჰიპ-ჰოპის ჰანგებისა და ბრიტანული ბასის დახვეწილი ხმის ნაზავია.

ჯაზი, თავისი იმპროვიზაციითა და საოცარი რიტმებით, ერთი შეხედვით ღვინისგან, როგორც უძველესი ტრადიციისგან შორს დგას. თუმცა, სწორედ ჯაზს შეუძლია გადმოსცეს ის ემოცია და შეგრძნება, რომელიც ღვინის ყოველი ყლუპის შემდეგ, ჩვენს სხეულში ვრცელდება. განა რა უხდება უფრო მეტად ღვინოს გასინჯვის მერე სხეულში გაჩენილ ფეიერვერკებს, თუ არა ჯაზის ჰანგები, რომლებიც ჭიქით ხელში ცეკვას მოგვანდომებს. საღამოს, ფესტივალის სტუმრები ბოლრუმში კოლუმბიელ ედმარ კასტანედასა და შვეიცარიელ გრეგუარ მარეს მოუსმენენ. მუსიკოსები ცნობილი თავიანთი პროექტით, HARP vs HARP გახდნენ, სადაც ედმარი არფაზე, გრეგუარი კი ჰარმონიკაზე უკრავს.

ფესტივალის სცენას დახურავს ფრანგული ჯგუფი Electro Deluxe, რომლის ენერგიული მუსიკაც ჯაზის, ჰიპ-ჰოპისა და ფანკის ელემენტებს აერთიანებს. ჯგუფის წევრები პარიზიდან წინანდალში ქართული ღვინის დასაგემოვნებლად და საოცარი საღამოს ჩასატარებლად მოდიან.

Jazz and Wine Festival, ჯაზისა და ღვინის ფესტივალი, წინანდალი, კახეთი
ფოტო: Rick Mkhitarian, JAZZ & WINE Kakheti 2023

წინა წლის ფესტივალზე იტალიელ სტუმრებს უმასპინძლეს. იტალიელმა შეფმა ტოსკანური კერძებიც მოამზადა და ქართული ღვინით შემთვრალმა სცენაზე იმღერა კიდეც. სასიამოვნო გარემოს გარდა ფესტივალის მთელი ხიბლი ის არის, რომ თითოეული ჭიქა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წარსულის შესახებ ამბავს ჰყვება, ფონად კი საოცარი მუსიკა გასდევს. ფესტივალი ჯაზისა და ღვინის სინერგიას საუკეთესოდ გადმოსცემს. ასე, რომ 12 ოქტომბერს ფესტივალზე შევხვდებით, წინანდლის მამულებში ღვინის არომატებისა და ჯაზის ჰანგებით გაჯერებული ჰაერის სუნთქვას რა სჯობს?!

ზევით