#WOMEN POWER

Girl Power: 10 ქართველი ქალი საერთაშორისო ასპარეზზე

გაზიარება:

დღეს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და განა რით შეიძლება ვიამაყოთ, თუ არა მსოფლიო ასპარეზზე გაჭრილი თავისუფალი, ძლიერი, მიზანდასახული და წარმატებული ქალებით. სახელებით, რომლებიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს და სახეებით, რომლებიც შეუძლებელია სხვაში შეგვეშალოს,

წარმოგიდგენთ 10 ქართველ მისაბაძ ქალს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზს იპყრობენ.

1. ხატია ბუნიათიშვილი

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 6 წლიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას, ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა და კონცერტები გამართა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია თუ გერმანია. ხატიას არა ერთხელ ერგო პატივი, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დაეკრა.

ხატია ბუნიათიშვილი

2. ქეთი მელუა

ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, განსაკუთრებით პოპულარული ბრიტანეთში გახდა, სადაც ქეთიმ მუსიკალური კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა და მიუხედავად იქამდე არსებული მისწრაფებებისა ამ სფერომ მთელი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ქეთი მელუა

3. ანიტა რაჭველიშვილი

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული ქალია, მას განსაკუთრებული წარმატება 2009 წელს ლა სკალას სეზონის გახსნაზე, კარმენში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ანიტამ, რამდენიმე წლის წინ Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვა, სულ მალე კი მეცო-სოპრანო The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

ანიტა რაჭველიშვილი

4. ნინო სურგულაძე

კიდევ ერთი კაშკაშა მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის კარიერის დასაწყისიც ლა სკალას უკავშირდება, 2002 წელს ნინომ, ჯერ ეპიზოდური შემდეგ კი მთავარი როლიც შეასრულა, ამას მოჰყვა კონცერტები და მოცარტის, ვერდის, ჩაიკოვსკისა თუ ბეთჰოვენის ოპერები. დღეს ნინო მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრში მღერის და საერთაშორისო კრიტიკოსებს თავისი ლამაზი ტემბრითა და არტისტული მონაცემებით ხიბლავს.

ნინო სურგულაძე

5. რუსუდან ფეტვიაშვილი

რუსუდანმა ხელოვნების სფეროს მიმართ ინტერესი და საოცარი ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, პატარა გოგო ჯერ კიდევ 6 წლის იყო, როდესაც თბილისში პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, რამდენიმე წელიწადში კი ნამდვილი შემოქმედი საქართველოს საზღვრებსაც გაცდა და ხელოვნების მოყვარულთა გულები სამუდამოდ დაიპყრო.

6. ელენე გლურჯიძე

კიდევ ერთი ნიჭი, რომელიც ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინეს მსოფლიოში აღიარებული ელენე გლურჯიძეა. ელენე 7 წლის გახლდათ, როდესაც საბალეტო კლასში ჩარიცხეს, მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგში ბალეტის აკადემიაში გააგრძელა სწავლა, მას შემდეგ კი, რაც ელენემ, რუსეთში თავი ბოლომდე ამოწურა, ინგლისის ერონულ ბალეტში ჩაირიცხა და სწორედ აქედან იწყება მისი შეუცვლელი როლი ინგლისის ნაციონალურ ბალეტში.

ელენე გლურჯიძე

7. ლიზა ბათიაშვილი

ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი ლიზა ბათიაშვილი, მევიოლინე მამისა და პიანისტი დედის ოჯახში დაიბადა და თავისი მომავალი პროფესიაც ადრეულ ასაკში აირჩია. ორი წლიდან ვიოლინოზე დაიწყო დაკვრა, ოთხი წლისას კი უკვე მამა ამეცადინებდა. ლიზა გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს კონცერტებს და ენების ცოდნის წყალობით საერთო ენას უცხოელ მუსიკოსებთანაც მარტივად პოულობს.

ლიზა ბათიაშვილი

8. ნათია თოდუა

მართალია, ნათიამ, უმაღლესი განათლება ეკონომიკის განხრით მიიღო, თუმცა მომავალ პროფესიად და ბედნიერების წყაროდ მუსიკა აირჩია. მუსიკალურ კონკურსებში გამოსვლა საქართველოდან დაიწყო, შემდეგ სხვადასხვა უცხო ქვეყანაშიც სცადა ბედი და ბოლოს გერმანულ Voice-ს მიადგა, სადაც ნათიას არნახული წარმატება ხვდა წილად და მეშვიდე სეზონის გამარჯვებულადაც მოგვევლინა.

ნათია თოდუა

9. თაკო ნაცვლიშვილი

მოდის სამყაროში საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფეხი მყარად მოიკიდა, ცნობილი დიზაინერებიდან დაწყებული ქართული სილამაზის მოდელებით დამთავრებული, წარმატება ყოველ ნაბიჯზე მოისმის. ამ ათეულში, არა ერთი წარმატებული ქართველი მოდელის ხილვა შეგვეძლო, თუმცა მათგან თაკო ნაცვლიშვილი ამოვარჩიეთ, გოგონა რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმები ერთი მეორის მიყოლებით დაიპყრო და ქართველ ერსაც სიამაყის შეგრძნება პირველმა გაუღვიძა.

10. სოფო ჭყონია

და ჩვენს ათეულში ბოლო ქალს - სოფო ჭყონიას წარმოგიდგენთ, ქალს, რომელსაც ქართული მოდის სამყაროს განვითარება თამამად შეგვიძლია მივაწეროთ. სოფო ჭყონიას ბიოგრაფია არა ერთი საინტერესო დეტალითაა გამორჩეული, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ მან საზღვრებს მიღმა ცხოვრება, განვითარება თუ კულტურა საქართველოში შემოიტანა და ამას ყოველ ჯერზე ხელახლა იმეორებს, როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა.

 

ზევით