#სპორტი

2024 წლის მარტი ქართული სპორტის თვეა

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

2024 წელი საქართველოს სპორტისთვის წარმატებებით დაიწყო. ჯერ იყო და ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა აღვნიშნეთ, მერაბ დვალიშვილმა კი ჰენრი სეხუდოს, ორი წონის ჩემპიონის, დამარცხებით ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. 

ilia topuria, ილია თოფურია, ქამარი, ufc, ჩემპიონი, გამარჯვებული, el matador, მატადორი

მარტის თვეში სპორტული ჟინი გაორმაგდა. განსაკუთრებული ყურადღება თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემსა და ფეხბურთს უნდა დავუთმოთ. ორივე მათგანი ისტორიული მნიშვნელობის მომენტებით დაგვამახსოვრდება: პირველი ოქრო ქალების ძიუდოში, დიდი სპორტსმენების გაცილება, გუნდური პირველი ადგილი და ქართული ეროვნული ნაკრები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე.

სანამ ძიუდოისტების გამარჯვებაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გაზაფხულის პირველი ტრიუმფატორები - ქართველი ბორჯღალოსნები.

18 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალი პარიზში გაიმართა და პორტუგალიასთან ბრძოლა ქართველების ტრიუმფით დასრულდა. ამ გამარჯვებით ჩვენ ზედიზედ მეშვიდედ გავხდით ჩემპიონები, ხოლო ტურნირის ისტორიაში რიგით მეთექვსმეტე ტრიუმფი მოვიპოვეთ.

რაც შეეხება ძიუდოს: თბილისის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა. მან კარიერაში პირველად მოიგო გრანდ სლემის ოქრო. 24 წლის ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში კანადელი, ჯესიკა კლიმკეიტი დაამარცხა. დიდ გამარჯვებას კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მოჰყვა: ტატამიდან გადასულ ლიპარტელიანს ქართველმა ძიუდოისტმა, თემურ ნოზაძემ ხელი სთხოვა. She said YES! 

ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანმა 2019 წელს მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 22 მარტს კი ის ისევ პირველი ქალი იყო, რომელმაც გრანდ სლემზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

“ყველაფერი გავაკეთე, რომ დღეს ჩემპიონი გავმხდარიყავი და ჩემს კარიერაში მოვიპოვე პირველი გრანდ სლემის ოქროს მედალი, ბევრი ბრინჯაოს და ფინალის შემდეგ”

თბილისში გამართული, ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია ლაშა შავდათუაშვილიც - ყველაზე ტიტულოსანი ძიუდოისტი. მან ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანი 32 წამში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ლაშა შავდათუაშვილი, ძუდო

მძიმე წონიან კატეგორიაში, უპირობო გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა, რომელმაც აზერბაიჯანელი ძიუდოისტი 51 წამში დაამარცხა. მეორე გამარჯვებული ამ კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი გახდა. ლაშა ბექაურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თბილისის გრანდ სლემში გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი მაყურებლის წინაშე პირველ ადგილას დგომა სიამაყის საოცარ გრძნობას ანიჭებს. ევროპის ჩემპიონატი და გრანდ სლემი, მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრძოლისთვის მოსამზადებელ ეტაპად ითვლება.

ლაშა ბექაური

“დასაწყისი საოცარი იყო, იმედია დასასრულიც სასწაული იქნება” - ლაშა ბექაური.

გრანდ სლემზე ძიუდოს ფედერაციამ და გულშემატკივრებმა აქტიური ძიუდოდან გააცილეს საქართველოს ორი ლეგენდა, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. ავთანდილის სახელზე 41 მედალია, 15 ოქროსი, ერთიც მსოფლიო ჩემპიონატის. ძიუდოს ისტორიაში პროფესორის მეტსახელით შევიდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც გასაოცარი კარიერა ჰქონდა.

ძიუდოისტების წარმატების შემდეგ, ფეხბურთის ჯერი დადგა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გადასვლის უდიდესი შანსი ჩავიგდეთ ხელში. საქართველო 2024 წლის ფლეი ოფის ფინალში ლუქსემბურგთან გამარჯვებით გავიდა. 21 მარტს მატჩზე ბუდუ ზივზივაძემ, 8 ნომრის მაისურით, 2 გოლი გაიტანა. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრის წინაშე ილია თოფურია გამოვიდა, თავისი UFC-ის საჩემპიონო ქამრით, და წარმატებები უსურვა ნაკრებს. ხვიჩა კვარაცხელიამ მას ნაკრების ფეხბურთელების ხელმოწერილი მაისური გადასცა საჩუქრად.

26 მარტს, თბილისის დინამო არენაზე ისტორიული მატჩი ჩაინიშნა. საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის თავდაუზოგავი ბრძოლა 120 წუთის მანძილზე გაგრძელდა, რომელიც გოლის გარეშე დასრულდა. პენალტების სერიამ კი გადაწყვიტა, რომ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ, ქართველები წავლენ! 

30 წელზე მეტი ხნის ოცნება ახდა!

მამარდაშვილმა ბერძენი კაპიტნის გოლი მოიგერია. გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა კი ზუსტი გოლები გაიტანეს ბერძნების კარში და აი ასე, ჩვენი ეროვნული ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატზეა! 

ჯერ სად ვართ?! ყველაფერი წინ არის!

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე

ზევით